• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე

სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე -(1881. სოფ. თეკლათი, სენაკის მაზრ. 1940. აჟენი) -  ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი,  ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა გლეხის ოჯახში, წლების განმავლობაში პოლიტიკური დევნის გამო ცხოვრობდა შევიცარიასა და ბელგიაში. განათლება ბელგიაში მიიღო.

 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე, მან ხელი მოაწერა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1921-ს, პოლონეთის მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობა „დე იურე“ იცნო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, ი. სალაყაია პოლონეთში (სიმონ სიდამონ-ერისთავის შემდეგ) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იყო.  თავმჯდომარეობდა ვარშავაში არსებულ ქართულ საზოგადოებას. 1920 დაარსდა სპეციალური ორგანო - „ქართული კომიტეტი პოლონეთში“. მას ჰქონდა თავისი სტატუსი, დამტკიცებული პოლონეთის ხელისუფლების მიერ. კომიტეტმა მუშაობა გააგრძელა საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც, 1922 წლის ბოლომდე. მას ხელმძღვანელობდა ს. ყურულიშვილი, ხოლო შემდეგ ი. სალაყაია.                                          

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ი. სალაყაია  საქართველოს დრ-ის მთავრობასთან ერთად, აქტიურად იბრძოდა საქართველოს შელახული უფლებების აღსადგენად. შედიოდა ნ. რამიშვილის თავმჯდომარეობით პარიზში მოქმედ საპროპაგანდო-სააგიტაციო კომისიის შემადგენლობაში. ი. სალაყაია იყო ასევე,  ვარშავის ქართული კოლონიის გამგეობის თავმჯდომარე. 1926 ე. გეგეჭკორთან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სდმპ კონგრესის მუშაობაში, ხოლო, 1933-ის ნოემბერში, ქართული ასოციაციის კრების მუშაობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ჯარების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში, 1940-ს, ის ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ეროვნული მთავრობის მიერ, წარგზავნილი იყო საფრანგეთის დასავლეთში მდებარე, ქ. ანჟეში შეხიზნულ პოლონეთის მთავრობასთან, სადაც გარდაიცვალა. მოგვიანებით, იგი ქ. ანჟედან ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.   მისი მეგობარი, ემიგრანტი ს. ასათიანი ი. სალაყაიას ასე ახასიათებს: „მისი იდეალი: დემოკრატიით სოციალიზმის განხორციელება - საერთო ბედნიერების დამყარება, მისი საყვარელი ერის თანასწორი უფლებებით საერთაშორისო ოჯახის წევრად გახდომა - შეურაცხყვეს და ისიც სასოწარკვეთილებამ მოიცო - ერის დაპყრობას დიდად განიცდიდა.. უწინ მხიარული, საუკეთესო მომავლის იმედებით აღფრთოვანებული, შეუჩერებელი მებრძოლი, დაპყრობის შემდეგ, ძვირად ნახავდით მას მხიარულს, თვით ღიმილიც კი ხატავდა მის მწარე განცდებს. მიუხედავად ათეული წლების გასვლისა - ეს განცდები მასში არ შენელებულა!...“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates