• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის ძე

საბახტარაშვილი  კონსტანტინე ბეჟანის ძე (1884-21.VII.ფოთი  - 1938. 21. VII. პარიზი), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, დიპლომატი,  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი იტალიაში. ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე იყო, როცა რევოლუციურ მოძრაობას შეუერთდა. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მაგრამ 1905-ს, მოსკოვის შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის გამო, იძულებული გახდა მოსკოვი მიეტოვებინა და ფოთში დაბრუნებულიყო. აქ განაგრძო რევოლუციური საქმიანობა, როგორც სოციალ-დემოკრატმა. მოსკოვიდან მოსული ბრძანების თანახმად, ის უნდა დაეპატიმრებინათ, თუმცა მიმალვა მოასწო და საზღვარგარეთ - ჟენევაში გაემგზავრა, სადაც იურიდიული მეცნიერების შესწავლა განაგრძო და უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ჟენევაში იგი ემიგრანტების სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს შეუერთდა.

1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ფოთში დაბინავდა, სადაც რევოლუციურ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდიდან, კ. საბახტარაშვილი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, ხან ხალხის მიერ იყო არჩეული, ხანაც მთავრობის მიერ დანიშნული: იყო ქალაქ ბათუმის განახლებული თვითმმართველობის პირველი ქალაქის თავი. როდესაც ფრონტიდან გამოქცეული, გაბოლშევიკებული რუსის ჯარი ქალაქს არბევდა, ხოლო შემდეგ კი ბათუმი დროებით გამარჯვებულმა ოსმალეთის ჯარმა დაიკავა. კ. საბახტარაშვილს, თავი ღირსეულად ეჭირა; თავგამოდებით ზრუნავდა  ბათუმის მცხოვრებთა ფიზიკურ გადარჩენისთვის. ამ პოსტზე ის დიდი ღირსებით გამოირჩეოდა და ადგილობრივ მცხოვრებთა სათანადო პატივისცემაც დაიმსახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, კ. საბახტარაშვილი  ქვეყნის მშენებლობას აქტიურად შეუდგა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 1918 წელს იყო ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი მცირე ხნით, მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. კ. საბახტარაშვილი, საქართველოს დრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში, იტალიაში წარგზავნილ განსაკუთრებულ მისიას ხელმძღვანელობდა, რომლის მუშაობამ, იტალიის და საქართველოს ეკონომიკურ დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.      

ბოლშევიკური რუსეთის ჯარის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, კ. საბახტარაშვილი უცხოეთში გაიხიზნა და იქ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა. ის შედიოდა ნ. რამიშვილის თავმჯდომარეობით, პარიზში შექმნილ ცენტრალური საპროპაგანდო-სააგიტაციო კომისიის შემადგენლობაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასავლეთის სახელმწიფოების დაინტერესება.. 1921-ის 6-9 ივნისს, კ. საბახტარაშვილი, ს. მდივანთან ერთად, ერთა ლიგის საზოგადოების  მე-5 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა. კონგრესმა  რეზოლუცია მიიღო, რომელიც  ერთა ლიგის საბჭოსა და საერთო ყრილობისგან მოითხოვდა,  მიეღოთ საჭირო ზომები, რათა პრინციპი ხალხთა თვითგამორკვევის უფლებისა საქართველოზეც გავრცელებულიყო. 1932 კ. საბახტარაშვილი ქრონიკული მენინგიტით დაავადმყოფდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხან პარიზის საავადმყოფოებში იწვა, ხან სოფელ ლევილში, თავის ბინაზე.  გარდაიცვალა პარიზში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates