• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

პაპავა აკაკი

პაპავა აკაკი  (1890. სამტრედია - 27. VII.1964) ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტი. პირველდაწყებითი განათლება სამტრედიაში მიიღო, ჯერ ნიკოლაძის ნორმალურ სასწავლებელშ სწავლობდა, შემდეგ ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ შევიდა იურიევის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. დორპტში სწავლისას რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს.აქვე დააარსა არჩილ ჯორჯაძის სახელობის სალიტერატურო-სამეცნიეროი წრე. ა. პაპავამ ქართული საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიპყრო, როცა საქართველოს ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე, ეწეოდა საზოგდოებრივ მოღვაწეობას. მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართული გაზეთებში: "იმერეთი", , "კოლხიდა", "თემი", "ერი", "თეატრი და ცხოვრება", "პრომეთე", "ლომისი", "სახალხო გაზეთი" და სხვ. 1912 წელს დააპატიმრეს რუსეთში და ადმინისტრაციული სასჯელი მისცეს სოციალ-ფედერალისტთა კონფერენციაში მონაწილეობისათვის. 1914 მონაწილეობდა  საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის მუშაობაში, ხოლო ქართველ მწერალთა საერთო ყრილობამ ა. პაპავა მწერალთა კავშირის მეორე თავმჯდომარედ დანიშნა. I მსოფლიო ომის წლებში ა. პაპავა სამხედრო სამსახურში,  კავკასიის ფრონტზე გაიწვიეს, სადაც აირჩიეს კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოს წევრად.                     

1917-ის რევოლუციამ კავკასიის ფრონტზე მოუსწრო. საქართველოში დაბრუნებული ა. პაპავა იყო ქალაქის საბჭოს ხმოსანი, ქალაქის გამგეობის წევრი, 1918 ის გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. ამ დროს იყო ნაფიცი ვექილის თანაშემწე, ქალაქ ჭიათურაში.        1918-21   მისი           პუბლიცისტური წერილები ქვეყნდებოდა გაზეთ „სახალხო საქმეში“.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ხელძღვანელობდა მწერალთა კავშირის განყოფილებას, რედაქტორობდა ორკვირეულ სახელოვნო–საინფორმაციო ჟურნალ "ხელოვნებას". 1922 ა. პაპავა გერმანიაში, ბერლინში მიემგზავრება. 1923 მას ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. 1949-დან არგენტინაში დასახლდა. ამ პერიოდიდან ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში – "კავკასიონი", "ბედი ქართლისა", „მამული", "სახალხო გაზეთი". წერდა ნოველებს, რომანებს, იყო დრამატურგიც და ისტორიის მკვლევარიც. 1956 ბუენოს–აირესში მეუღლესთან ერთად გამოსცა წიგნი: "მარიამ, უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი".  საინტერესო წერილები მიუძღვნა ა. პაპავამ შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავს. მისი წერილი – "ვეფხისტყაოსანი" და მისი ავტორი" 1966 პარიზში "კავკასიონის" საგანგებო ნომერში გამოქვეყნდა.განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიქვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში. მათ შორის თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც ა. პაპავა  ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს  – ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს.                                                 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates