• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა

სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა - სომხეთი,  როგორც ამიერკავკასიის ნაწილი 1917-ის ნოემბრიდან ფაქტობრივად ჩამოშორდა რუსეთის იმპერიას, ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატს, შემდეგ კი ამიერკავკასიის სეიმსა და მთავრობას დაექვემდებარა. 1918-ის ბრესტ-ლიტოვსკის ზავი მძიმე აღმოჩნდა ამიერკავკასიისათვის, თუმცა განსაკუთრებით მძიმე იყო სომხეთისათვის, რომელიც კარგავდა დასავლეთ ნაწილს. სომხეთის მდგომარეობას ისიც ამძიმებდა რომ ამიერკავკასიის შიგნით ფაქტობრივად გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა აზერბაიჯანთან.  სომხეთმა 1918-ის აპრილში როგორც პოლიტიკური სუბიექტმა  საქართველოსა და აზერბაიჯანთან  ერთად  მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნაში, განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ვექტორებისა და შიდა დაპირისპირების არსებობის პირობებში ამიერკავკასიის რესპუბლიკამ მხოლოდ 35 დღე იარსება და საბოლოოდ 1918-ის 26 მაის დაიშალა.   1918-ის 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა თბილისში გამოაცხადა. დამოუკიდებელი სომხეთის მთავრობის ფორმირება სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხური რევოლუციური ფედერაციის - დაშნაკციუთუნის პარტიის ლიდერს ჰოვანეს კაჩაზნუნს დაავალა. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1918-ის 17 ივლისამდე თბილისში ფუნქციონირება და მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის  მოწოდების შემდეგ  დატოვა საქართველოს დედაქალაქი. დამოუკიდებელი სომხეთის მართველობის ფორმას საპარლამენტო რესპუბლიკა წამროადგენდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია ეროვნულმა საბჭომ იტვირთა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 15 წევრისგან შედგებოდა, ეროვნულ საბჭოში დაშნაკციუთუნის პარტია დომინირებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში სომხეთის რესპუბლიკა კატასტროფის წინაშე იდგა, ოსმალეთის იმპერიის არმიის შემოტევების შედეგად ფაქტობრივად ახლად გამოცხადებული სახელმწიფოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აღმოჩნდა, მხოლოდ ჩრდილოეთის ოლქებში ათი ათას კვადრატულ კილომეტრზე  შეინარჩუნა მთავრობამ  კონტროლი. ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციების წარუმატებლად დასრულების შემდეგ სომხეთის რესპუბლიკა სრულ ჩიხში იყო მოქცეული. სომხეთის მთავარ პრობლემას ოსმალთა იმპერიის შემოტევების გარდა ლტოლვილთა კრიზისი წარმოადგენდა. ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების დევნის შედეგად ამიერკავკასიაში ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილი შემოვიდა, მათგან 350 000 სწორედ სომხეთის რესპუბლიკაში.  დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე სომხეთის მდგომარეობა   უმძიმესი იყო. პირველ მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ სომხეთისადმი, როგორც ოტომანთა იმპერიის მიერ ყველაზე მეტად ჩაგრული ერისადმი დასავლეთის სახელმწიფოებში არმენოფილური მისწრაფებები დომინირებდა, რაც 1918-ის ოქტომბერში მუდროსის ზავის პირობებშიც აისახა. მოკავშირეთა სახელმწიფოები სომხეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარანტიებს ჰპირდებოდნენ.  1918-ის ბოლოს სომხეთში მოქმედება დაიწყო  ამერიკულმა ხსნის კომიტეტმა, რომელიც სომხეთისა და სომეხი დევნილების სურსათით უზრუნველყოფას ცდილობდა, თუმცა კონსტანტინეპოლის სრუტეებზე და შავ ზღვაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო ეფექტური მომარაგების სისტემის შექმნა ჭიანურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს დასავლეთის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ვერაფრით ალაგებდა ურთიერთობებს უშუალო მეზობლებთან. 1918-ის დეკემბერში ახალციხის, ახალქალაქისა და ლორეს მაზრების მოთხოვნით სომხეთი მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს რესპუბლიკას, თუმცა ერთთვიანი ბრძოლების შედეგად ფაქტობრივად მარცხი განიცადა, მხოლოდ ბრიტანელთა ჩარევის შედეგად შეძლო კონტრშეტევაზე გადასული საქართველოს შეიარაღებული ძალების შეჩერება. სომხეთს, 1905-ს ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების გამო, 1917-დან  მუდმივი სამხედრო დაპირისპირების მდგომარეობა ჰქონდა აზერბაიჯანთან მიმართებაში.  1918-ის 30 მარტს ჯერ კიდევ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფ ორ სუბიექტს შორის ომი გაჩაღდა. ძირითადი საბძოლო მოქმედებები, ნახიჩევანში, ყარაბაღსა და ზანგეზურში მიმდინარეობდა, სომხურ არმიას გენერალი დრო ხელმძღვანელობდა.

1919-ის იანვარში სომხეთში პირველი უმაღლესი სასწავლებელი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. 1919-ის მაისში რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჰ. კაზაჩნუნი ასევე დაშნაკმა, თბილისის ყოფილმა მერმა ალექსანდრე ხატისოვმა ჩაანაცვლა, 1919-ს 21-23 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში პარლამენტის პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. 80 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 72 ადგილი დაშნაკციუთუნის პარტია მოიპოვა.  1919-ს პარიზში მიმდინარე სამშიდობო კონფერენციაზე სომხეთის რესპუბლიკა დიდი იმედებითა და გეგმებით წარსდგა, სომხურ დელეგაციას პარიზში პარლამენტის თავმჯდომარე დაშნაკი ავეტის აჰარონიანი ხელმძღვანელობდა. საერთაშორისო არენაზე სომხეთს განსაკუთრებით დიდ მხარდაჭერას უცხადებდა აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო იულსონი.

1920-ის მაისში სომხეთში მთავრობის შემადგენლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა, პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა ჰამო ოჰანჯანიანმა დაიკავა. პარიზის საზავო კონფერენციამ, საბოლოოდ  სომხეთის მოთხოვნებისა და მოლოდინების ნაწილი 1920-ის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულებაში აისახა, რომლითაც სომხეთის მომავალი სახელმწიფოს ტერიტორია 160 000-ზე კმ. კვ.-ით განისაზღვრა. თუმცა დასავლეთის სახელმწიფოებმა სომხეთი ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური დახმარებით არ უზრუნველყო. 1920-ის სექტემბრში ახალფეხადგმულმა თურქული რესპუბლიკური მოძრაობის შეიარაღებულმა ძალებმა გენერალ კაიზიმ კარაბექირის მეთაურობით სომხეთის რესპუბლიკას შეუტია, თურქეთმა უარი თქვა სევრის ხელშეკრულებაზე და სომხეთის რესპუბლიკის დიდი ნაწილი დაიკავა. 1920-ის ნოემბერში  შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე სომხეთის მთავრობის მეთაურობიდან გადადგა ოჰანჯანიანი და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაშნაკმა სიმონ ვრასტიანმა დაიკავა. 1920-ს 29 ნოემბერს საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკას თავს XI წითელი არმია დაესხა, 2 დეკემბერს კი წითელმა არმიამ ერევანი დაიკავა, ახალ საბჭოთა მთავრობაში დაშნაკთა პარტიის წევრებიც შევიდნენ. 1921-ის დასაწყისში სომხური რესპუბლიკურმა ძალების  ანტისაბჭოთა აჯანყების შედეგად ერევანი დროებით განთავისუფლდა საბჭოთა რეჟიმისაგან, თუმცა საქართველოში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ წითელი არმიის ნაწილებმა სომეხი აჯანყებულები დაამარცხეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates