• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჟორდანია-კორენევა ინა

ჟორდანია-კორენევა ინა (1877, სოფ. ბერდინო, ორლოვის გუბ. – 1967, პარიზი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ცოლი. სოციალ-დემოკრატი. დაიბადა მღვდელის ოჯახში. 1902-ს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მომავალი ქმარი 1903-ს პარიზში  გაიცნო. 1904-ს საქართველოში დაქორწინდა ნოე ჟორდანიაზე. ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი პარტიული ფსევდონიმით „თამარი“. ქმართან ერთად აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში.  გარკვეული პერიოდი იყო მენშევიკური ფრაქციის ბაქოს კომიტეტის წევრი, 1905-ს ბაქოში მეფის ჟანდარმერიამ დააპატიმრა, თუმცა ფეხმძიმობის გამო ექიმთა შუამდგომლობით განთავისუფლებული იქნა. რუსეთის მეოთხე დუმის არჩევნების დროს  ხელმძღვანელობდა არჩევნებში გამარჯვებული სოციალ-დემოკრატ მათე სკობელევის საარჩევნო კამპანიას, რის გამოც მას აეკრძალა კავკასიაში ცხოვრება და გადასახლდა მოსკოვში. 

1917-ს თებერვლის რევოლუციის შემდეგ კვლავ აგრძელებდა აქტიურ პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. 1917-ს ბოლოს სოციალ-დემოკრატიული სიით მონაწილეობდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში როგორც მთავრობის თავმჯდომრის მეუღლე აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ოლივერ უორდროპის ცნობით ის ხელმძღვანელობდა „ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისათვის“. ნოე რამიშვილის და აკაკი ჩხენკელის ცოლებთან - მარო რამიშვილთან და მაკრინე ჩხენკელთან ერთად აწყობდა კულტურულ საღამოებს გაჭირვებულთა და ავადმყოფ ბავშვთა დასახმარებლად. ხელს უწყობდა ქალთა განათლების წახალისებასა და სამკითხველოების გახსნას. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წვრი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დამფუძნებელი კრების მანდატით შვილებთან ერთად ემიგრაციაში გაჰყვა მეუღლეს. შემდგომ პერიოდშიც აქტიურად აგრძელებდა საზოგადოებრივ საქმიანობას. ემიგრაციული წრეების გასაძლიერებლად და გაჭირვებულთა დასახმარებლად პარიზში აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს, რომლისგანაც შემოსული თანხებით  ტუბერკულიოზისა და სხვა მძიმე დავადებების მქონე ქართველ ემიგრანტებს ეხმარებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში გახდა წევრი საფრანგეთის სოციალისტური პარტიისა (SFIO). დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates