ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა ელეონორა მიხეილის ასული (18. 08. 1875, თბილისი - ?). პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. სწავლობდა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსებზე. მეუღლესთან, ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად დასახლდა სოხუმში, დაიწყო კერძო სკოლის მასწავლებლად მუშაობა და ჩაება სოც-დემ. პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფის საქმიანობაში. მათ 1905 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელთ იგდეს ქ. სოხუმის მმართველობა, ჩამოაყალიბეს სახალხო მილიცია, ბოიკოტი გამოუცხადეს სოხუმის თვითმმართველობას, ხმოსნები აიძულეს გადადგომის განცხადებით მიემართათ ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკისთვის და დაიწყეს საყოველთაო არჩევნებით ახალი თვითმმართველობის ასარჩევად მზადება. 1908-1917-ში ე. მახვილაძე ოთხჯერ იყო დაპატიმრებული.
1919 მარტში აირჩიეს სდრ დამფუძნებელი კრების წევრად, იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი.
საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ ჩაება ანტისაბჭოთა არალეგალურ საქმიანობაში. 1922-ის 13 თებერვალს ჩეკამ დააპატიმრა ძმასთან - კონსტანტინე ტერ-ფარსეგოვთან ერთად. ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს მეტეხის ციხიდან. 1924-ის აჯანყების დამარცხების შემდგომ ე. მახვილაძე აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში. 1926 დააპატიმრა ჩეკამ და გაასახლა ამიერკავკასიიდან. 30-იან წლებში დაბრუნდა გადასახლებიდან და ეწეოდა კერძო პედაგოგიურ პრაქტიკას.