• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სულხანიშვილი ნიკოლოზ პაატას ძე

სულხანიშვილი ნიკოლოზ პაატას ძე (1871 წ. სოფ. აწყური, თელავის მაზრ. – 03. VIII. 1919. თბილისი). ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის  ერთ-ერთი  ფუძემდებელი, ლოტბარი, გუნდის მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების შემკრები. დაიბადა მუსიკალური ნიჭით, სიმღერის შესრულების ოსტატობით და კახური მოლხენის ტრადიციით სახელგანთქმული ღარიბი აზნაურის ოჯახში. 1878 მშობლებმა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. წკრიალა ხმისა და განსაცვიფრებელი სმენის გამო მეორე წლიდან ჯერ საეკლესიო გუნდში აიყვანეს, შემდეგ სამოციქულოს კითხვაც დაავალეს. მალე საკუთარი სიმღერების წერაც დაიწყო. მის ყველაზე ადრეულ სიმღერად ითვლება დიმიტრი მაჩხანელის ლექსზე შექმნილი „ჩემს საყვარელ სამშბლოს“. 1884 თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფე გახდა, თუმცა ორი წლის შემდეგ დატოვა სასწავლებელი და თელავში დაბრუნდა. მუსიკალური განათლების მისაღებად კვლავ თბილისში გაგზავნეს,  თბილისში, მოსკოვის დიდი თეატრის მომღერალმა - უსატოვმა მოწაფედ აიყვანა. მანვე გააცნო შალიაპინი.  1890 თელავის საულიერო სასწავლებლის ლოტბარი გახდა, საეკლესიო გუნდს ხელმძღვანელობდა და ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა აღნიშნულ სასწავლებელს. სიმღერა - „ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად“, რომელსაც თავის პირველ ნაწარმოებად თვლიდა, ძალიან პოპულარული იყო. გამოჩენილი მომღერლის - ფილიმონ ქორიძის ყურადღება მიიპყრო. 1901 თელავში ექსპედიციისას ჩასულ, ზარაფიშვილთან სტუმრად მყოფი დიმიტრი არაყიშვილი გაეცნო, რომელმაც მისგან ჩაიწერა ხალხური სიმღერები. 1905  რევოლუციური მარში დაწერა და თელავის მოყვარულთა გუნდს ასწავლა. ნაწარმოები საყოველთაოდ ცნობილი გახდა და „თელავიოზა“ ეწოდა. 1908  წარმატებით გამოვიდა ა. წერეთლის შემოქმედებით მოღვაწეობის 50 წლის იუბილეზე და იუბილარს ოდა - „ვაშა აკაკის“ მიუძღვნა.1913 მონაწილეობა მიიღო ლადო მესხიშვილის იუბილეში, დაწერა თავისი საუკეთესო საგუნდო ნაწარმოებები „მესტვირული“, „სამშობლო ხევსურისა“, „გუთნური“. ამავე წ. 05. V. ილიას ძეგლის გახსნაზე გამოვიდა და  თავისი „კახურ ჰიმნი“ შეასრულა. 22. XI. 1916  მისი ინიციატივით ნიკოლოზ ბართაშვილის 100 წლის იუბილე გაიმართა, სადაც პოეტის ცნობილი ლექსის „მერანის“ ტექსტზე შექმნილი თავისი კომპოზიცია შასრულა.                        

მისი მოღვაწეობის უკანასკნელი პერიოდი დამოუკიდებელ საქართველოს უკავშირდება. 1918 თავისუფალი ხელოვანმა და მევიოლინემ ილიკო აბაშიძემ ქართული სამხედრო კავშირის დახმარებით აღადგინა „ქალ-ვაჟთა გუნდი“ და მის ლოტბარად ნიკო სულხანიშვილს მიიწვია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გუნდის მიერ ჩატარებული ეროვნული მუსიკის ორი კონცერტი. მათ შორის პირველი გაიმართა  10.VI. 1918 ქართულ კლუბში, მეორე კი 30 ივნისს თბილისის ოპერის თეატრში. შესრულდა ნ. სულხანიშვილის, ზ. ფალიაშვილის. დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ა. ყარაშვილის და ი. ჯაბადარის ნაწარმოებები. კონცერტებში, გუნდის გარდა მონაწილეობდნენ პირველი ქართველი საოპერო მომღერლები: ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ოლღა კალანდაძე და ვ. ლორთქიფანიძე. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია გუნდებმა: „მესტვირული“, „გუთნური“ და „სამშობლო ხევსურისა“. ერთ-ერთ კონცერტს ესწრებოდა კათოლიკოს პატრიარქი კირიონ II. 1919 დაწერა თავისი უკანასკნელი ნაწარმოები „ღმერთო ღმერთო“ და ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას და ნაძალადევის მუშათა გუნდს ხელმძღვანელობდა. ბოლოს მუშაობდა აკაკი წერეთლის პოემის მიხედვით შექმნილი ხუთმოქმედებიანი ოპერის „პატარა კახის“ საბოლოო ვერსიაზე, რომლის ძირითადი ნაწილიც ჯერ კიდევ 1914უკვე დაწერილი ჰქონდა. გარდაიცვალა   03. XII. 1919 თბილისში. გარდაცვალების დღეს ნოტების ჩემოდანთან ერთად, უკვალოდ დაიკარგა მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ოპერის „პატარა კახი“ პარტიტურაც. ცნობილი შედევრი „დაიგვიანეს“ სწორედ ამ ოპერიდან არის შემორჩენილი. ჩვენამდე კომპოზიტორის მხოლოდ შვიდმა ნაწრმოებმა მოაღწია. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates