• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტოროშელიძე-ორჯონიკიძე მინადორა ეფრემის ასული

ტოროშელიძე-ორჯონიკიძე მინადორა ეფრემის ასული (14. 03. 1879, სოფ. ღორეშა, შორაპნის მაზრა -19. 10. 1967) - ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდგომ სწავლა გააგრძელა ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე (1901), სადაც დაუახლოვდა მარქსისტულ ჯგუფებს, აქვე იქორწინა მალაქია ტოროშელიძეზე. აქტიურად მონაწილეობდა 1905  რევოლუციაში, მიემხრო მენშევიკთა ფრაქციას, მისი მეუღლე კი ბოლშევიკებს. 1906 კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად. 1914 ევაკუაციის წესით დააბრუნეს რუსეთის იმპერიაში. მუშაობდა თბილისის ქალათა კავშირში. იყო თბილისის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, შემდგომ კი პარლამენტის (ეროვნული საბჭოს) წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 სოც-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად (1919-1921). იყო შრომის კომისიის მდივანი და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. არჩეული იყო საქართველოს წითელი ჯვრის გამგეობის წევრად (1918-1921).     

წითელი არმიის შემოჭრისას იყო ფრონტის ხაზზე. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო. 1922-დან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად - “საქართველოს პოლიტიკური წითელიჯვარი”. ორგანიზაციის პირველი ხელმძღვანელის - ელენე მაისურაძის დაპატიმრების შემდეგ, მ. ტოროშელიძე გახდა მისი ხელმძღვანელი. 1924 იძულებით გაასახლეს მოსკოვში და მხოლოდ მენშევიკებთან მუშაობაზე უარის თქმის შემდგომ მისცეს თბილისში დაბრუნების უფლება. მისი ნათესავის სერგო ორჯონიკიძის სიკვდილის შემდგომ მ. ტოროშელიძის მდგომარეობა გართულდა. 1936-ის დეკემბერში ანტისაბჭოთა საუბრების და მენშევიკ გრიგოლ ლორთქიფანიძესთან კონტაქტების ბრალდების საფუძველზე 5 წლით გადაასახლეს ყაზახეთში. ქ. ჩიმკენტის პოლიკლინიკის ექიმად მუშაობდა, როდესაც დააპატიმრეს და 1937  ოქტომბერში „სამეულმა“ გულაგში 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გაასახლეს ჯერ „ტაიშეტლაგში“, შემდეგ ყარაგანდის შრომა-გასწორების ბანაკში (1942-დან). სასჯელის ვადის ამოწურვის შემდგომ კიდევ 3 წლით გაუგრძელა გადასახლება. „სამეულის“გადაწყვეტილებით 1937 დახვრიტეს მისი ოჯახის წევრები: მეუღლე-მალაქია და შვილები ლევან და გიორგი ტოროშელიძეები. გადასახლებიდან 1950 დაბრუნდა.. 1956 მოხდა მისი რეაბილიტაცია.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates