• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სახალხო განათლების შესახებ კანონი

სახალხო განათლების შესახებ კანონი კანონპროექტი საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ შეიქმნა 1919-ის 17 ივლისს. პროექტში ნათქვამი იყო, რომ ის ახალი საფუძველი, რომელსაც დამოუკიდებელი საქართვეოს სკოლა უნდა დაფუძნებოდა, იქნებოდა `დემოკრატიზმი, ადამიანის ჰარმონიული განვითარება. თანასწორობის იდეალზე აგებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანი არა მარტო უფლებრივად, არამედ კულტურული ნიშნითაც უნდა ყოფილიყო გათანაბრებული. განათლების უფლება უნდა ჰქონოდა ყველა ადამიანს, ამასთანავე, კანონპროექტი მოითხოვდა: „ყველასათვის ერთი ისეთი სკოლა უნდა შეიქმნას, რომელიც როგორც თავისის შინაარსით, ისე შემადგენლობითაც ერთიანი იქნება~. ერთიანი სკოლის პირველ საფეხურზე საშუალო სკოლებს უნდა გამოყოფოდა მოსამზადებელი კლასები. ერთიანი სკოლის შექნის მეორე საფეხურზე პირველი ოთხი კლასი გამოეყოფოდა და პროგრამულად გაერთიანდებოდა გარდაქმნილ უმაღლეს დაწყებით სკოლასთან. საშუალო სკოლად ითვლებოდა მე-5-მე-8 კლასი, სადაც კანონპროექტის ავტორები შესაძლებლად თვლიდნენ ე. წ. ბიფურკაციას, ანუ მოწაფეების მიერ საკუთარი ნიჭის ინდივიდუალურად გამოკვეთას, თუმცა, ამისთვის საჭირო მატერიალური თუ საზოგადოებრივ-კულტურული დონის  იმჟამად არარსებობის გამო, უბრუნდებოდნენ საშუალო სკოლაშო საერთო განათლების ერთი ტიპის დაკანონებას.  საშუალო სკოლის მთვარი მიზანი იქნებოდა არა მარტო ცოდნის, არამედ ადამიანისა და ბუნების შესწავლა. საშუალო სკოლაში ფსიქოლოგიის სწავლებას `საპატიო ადგილი უნდა დათმობოდა.  ფსიქოლოგიის შემდეგ, საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის სწორი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩასანერგად აუცილებელ საგნად გათვალისწინებული იყო ისტორიის სწავლება. აქედან, საპატიო ადგილი საქართველოს ისტორიას დაეთმობოდა.   „ახალი სკოლის სასწავლო გეგმაში დიდი ცვლილებაა შეტანილი, _ ვკითხულობთ დოკუმენტში, - ბუნებისმეტყველების ყველა დარგს ( ანატომია, ფიზიოლოგია, ზოოლოგია, ბოტანიკა, ქიმია) რომელიც დღემდე ნამდვილ საშუალო სკოლაში (მე-5-მე-8 კლასები) არ ისწავლებოდა, სათანადო ადგილი აქვს დათმობილი საშუალო სკოლის ყველა კლასში“. საგნების შესწავლის წრე საბოლოოდ ასე ისაზღვრებოდა: ქართული ენა და სიტყვიერება, რუსული და მსოფლიო ლიტერატურა, მეორე უცხო ენა (ფრანგული, გერმანული და ინგლისური), ისტორია, პოლიტიკური ეკონომია, სამართლის მეცნიერება, ფსიქოლოგია, ლოგიკა და საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო დარგის ყველა საგანი, ჰიგიენა, ფიზკულტურა, გალობა და მუსიკა, ხელსაქმე და ხელგარჯილობა.  დოკუმენტში მოტანილია ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში საშუალო სკოლის სწავლების გამოცდილება. ამ მაგალითების გათვალისწინებით, საშუალო სკოლის პროგრამებიდან ამოიღეს კლასიკური ენები, რასაც მანამდე რუსულ სკოლებში  გამორჩეული ადგილი ეჭირა, თუმცა, გამონაკლისად დაუშვეს ლათინური ენა, ის ისწავლებოდა როგორც არასავალდებულო საგანი, მოსწავლეთა მოთხოვნის მიხედვით და სპეციალურად შექმნილი პროგრამით. გამოკვეთილი აქცენტი გადატანილი იქნა სწავლებაში თვალსაჩინოების გამოყენებაზე, სასკოლო მეცადინეობის გადატანაზე ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში, თეორიულ ცოდნაზე დამკვიდრებულ პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებაზე. სახელმწიფოს დაფინანსებაზე არსებული ყველა სკოლა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო ერთი ტიპის. 1919-21 წლებში საშუალო სკოლის პირველი ოთხი კლასი უნდა გადაკეთებულიყო უმაღლეს დაწყებით სკოლებად. საშუალო სკოლის რეორგანიზაცია 1923 წლამდე უნდა დასრულებულიყო. ქვეყნის ყველა არაქართულ სკოლაში სავალდებულო საგნად ითვლებოდა სახელმწიფო (ქართული) ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლება.                  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates