• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

,,ცისარტყელა“

,,ცისარტყელა“ (1919-1921) - ყოველთვიური მხატვრულ-ლიტერატურული  ჟურნალი (მიმართულებები:  პოეზია, ბელეტრისტიკა, დრამა, კრიტიკა, ბიბლიოგრაფია). სულ გამოიცა 14 ნომერი.  ჟურნალი დაარსდა მწერლების: ი.  გომართელის, ალ.  აბაშელისა და ობოლი მუშის (სოლომონ თავაძის) ინიციატივით,  რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ცენტრალურ გამგეობასთან არსებულ კულტურა-განათლების კომისიასთან. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები იყვნენ: ივ. გომართელი, ს. აბაშელი, პ. ირეთელი, ს. კალანდაძე, არჩ. რუხაძე, ობოლი მუშა; მეათე ნომრიდან პ. ირეთელის ნაცვლად ჩაერთო  ვ. რუხაძე. ჟურნალმა მიზნად დაისახა  ხალხისა და ქართული  მწერლობის  სამსახური. ჟურნალის  სარედაქციო განცხადება შეიცავს მენშევიკების პოლიტიკის შედეგად არსებული რეალობის მძაფრ კრიტიკას: „ზნეობა დაქვეითდა, პირადი ინტერესი გაბატონდა... სად არის ამ დროს ხელოვნება, რომელმაც უნდა გაშალოს დაავადებული სულის წინაშე მსოფლიო გარდაქმნის წარმტაცი სანახაობა და უჩვენოს გზა ქაოსიდან ვარსკვლავისაკენ“. ,,ცისარტყელაში“ დაბეჭდილი რამდენიმე დეკადენტური ხასიათის ნაწარმოები, რომელთა ავტორები არიან  დ. შენგელაია, „ანდრო სავანელი“, ხ. ვარდოშვილი და სხვები,  მის რეალისტურ მიმართულებას ვერ ცვლის. ჟურნალში  განსაკუთრებით ძლიერია ბელეტრისტიკა. აქ დაიბეჭდა: დ. კლდიაშვილის, შ. არაგვისპირელის, ვ. ბარნოვის, ნ. ლორთქიფანიძის, ლ. ქიაჩელის; ახალგაზრდა მწერლების - კ. გამსახურდიასა და დ. შენგელაიას, აგრეთვე, დავით თურდოსპირელის (ჩხეიძის), ი. მჭედლიშვილის, ვ. მალაქიაშვილის (ხუროძე), ს. რემონიძისა და სხვათა ნაწარმოებები. 1919–1921 წწ-ში „ცისარტყელას“ 14 ნომერში სრულად  გამოქვეყნდა  შ. არაგვისპირელის რომანი „გაბზარული გული“. 1920 - ვ. ბარნოვის „ყვავილი მიმომავალი“, ლეო ქიაჩელის - „Eskalade“, კ.  გამსახურდიას - „რომში“, ნ. ლორთქიფანიძის - „ჟამთა სიავე“,  დ, კლდიაშვილის - „ბაკულას ღორები“, დ. შენგელაიას - „ანდრო სავანელი“ და სხვა ნაწარმოებები.  ჟურნალ „ცისარტყელაში“ ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პოეზიას, ნაწარმოებებს აქვეყნებდნენ  ძირითადად „დემოკრატიული მიმართულების“ პოეტები: ნ. ჩხიკვაძე, ალ. აბაშელი, ვ. რუხაძე, ობოლი მუშა, დ. მეგრელი, გ. ქუჩიშვილი, იასამანი, ხ. ვარდოშვილი, მეჩონგურე და სხვ. ჟურნალის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა წერილები თანამედროვე ხელოვნებისა და მწერლობის საკითხებზე. მაგ., ი. გომართელის სტატია „წერილები ხელოვნებაზე“ შეეხება ხელოვნების ბუნებას და მის საზოგადოებრივ ფუნქციას. მასვე ეკუთვნის  სტატია „გასული წლის  სიტყვაკაზმული მწერლობა“, რომელშიც განხილულია  „ცისარტყელაში“ გამოქვეყნებული ლიტერატურული წერილები.  ჟურნალში პიესებიც გვხვდება, მაგ., ლ. ახობაძის ორმოქმედებიანი პიესა „სოფლად“ ,  ტრ.  რამიშვილის სამმოქმედებიანი დრამა „ფრთა მოტეხილი ყორანი“  და სხვ. ა. პაპავას წერილებში ,,ფიქრები თეატრის კრიზისზე“ განხილულია სასცენო   ხელოვნების თავისებურებები  და  დასახულია  „მომავალი თეატრის“ კონტურები.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates