• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სიდამონ-ერისთავი ვალერიან

იდამონ-ერისთავი  ვალერიან  ( 20.VI. 1889. ყვარელი -  1943. თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი თვითმყოფადი წარმომადგენელი. სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ა. არხიპოვი, ა. ვასნეცოვი და ნ. კასატკინი (1909-1915). საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასახლდა კახეთში და ასწავლიდა ხატვას თელავში.1915-1916 წწ-ში თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველო“- სთან, რომელიც ს. შანშიაშვილის რედაქტორობით გამოდიოდა, ქმნიდა კარიკატურებს და ჩანახატებს ყოფით და ალეგორიულ თემებზე, მუშაობდა წიგნის დიზაინზე. 1917 იმოგზაურა ერზრუმში, სადაც შეასრულა ადგილობრივი ტიპაჟებისა და ყოფითი სცენების ჩანახატები.

XX საუკუნის 10-იან წლებში მოღვაწე სხვა ქართველი მხატვრების მსგავსად, ვალერიან სიდამონ-ერისთავის უმთავრეს ამოცანასაც ეროვნული ფორმის ძიება წარმოადგენდა. ამ მიზეზით, მან გარკვეული უპირატესობა ისტორიულ თემას უკვე 1910-იანი წლების დასაწყისშივე მიანიჭა. 1910-1920-იან წწ-ში შექმნა ისტორიული ჟანრის არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები: („თამარ მეფე“ (1917წ.), „კრწანისის ბრძოლა“ (1919), „ერეკლე II ბრძოლა ლეკებთან“ (1921). ასევე, აღსანიშნავია, რომ მხატვრის 1920-იანი წლების რამდენიმე გასაოცრად თამამ, სიმბოლური და ალეგორიული მინიშნებებით დატვირთულ ნაწარმოებებში („წითელი მთესველები“, „წითელ ცხენოსანთა შეტევა“, „ბავშვები ბაღში“) აშკარად გამოიხატა ექსპრესიონისტული მიმდინარეობის ნიშნები. ამ მიმდინარეობის განწყობა, რომელიც გარდამავალი სიტუაციისა და სპეციფიკური სოციალური კლიმატის პირობებში, საუკუნის პირველ მეოთხედში ევროპის არაერთი ქვეყნისთვის იყო დამახასიათებელი, ბუნებრივი აღმოჩნდა გამოკვეთილად პატრიოტი მხატვრის ვ.ს.ე-თვისაც. არისტოკრატიული წარმომავლობის მხატვრისათვის ბოლშევიზმი, არა მხოლოდ მისი სამშობლოს დაპყრობას ნიშნავდა, არამედ იმასაც, რომ ამ დრომდე შემორჩენილ ქართულ არისტოკრატიას განადგურება ელოდა.

ვ.ს.ე. ითვლება პირველ ქართველ პროფესიონალ თეატრის მხატვრად. 1922 წ-დან დაიწყო მოღვაწეობა თეატრსა და კინოში. თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილთან, ასევე აფორმებდა სპექტაკლებს რუსთაველის თეატრში („ცხვრის წყარო“, „მზის დაბნელება საქართველოში“). 1923 ზ. ფალიშვილის ოპერა „დაისი“- ს პირველი დადგმის მხატვარია,  1924 წელს კი და დ. არაყიშვილის ოპერისა „შოთა რუსთაველი“. მუშაობდა კინოს მხატვრად (1922-1935). იგი  დაახლოებით 35 ფილმის მხატვარია (რეჟ. ა. ბეკნაზაროვი – „მამის მკვლელი“ (1923); რეჟ. კ. მარჯანიშვილი – „კრაზანა“ (1928), „კომუნარის ჩიბუხი“ (1929); რეჟ. კ. მიქაბერიძის ექსპრესიონისტული, გროტესკული ფილმი – „ჩემი ბებია“ (ი. გამრეკელთან ერთად, 1929); რეჟ. მ. ჭიაურელი – „უკანასკნელი მასკარადი“ (1934) და სხვ. 1925-1943 წწ-ში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში, იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1938 წ-დან). გააფორმა საქართველოს პავილიონი ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენაზე (1938). ვ. სიდამონ-ერისთავს, რომელმაც თავისი შემოქმედებით საფუძველი ჩაუყარა ისტორიული ჟანრის დამკვიდრებას ქართულ ფერწერაში, 1940 მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.  მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს მუზეუმებში: სემ – ხელოვნების მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა); კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის მუზეუმი, თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის მუზეუმი, ასევე არაერთ კერძო კოლექციაში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates