• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯანმრთელობის დეპარტამენტი

ჯანმრთელობის დეპარტამენტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში უმაღლესი ჯანმრთელობის ორგანო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ამიერკავკასიის საექიმო-სასანიტარო განყოფილების ბაზაზე შეიქმნა საქართველოს საექიმო-სასანიტარო განყოფილება. თავდაპირველად განყოფილება მომარაგების სამინისტროში შედიოდა, შემდგომში კი მისი ეფექტურობის გასაზრდელად და ადგილობრივ დონეზე მისი საქმიანობის გასააქტიურებლად, განყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. განყოფილება დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად ებრძოდა ქოლერის ეპიდემიებს, რომელიც ძირითადად ლტოლვილთა გადაადგილებას  და შიმშილობას უკავშირდებოდა. განყოფილების ანგარიშის მიხედვით ეპიდემიის დროს ბაკურიანში გახსნა 2 ლაზარეთი, 100  და 50 საწოლიანი, ასევე გადასროლილი იქნა სასანიტარო მოძრავი რაზმი; ბორჯომში გაიხსნა 30 საწოლიანი ლაზარეთი, გაიგზავნა სასანიტარო 30 საწოლიანი მატარებელი და სადეზინფექციო რაზმი. საექიმო სასანიტარო განყოფილება ეპიდემიას ებრძოდა ხაშურში, სურამსა და ყვარელში. 1918-1919 წლებში ქართლ-კახეთში მოქმედებდა ე.წ. „მფრინავი სასანიტარო რაზმი“, რომელიც ეპიდემიის კერებში სადენზიფექციო-სასანიტარო სამუშაოებს ატარებდა. საექიმო სასანიტარო განყოფილებამ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით ერობებს გადასცა 4-4 საწოლიანი ლაზარეთები, სადაც ექიმთა ეტაპობრივ განაწილებას თავადვე უზრუნველყოფდა. 1920-ს 1 ივნისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო განხილვა კანონისა „ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსებისა“. 1920-ს 13 ივლის საბოლოოდ კრებამ კანონი დაამტკიცა. აღნიშნული კანონის თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროში საექიმო-სასანიტარო განყოფილების ნაცვლად  იქმნებოდა ჯანმრთელობის დეპარტამენტი, რომელსაც ექნებოდა დამოუკიდებელი ბიუჯეტი. დეპარტამენტის უფროსი პროფესიით ექიმი უნდა ყოფილიყო. დეპარტამენტის მოვალეობა იყო შეემუშავებინა საექიმო-სასანიტარო კანონპროექტები, ეწარმოებინა საექსპერტიზო საქმე, განაგებს საფარმაციო საქმეს, აკონტროლებს საექიმო საქმეებს. კანონის თანახმად დეპარტამენტი შედგებოდა 5 განყოფილებისაგან: 1) ერობის და ქალაქის მედიცინის 2) საკურორტო,    3) სარკინიგზო,   4) საფარმაციო საქმეების და 5)სამხედრო.  კანონის თანახმად დეპარტამენტის ადმინისტრაციული ხარჯები 1920 წლისათვის 2 968 504 მანეთს შეადგენდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates