• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე

ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე  (17.XI.1891,  სოფ.ჭყვიში - 17.III. 1959, თბილისი) - პოეტი. განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელსა და  თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1908 გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვ.). სემინარიაში სწავლისას შექმნა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრე და დააარსა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი“. 1909-დან თანამშრომლობდა ჟურნალთან „ფასკუნჯი“. 1910-1911 მუშაობდა სკოლის მასწავლებლად. 1912 საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების: „კოლხიდის“, „მნათობისა“ და „თანამედროვე აზრის“ რედაქციებში. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1912 მონაწილეობა მიიღო გაზეთის „თემი“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა „უხილავი“ მესამე პრემია დაიმსახურა.1914 დაიბეჭდა მისი ლექსების პირველი კრებული.

1918 დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები და თბილისში დაბრუნდა. მისი მონაწილეობით გამოიცა გაზეთები „რევოლუციური ნობათი“ და „შრომა“ და ალმანახი „ლიგეა“. 1918-ის ივლისში მოსკოვში, Правда-ს თანამშრომელთა რეკომენდაციით მიიღეს კომუნისტურ პარტიაში.1918-ის ნოემბერში კონსერვატორიაში გაიმართა ლიტერატურული  მოღვაწეობის 10 წლის აღსანიშნავი საღამო. 1919 ახალდაარსებულ ჟურნალში „თეატრი და მუსიკა“ დაიბეჭდა გალაკტიონის წერილი „თეატრები“. გამოსცა ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“). მონაწილეობდა სახალხო თეატრსა და სახელოსნო კლუბში გამართულ  ლიტერატურულ საღამოებში. სიმონ წეველთან (გაჩეჩილაძე) და რაუდ გოგოხიასთან ერთად ხელმძღვანელობდა  შემოქმედებით გაერთიანებას „პოეტების კარავი“. 1920-ის 3 მარტს გაიმართა გალაკტიონის დიდი შემოქმედებითი საღამო .გაზეთში „ახალი ნაკადი“ დაიბეჭდა ტერენტი გრანელის წერილი გალაკტიონზე. შემოქმედებითი საღამო გაიმართა ოპერის თეატრშიც. ასრულებდა პასუხისმგებელი მდივნის მოვალეობას  ჟურნალში „სახალხო გვარდიელი“. 1921-ი22 - 25 იანვარს ჩატარებულ პოეზიის კონკურსში მოიპოვა პოეტების მეფის ტიტული.12 ივნისს, სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიმართა გალაკტიონის პოეზიის საღამო, რომელზეც სიტყვით გამოვიდა თბილისში მყოფი თითქმის ყველა მწერალი. იმავე წელს შემოქმედების გამოცემათა კოლეგიის წევრად და მწერალთა კავშირის ახალშექმნილი გამგეობის საბჭოს წევრად აირჩიეს.

1921-დან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“,1922-1923 დააარსა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“, იყო „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი.1925 ჟურნალ „მნათობის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა მისი ასი ლექსი. 1927 გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული, 1927 ერთჯერადი გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიც გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსები და წერილები იყო დაბეჭდილი. იმავე წელს ქ. სოხუმში გაიმართა პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო. 1928 მონაწილეობდა მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში, 1929 იმოგზაურა სომხეთში. 1932 მიენიჭა სახალხო პოეტის წოდება. იყო  კულტურის დაცვის პარიზის მსოფლიო კონგრესის პრეზიდიუმის წევრი.1928-1938 აღნიშნა მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 20 და 30 წლის იუბილეები. 1944 მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში, იმავე წელს აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.1943 აღინიშნა მისი დაბადების 50-ე წელი. 1953-1957 ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირის პოეზიის მიმართულებას. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates