• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა

სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. დამოუკიდებელი საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რსდმ პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის სახელით ეროვნული სახელმწიფოს მართვა კურიოზულ ფაქტად რჩებოდა. აუცილებლობა პარტიის სახელწოდების შეცვლას   მოითხოვდა. ეს საკითხი, რსდმ პარტიის ამიერკავკასიის მერვე საოლქო ყრილობის (1918-ის 11 ნოემბერი) საგანგებო მსჯელობის საგანი გახდა. ყრილობა შესავალი სიტყვით ს.ჯიბლაძემ გახსნა. ყრილობას გადამწყვეტი ხმით 85, ხოლო სათათბიროთი 4 დელეგატი ესწრეbოდა. ყრილობამ თავმჯდომარედ ნ.ჩხეიძე აირჩია, მოადგილეებად  დ. ონიაშვილი და ალ.ლომთათიძე. პირველსავე სხდომაზე პრინციპულად დაისვა საკითხი, ყრილობის ქართულ ენაზე მუშაობის შესახებ. რაც შეეხება არაქართველ დელეგატებს, მათთვის რუსულად თარგმნილი მომხსენებელთა თეზისების დარიგება უნდა მომხდარიყო.  უკვე მოქმედებდა ეროვნული საბჭოს 1918-ის 1 ოქტომბრის კანონი, სახელმწიფო ენის შესახებ.   ეს ფაქტი, ქართველი სოციალ_ დემოკრატიის მესვეურებს, პოლიტიკური მსოფლმხედველობის გადასინჯვასთან ერთად, მათი საქმიანობის ეროვნული სახელმწიფოს ინტერეცებისადმი დაექვემდებარებას ავალებდა. ამ დიდი პასუხისმგებლობით იყო დატვირთული ნ.ჟორდანიას ყრილობაზე გაკეთებული მოხსენება. მან იმ ძირითადი მიზეზების შესახებაც გაამახვილა ყურადღება, რამაც ყრილობის მოწვევა და პარტიისადმი სახელწოდების შეცვლის აუცილებლობა მოითხოვა. მანვე დააყენა საკითხი პარტიის მმართველი ბირთვის მიერ წარსულში შემუშავებული დებულებების გადახედვის და დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებისადმი მორგების აუცილებლობის შესახებ. ნ.ჟორდანიასეული ეს პათოსი, იმავე ყრილობის დელეგატის ფირუმოვისადმი მიუღებელი აღმოჩნდა. მან ნ.ჟორდანია ნაციონალიზმში დაადანაშაულა და მისი პოზიციის უარყოფისკენ მოუწოდა. საპასუხო სიტყვაში, ნ.ჟორდანიამ დადებითად შეაფასა ქართველი სოციალ_ დემოკრატების პოლიტიკური კურსი და ოპონენტების მისამართით განაცხადა: „დემოკრატიული წყობილების აშენების დროს  ჩვენ გვიხდება მოქმედება ნაციონალურ ფარგლებში... ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ბრიყვი კოსმოპოლიტები... თუ რაიმეს გაკეთება შეუძლებელი ხდება ფართე მასშტაბით, მაშინ ის გაკეთებული უნდა იქნას ვიწრო ფარგლებში“.  ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჟორდანიასეულ ფორმულირებებზე იყო დაფუძნებული. ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობის პოზიციით იყო განხილული აგრარული საკითხი (მომხსენებელი ნ. ხომერიკი); .ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების პრობლემები (კ. კანდელაკი); გ.ერაძის, რ. არსენიძის და სხვ. ყრილობის 18 ნოემბრის სხდომაზე, ნ.ჩხეიძემ საბოლოო სიტყვაში ეროვნული ნიშნით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამ ნაწილად გაყოფაზე გაამახვილა ყურადღება და გამოთქვა იმედი, რომ ამიერკავკასიის განცალკევებული რესპუბლიკების სოციალ-დემოკრატიული პარტიები ერთმანეთთან თანამშრომლობას გააგრძელებდნენ.

რამდენადაც აღნიშნული ყრილობის მსჯელობის ობიექტს საქართველოს რესპუბლიკა წარმოადგენდა, ხოლო დელეგატთა 99 %-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ, პარტიის მიმართ - „რსდმ პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის“ და  ყრილობის სახელწოდება, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ყრილობის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყრილობად უნდა ჩათვლილიყო და პარტიულ ორგანიზაციასაც სახელწოდება უნდა შეცვლოდა. . ამიერკავკასიის VIII საოლქო ყრილობის დამთავრების მეორე დღესვე, 1918-ის 19 ნოემბერს, გაიხსნა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.  მას დაესწრო 76 დელეგატი. ყრილობამ თავმჯდომარედ ნ.ჩხეიძე აირჩია. მოადგილეებად ალ.ლომთათიძე და დ.ონიაშვილი; საპატიო თავმჯდომარეებად: ნ.ჟორდანია, ირ.წერეთელი, ს.ჯიბლაძე და ნ.რამიშვილი. ყრილობამ პარტიის სახელწოდების საკითხი განიხილა და დაადგინა: „1. დღეიდან ჩვენი პარტია იწოდება საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიად, 2. რსდმ პარტიის ამიერკავკასიის მერვე საოლქო ყრილობის რეზოლუციები მიღებულია სავალდებულოდ და სახელმძღვანელოდ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დამფუძნებელი ყრილობისათვის. არჩეული იქნა დამფუძნებელი კრებისთვის კანდიდატების დამსახელებელი კომისია 25 კაცის შემადგენლობით. ყრილობამ აირჩია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი ნ.ჟორდანიას, ნ.ჩხეიძის, ირ.წერეთლის, რ.არსენიძის, ს.ჯიბლაძის, ნ.რამიშვილის, ნ.ხომერიკის, ალ.ლომთათიძის, ვ.ჯუღელის, ა.სულაქველიძის, ე.გეგეჭკორის, ვ.ჯიბლაძის, ა. ფარნიევის, მ.სკობელევის, ერზინკიანის, მიკირტუმოვის და ვარდანიანის შემადგენლობით. კანდიდატებად აირჩიეს: მ.ხოჭოლავა, დ.ონიაშვილი, კ.გვარჯალაძე, ი.ბადრიძე, გ.ცინცაბაძე, გ.მახარაძე და ს.თევზაძე. საკონტროლო კომისიაში აირჩიეს: ის.რამიშვილი, კ.ანდრონიკაშვილი, ივ.ლაბაძე, ზ.გურული, ნ.ჭუმბურიძე, რ.ჩიხლაძე, ი.სალაყაია, გრ.კოპლატაძე, ლ.კიღურაძე, ვ. ნოდია, კ.ნინიძე. კანდიდატებად: ა.ჭიაბრიშვილი, ვ.მგელაძე, ს.მაისურაძე, გ.ბახტაძე. ყრილობას მეექვსე  საოლქო ყრილობაზე (1917-ის 10-17 ივნისი) მიღებული პარტიის პროგრამასა და წესდებაში ცვლილებები არ შეუტანია, რაც თითქმის იმას მიანიშნებდა, რომ ამიერკავკასიის საოლქო ორგანიზაციასა და საქართველოს სდმპ-ს შორის განსხვავება არ არსებობდა, რაც ყრილობის ნაკლად უნდა ჩაითვალოს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates