• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

შეინმანი არონ ლვოვის ძე

შეინმანი არონ ლვოვის ძე (5.I.1886, სუვალკი, პოლონეთი - 22.V.1944, ლონდონი) - საბჭოთა რუსეთის ფინანსისტი და დიპლომატი. დაიბადა ვაჭრის ოჯახში,   მეცამეტე შვილი იყო. 1903 დაასრულა კომერციული სასწავლებელი. 1903 წ-დან შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. მიემხრო პარტიის ბოლშევიკურ ფრთას, პარტიულ მუშაობას ეწეოდა ვორონეჟში, კიევსა და ლუგანსკში.  1908 მსახურობდა არმიაში. 1909 წ-დან  მუშაობდა საქმისმწარმოებლად და კლერკად. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ჰელსინკის საბჭოს თავმჯდომარე. 

1917 წ-ის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მუშაობდა სამთავრობო უწყებებში. 1917  აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში. 1918 იყო რუსეთის ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილე. იმავე წელს დაინიშნა რუსეთის ფინანსურ ატაშედ სკანდინავიაში. 1919 მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთის სახელმწიფო ბანკის შექმნაში. 1919 იყო სურსათის სახალხო კომისიის და საგარეო ვაჭრობის სახალხო საბჭოს წევრი, 1920 სურსათის სახალხო კომისრის მოადგილე. 1920 წ-ის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოში საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად. ამ თანამდებობაზე ს. კიროვი შეცვალა. თანამდებობის აღსრულებას 19 ოქტომბრიდან შეუდგა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის და სამხედრო მინისტრის მოადგილეებს, ნ. ქარცივაძესა და გენერალ ოდიშელიძეს. 23 ოქტომბერს რწმუნებათა სიგელი გადასცა მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას. 1920 წ-ის დეკემბერში მწვავე ნოტები გაცვალეს  საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ბოლშევიკთა მოქმედებების გამო. 1921 საქართველოდან ბაქოში გაემგზავრა. შეინმანი და ზოგადად საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში აგროვებდა საიდუმლო დაზვერვით ინფორმაციებს და აწვდიდა ბაქოში განთავსებულ კავბიუროსა და წითელი არმიის შტაბს. 1921 წ-ის იანვარის ბოლოს მოკავშირეთა მიერ საქართველოს დე იურე აღიარება ოფიციალურად მიულოცა საქართველოს მთავრობას. 1921 წ-ის თებერვალში  უარყოფდა საბჭოთა რუსეთის მხრიდან მომავალ რაიმე საფრთხესაც კი.

  საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნდა ადმინისტრაციულ საქმიანობას რუსეთში. 1921 წ-ის ოქტომბრიდან მუშაობდა  საბჭოთა რუსეთის სახელმწიფო ბანკში, იყო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე. 1923-1924 და 1926-1928 წწ-ში იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, 1925 საერთაშორისო ვაჭრობის სახალხო კომისარი. 1929  საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში  მიმდინარე ძალაუფლებისათვის ბრძოლის პროცესში,  ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას. 1929 დატოვა საბჭოთა კავშირი. შემდგომში ეკონომიკური მიმართულებით მუშაობდა საბჭოთა წარმომადგენლობებში ბერლინსა და ლონდონში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საცხოვრებლად დარჩა ბრიტანეთში. მისმა ოჯახმა მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა და დასახლდა ავსტრალიაში. გარდაიცვალა ტვინის   სიმსივნით.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates