• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

პავლე - ეპისკოპოსი

პავლე - ეპისკოპოსი (ერისკაცობაში პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) (1. V. 1888, შორაპნის მაზრა, სოფ. ხრეითი – 3 XI. 1929, თბილისი). ბავშობიდანვე გატაცებული იყო სასულიერო წიგნებით, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის სურვილით, სხვადასხვა მონასტრებში იყო მორჩილი, წიგნის მკითხველი. ქუთაისის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1906 გაემგზავრა ათონზე, სადაც 1907-ის 18 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პავლე. 1910 დაბრუნდა საქართველოში, სადაც გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად შიომღვიმის მონასტერში.                                                                            

 1918 ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა პავლემ საბუთები შეიტანა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.                             

1921-ის 25 თებერვლის შემდეგ, როცა ბოლშევიკებმა დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა, საეკლესიო სიწმიდეების შეურაცხყოფა. მღვდელმონაზონმა პავლემ მიატოვა უნივერსიტეტი და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წინამძღვრის მოადგილედ დაბრუნდა. იგი ამხნევებდა მრევლს და ცდილობდა მათში სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარულის შენარჩუნებას. ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარების თბილისში შემოსვლამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, საეკლესიო განძი და სიწმინდეები სასწრაფოდ განერიდებინათ თბილისიდან. კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ არქიმანდრიტ პავლეს და ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე) დაავალა ქუთაისში გაჰყოლოდნენ განძს და დაებინავებინათ იგი ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში. ბოლშევიკებმა ერთი სულმოკლე ადამიანის მეშვეობით მიაგნეს განძს, ამოიღეს და დაიტაცეს. არქიმანდრიტი პავლე 1924-ის მარტში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად გასამართლებულ იქნა. ბრალდების შინაარსი ასეთი იყო _ რატომ არ აცნობა მან საბჭოთა ხელისუფლებას განძეულის ადგილსამყოფელის შესახებ. არქიმანდრიტმა პავლემ სასამართლოზე განაცხადა, რომ იგი ასრულებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი ლეონიდეს ლოცვა-კურთხევას და იცავდა პატრიარქისათვის მოცემულ სიტყვას განძეულის ადგილსამყოფელის საიდუმლოდ შენახვის შესახებ. სასამართლომ მას პირობითი სასჯელი შეუფარდა. 1924-ის 18 აპრილს შეიკრიბნენ დაპატიმრებას გადარჩენილი საკათალიკოსო საბჭოს შემადგენლობა. მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტი პავლეს ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. მას ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი პავლე იყო გაწონასწორებული, მიუკერძოებელი სასულიერო პირი. ეპისკოპოსი პავლე არაერთხელ დაასახელეს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის გამო მას არ შეეძლო ამ დიდი ტვირთვის ზიდვა. 1928-ის 26 მარტიდან იყო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი. აფხაზეთის ნოტიო ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მასზე, რის გამოც დააბრუნეს სვეტიცხოველში, სადაც იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ახერხებდა თავისი მრევლისათვის გაეწია სულიერი შემწეობა. მრევლი დიდად აფასებდა მის სიწმინდესა და უბრალოებას. ეპისკოპოსი პავლე დაბრუნდა სვეტიცხოველში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1929-ის თებერვალში იგი სამკურნალოდ ალექსანდრეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა. დაიკრძალა სვეტიცხოვლის ეზოში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates