• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„შრომა“

„შრომა“ (აგვისტო, 1918 - სექტემბერი, 1922, თბილისი) - ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური  გაზეთი. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის (სოციალისტ-რევოლუციონერთა) პერიოდული ორგანო.  1919 წ-ის 1 სექტემბრიდან  საქ. სოც. რევ. პარტიის საორშაბათო კვირეული გაზეთი. გაზეთს სხვადასხვა დროს რედაქტორობდნენ: 1918, 1919 და 1920 წწ-ში №19-მდე სარედ. კოლეგია: ლეო შენგელაია, ივ. გობეჩია, ი. ნუცუბიძე; 1920 წ-ის დასახელებული ნომრიდან 1921 წ-ის თებერვლამდე რედაქტორი იყო ი. ნუცუბიძე; 1921 ისევ სარედ. კოლეგია; 1922 სარედ. კოლეგია: ლ. შენგელაია, ივ. გობეჩია, ბ. ჩიქობავა. სარედაქციო კოლეგიის წევრთა გვერდით, გაზეთის ძირითად თანამშრომელთა შორის უნდა დავასახელოთ:  გ. ნათაძე, მ. ჩხეიძე, ივ. ბახტაძე, მ. ჭანიშვილი, ა. კაკაბაძე, გ. მეფარიშვილი და სხვ. პროფილიდან გამომდინარე, გაზეთი უმთავრესად პარტიის ამოცანებს ასრულებს და მისი ინტერესის შესაბამისად აშუქებს თანადროულ მოვლენებს. გამოცემის თვალთახედვის არეში ექცევა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, კერძოდ, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. დიდ ადგილს უთმობს საერთაშორისო და შიდა პოლიტიკის, პრესის მიმოხილვას, პარტიებს შორის წინააღმდეგობრივ ურთიერთობების, ეკონომიკის საკითხებს. მუდმივად აშუქებს დამფუძნებელი კრების მუშაობას (ამ თემაზე წერილები ქვეყნდება რუბრიკით „დამფუძნებელი კრება“, მაგ.: 1920, №8, 1921, №1; 1921, №5 და ა.შ.). 1921 წ-ის მე-4 ნომერში ქვეყნდება საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, რომელიც დამფუძნებელ კრებას სოციალისტ-რევოლუციონერებმა წარუდგინეს. გაზეთისთვის პრიორიტეტულ თემათა ნუსხაში შედის სოფლის მეურნეობისა და მიწის საკითხები. მაგ., სტატიაში „ეროვნული დემოკრატია და სოფელი“ (1918, №7, 9, 10, 13), რომელიც „სოფლელის“ ფსევდონიმით (ნიკო ავალიშვილი) ქვეყნდება, საუბარია ქართული სოფლის მდგომარებაზე, გლეხების გასაჭირზე, მიწის საკითხზე და ა. შ. მასში მკაფიოდაა წარმოჩენილი ამ პრობლემებზე  ეროვნულ-დემოკრატების თვალთახედვა. „ეროვნული დემოკრატები სოფლის ხალხს საკუთრების დაცვას პირდებიან. ამით ამაყობენ  ისინი და ამაში ხედავენ თავის უპირატესობას სოციალისტების წინაშე“, - წერს ავტორი. ზოგადად, გამოცემამ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას არაერთი საგულისხმო წერილი მიუძღვნა (მაგ.: „ეკონომიკური პოლიტიკისათვის“, 1921, №2; „ტყვარჩელის ქვანახშირის კონცესია“, 1921, №4 და სხვ.). გაზეთში მწირად,  თუმცა დროდადრო მაინც იბეჭდება მხატვრული ნაწარმოებები: მაგ., ნინო თარიშვილის ლექსი „სექტემბრის დილა“ (1921, №5), ნიკოლოზ მიწიშვილის ლექსები (1921, №8). აქა-იქ გვხვდება განცხადებები და რეკლამები.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates