• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჟურული  გიორგი დურმიშხანის ძე

ჟურული  გიორგი დურმიშხანის ძე  (22. X. 1865, ბათუმი - 9. X.1951 პარიზი),  საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1886 დაასრულა თბილისის კადეტთა კორპუსი და იმავე წელს გაემგზავრა საფრანგეთში, პარიზის სამთო ინსტიტუტში აგრონომიის შესასწავლად. შემდეგ შევიდა მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1893. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში. იყო გაზეთ ,,ივერიის“ თანამშრომელი (შედიოდა იმ ჯგუფში, რომელიც „ახალგაზრდა ივერიელებად“ იწოდება. არჩეული იყო  ქართული სასკოლო კომიტეტისა და სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრად, ასევე, დრამატული საზოგადოების გამგეობაში. 1897-1903 იყო ცენზორი კავკასიის საცენზურო კომიტეტში, შემდეგ მუშაობდა სამიწათმოქმედო სამინისტროს საშუალო რგოლის მოხელედ. 1903 აირჩიეს ბათუმის საქალაქო გამგეობის წევრად. დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ბათუმის, შემდეგ თბილისის თვითმმართველობაში, იყო ბათუმის ქალაქის თავი (1910-1913 წწ.), თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, გამგეობის წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. თავისი ნაყოფიერი საქმიანობით მან არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელი რუსეთის მასშტაბით, საუკეთესო,  პროგრესული მუნიციპალური მოღვაწის სახელი დაიმსახურა. 1905-1906  ი. ჭავჭავაძესა და ნ. ნიკოლაძესთან ერთად შედიოდა პეტერბურგში წარგზავნილ დელეგაციაში, რომელმაც სახელმწიფო საბჭოსაგან ამიერკავკასიისათვის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოითხოვა. რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში ქმედითი მონაწილეობა მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსებისათვის გაშლილ მუშაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღანელობდა, თუმცა მაშინ პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოყალიბდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, 1908-1910 წწ. სათავეში ედგა საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობას.                                            

1917 შედიოდა ოზაკომთან ჩამოყალიბებული ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს წევრი. 1917 წ. ივნისში, ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე იგი ყრილობის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს. ყრილობამ მოისმინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მისი მოხსენება ,,საქართველოს ფინანსები“. დელეგატებმა გაიზიარეს გ. ჟურულის თვალსაზრისი, რომ ,,საქართველოს ავტონომიის დამყარება და არსებობა ფინანსების მხრივ უზრუნველყოფილია“. გ. ჟურული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული, მოგვიანებით იგი ედპ-ს ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრადაც აირჩიეს. 1917 სექტემბერში მონაწილეობდა საქართველოს საეკლესიო კრების მუშაობაში (იყო კრების ერთ-ერთი თავმჯდომარე), რომელმაც აირჩია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. იმავე წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, არჩეულ იქნა ეროვნული საბჭოს წევრად. 1918  მაისში, როგორც ა/კავკასიის დელეგაციის მრჩეველი, მონაწილეობდა ბათუმის საზავო კონფერენციაში. 1918 წ. 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა აღდგენისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისას, შევიდა მისი პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, როგორც ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. ეს პოსტი მან ნ. ჟორდანიას პრემიერობის პერიოდშიც შეინარჩუნა 1919 მარტამდე, ვიდრე საქართველოს დამფუძნებელი კრება მთავრობას არჩევნებში გამარჯვებული ერთი პარტიის - სოციალ-დემოკრატთა წარმომადგენლებით დააკომპლექტებდა. მისი ფაქსიმილე დაფიქსირებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახაზინო (5%-იანი) ერთწლიანი ვალდებულებების ნომინალებზე, რომლებიც 1919 იანვარში  მოსახლეობიდან ნაღდი ფულადი მასის ამოსაღებად იქნა გამოშვებული. გ. ჟურული 1917 არჩეული იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ყრილობის თავმჯდომარის მოადგილედ, 1919-დან ხელმძღვანელობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს. 1919-1920 წწ. მინდობილი ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა ბათუმში განლაგებულ მოკავშირეთა არმიის სარდლობასთან.        საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის შემდეგ გ. ჟურული, მთავრობის წევრთა ნაწილთან ერთად ემიგრაციაში გაიხიზნა. ცხოვრობდა საფრანგეთში. შედიოდა  რ. გაბაშვილის იმ ჯგუფში, რომელიც 1926 ემიგრაციაში პირველი გამოეყო ედპ-ს და გაზეთ ,,მამულიშვილის“ ირგვლივ დაჯგუფდა. ჰყავდა მეუღლე - ელენე ჟურული და ვაჟი - დურმიშხანი. გ. ჟურული დაკრძალულია ლევილის ქართველთ სასაფლაოზე. გ. ჟურული ავტორია მეტად საინტერესო მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე.                                          

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates