• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ხმა ქართველი  ქალისა

ხმა ქართველი  ქალისა - 1917-1918.  ყოველკვირეული   საპოლიტიკო, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი.  გამოდიოდა  ქუთაისში.  გაზეთის რედაქტორი იყო    ქართველი საზოგადო მოღვაწე,    ფემინისტი  და პუბლიცისტი კატო (ეკატერინე) მიქელაძე(1878- 1942) .გაზეთს გამოსცემდა  ქუთაისის  ქალთა კლუბი. 1918 წლიდან  კი ,,ინტერპარტიული ქალთა  ლიგა“.  სულ გამოიცა გაზეთის 50 ნომერი. პუბლიკაციათა ავტორები იყვნენ: კ. მიქელაძე,  ნ. ნადირაძე,  ე. გაბაშვილი, ს. მგელაძე, დ. ახვლედიანი, დ. თომაშვილი  ოლ. ბუაჩიძე  და სხვ.

გაზეთი დიდი აღტაცებით მიესალმა 1917 წლის რუსეთის თებერვლის  რევოლუციას (,,ილია მურომეცი აღდგა“) და  იმედოვნებდა,  რომ დადგა თავისუფლებისა და მომავალი ქვეყნის შენების ჟამი. იგი  მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ ავტონომიას, რაც, მისი აზრით, აუცილებელი იყო ქვეყნის  აღსადგენად და დემოკრატიული მმართველობის დასამყარებლად. კ. მიქელაძე  თანაუგრძნობდა სოციალისტ-რევოლუციონერებს,  შესაბამისად,  გაზეთი  ,,ხმა ქართველი ქალისა“ მემარცხენე იდეების მიმდევარი იყო, თუმც ზოგადად,  ქართული პარტიების პოლიტიკური გავლენების მიღმა რჩებოდა და სრულ სარედაქციო თავისუფლებას ინარჩუნებდა.  გაზეთის პირველივე  ნომერში,  1917 წლის 5 აპრილის სარედაქციო სტატიაში  აღნიშნულია, რომ გაზეთი ყურადღებით მიადევნებს თვალს პარტიათა  ქმედებას, მათ ნაკლსა და ღირსებას.  ამავდროულად შეეცდება ,,მათ შორის ატეხილს უთანხმოებაში, ერთი რომელი შემაერთებელი ძაფის გამონახვას და გაბმას“.  ამგვარად, გაზეთი  კრიტიკული იყო  საქართველოში არსებული პარტიების მიმართ, ვინაიდან, მისი აზრით,  ვერცერთი პარტიული პროგრამა  ვერ  ასახავდა და იტევდა იმ საზოგადოებრივ და მოქალაქეობრივ ინტერესებს, რომლებსაც ესწრაფვოდა გამოცემა. ,,ხმა ქართველი ქალისა“  უმთავრეს მიზნად  აცხადებდა  ,,დაქსაქსულ ქალთა ძალის“ გაერთიანებას  ქვეყნის საკეთილდღეოდ და ქალთა უფლებების დაცვას, ,,ბრძოლას ქალის ,,ადამიანური პიროვნების აღდგენისათვის და სამშობლოს უფლებისათვის“.  ,,ხმა ქართველი ქალისა“  მხარს უჭერდა  სუფრაჟისტულ მოძრაობას და თანმიმდევრულად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის.  გაზეთი მოითხოვდა ქალის პოლიტიკური უფლებების აღდგენას, ქალის მამაკაცთან უფლებრივ გათანაბრებას, ქალთა საარჩევნო ხმის უფლების დაკანონებას  და   მის მონაწილეობას   საკანონმდებლო  საქმიანობასა და თვიმმართველობაში, ასევე  სახელფასო ანაზღაურების  თანასწორობას თანაბარი შრომისათვის,  სამოქალაქო და  სისხლის სამართლის კანონდებლობაში  სქესობრივი პრივილეგიის გაუქმებას,  ორივე სქესის თანაბარი განათლების უფლებას და სხვ.   ყველა ნომერს გასდევს   ქალთა უფლებების  გამომხატველი და მათი გაერთიანების  იდეის შემცველი მოწოდებები : ,,სრული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ქალებს“, ,,გაუმარჯოს ქალთა სოლიდარობას“.  ,,ქალებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით“,  დევიზი ,,თანასწორობა   სქესთა  წინაშე კანონისა!“. საგაზეთო  პუბლიკაციები  ასახავდა და ეხმიანებოდა საქართველოში  მიმდინარე  თუ საერთაშორისო საზოგადოებრივ - პოლიტიკურ მოვლენებს   და  უმთავრესად,   ფემინისტური თვალთახედვით  განიხილავდა მათ.   ეს მოვლენებია: პირველი მსოფლიო ომთან დაკავშირებული საერთაშორისო ამბები,  კავკასიისა  და საქართველოს რეგიონული  მოვლენები,   გაზეთი   ეთგვარ  განმანათლებლად  ევლინება მკითხველს და პერმანენტულ დიალოგს მართავს მასთან ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:  ტერიტორიალური ავტონომიის საკითხი,  ეროვნული დამოუკიდებლობის მნიშვნელობა ქვეყნის  არსებობისათვის, სიტყვის თავისუფლება, ქართული ენის   როლი  ქვეყნის განვითარებისათვის.   შემეცნებით და ინფორმაციულ მიზნებს ისახავს   ცალკეულ პუბლიკაციებში  საუბარი დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციის, განათლების მნიშვნელობის შესახებ, სოციალური თანასწორობის იდეები  და სხვ. გაზეთს ყურადღების მიღმა არ რჩება არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებსაც   ოპერატიულად აწვდის მკითხველს.   პუბლიცისტთა  გასჯის არეალში ექცევა როგორც საქართველოს, ისე რუსეთსა და ევროპაში  მომხდარი  ამბები. გაზეთი  დიდი სიხარულით მიესალმა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და აღტაცების გამომხატველი არა ერთი პუბლიკაცია  მიუძღვნა მას.  გამოცემა  აკრიტიკებს მენშევიკებს იმის გამო, რომ  ქალთა ორგანიზაციებს არ  ჰყავდათ  სეიმში თავიანთი წარმომადგენელი,  და ქალებმაც არ წარმოადგინეს თავიანთი კანდიდატები, რასაც   ბოლშევიკურ პრაქტიკად მიიჩნევს. გაზეთის აზრით, არც მთავრობის წევრი სოციალისტები იცავენ საკმარისად ქალთა უფლებებს(„ამიერკავკასიის სეიმი“).

,,ხმა ქართველი ქალისა“  გვთავაზობს თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვან პუბლიკაციებს ყველა საჭირბოროტო თემაზე. საგამანათლებლო ამოცანებს ისახავს    მკითხველში  სიტყვის თავისუფლების,  დემოკრატიული  რესპუბლიკის კონსტიტუტიციის  არსისა და მნიშვნელობის ამსახველი შემცნებითი სტატიები, წერილები ზნეობისა და პედაგოგიკის საკითხებზე და სხვ.  ავტორები  მხარს უჭერენ ქალთა  კოოპერატიულ მოძრაობას. მკითხველს აზიარებენ  უცხოეთში საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პროცესებში ქალთა მონაწილეობის გამოცდილების ფაქტებს.   გაზეთში აქვეყნებდა  მხატვრულ ნაწარმოებებსაც, რომლებიც  თავისი შინაარსით, დიდწილად, ფემინისტური იყო. მაგ., დაიბეჭდა  მარიჯანის, ს. მგელაძის  ლექსები, დ. ახვლედიანის ერთმოქმედებიანი პიესა ,,ქალი და აჩრდილი“ და სხვ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates