• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რცხილაძე გრიგოლ (გიგო) სიმონის ძე

რცხილაძე გრიგოლ (გიგო) სიმონის ძე (ფსევდ. ზანგი). (1876, სოფ ფანიანი,  სიღნაღის მაზრ. - 1934, თბილისი). პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ, 1902  პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკ-ტი. 1901 მონაწილეობდა მომავალი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის დაარსების პროცესში. 1902-დან მუშაობდა ამ პარტიის მომავალი ცენტრალური ორგანოს, გაზ. „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში, წერდა მოწინავეებს, შესანიშნავ ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. 1906-1907 იყო პარტიის ცენტრალური ორგანოების გაზ. “შრომის“, „მეგობარის“ რედაქტორი, რის გამოც დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იჯდა (1909). მონაწილეობდა პარტიის II კონფერენციაში, რომელმაც დაავალა მას პარტიის პროგრამის შედგენა.  სოც-ფედ. პარტიის III დამფუძნებელმა კონფერენციამ მიიღო გ. რცხილაძის მიერ შემუშავებული პარტიის პროგრამა.  ამავე კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ). პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ასპარეზზე. 1908 აირჩიეს „სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების“ საბჭოს თავმჯდომარედ. მისი რედაქტორობით გამოვიდა ლიტერატურული კრებული „გრდემლი“.                           

1917-ის რევოლუციების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-პოლიტიკურ პროცესებში. იგი კვლავ რჩებოდა სოც.-ფედ. პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად და ერთ-ერთ ლიდერად. 1917 გამოაქვეყნა წიგნი „ამიერკავკასიის თვითმმართველობა“, რომელშიც ასაბუთებდა, რომ ავტონომია, პირველ რიგში გულისხმობს ეროვნული სახელმწიფოს აღდგენას. 1917 აპრილში მონაწილეობდა ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველ სხდომებში. იმავე წლის ნოემბერში მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პირველ ეროვნული ყრილობაზე და განაცხადა რომ  მისი პარტიის მთავარი იდეა იყო ეროვნული ძალების ერთიანობა და „საერთო ნიადაგზე“ დგომა, რაც მაშინ განხორციელდა კიდეც, ეროვნული ყრილობის სახით. ყრილობამ იგი აირჩია ეროვნული საბჭოს თხუთმეტკაციანი აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში, სოც.-ფედ. პარტიიდან. 1918-ის 4 ივნისს შედიოდა დელეგაციაში, რომელმაც აწარმოა მოლაპარაკება და გააფორმა საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება, ფოთში. ამ ხელშეკრულებით ოსმალეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგების ფასად. 1919 მარტში აირჩიეს და იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სოც-ფედ. პარტიის ფრაქციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. შედიოდა 1918 ივნისში ეროვნული საბჭოს მიერ შექმნილი, რესპუბლიკის „საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ თავდაპირველ შემადგენლობაში, რომელიც მალე დატოვა, საზღვარგარეთ დიპლომატიური მივლინების გამო. გ. რცხილაძე იყო პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების აქტიური მონაწილე და შედიოდა უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების გამგეობის შემადგენლობაში. დამოუკიდებლობის ბოლო თვეებში გ. რცხილაძე არჩეული იქნა დამფუძნებელი კრების სოციალისტ-ფედერალისტური ფრაქციის თავმჯდომარედ.                                    

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას  და მუშაობდა ადვოკატად, იურისკონსულტად. 1923  შემოდგომიდან სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აწარმოებდა სამეცნიერო-პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას,    სამოქალაქო სამართლის სფეროში. აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates