• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

,,სოციალისტ-ფედერალისტი“

,,სოციალისტ-ფედერალისტი“ - 1918–1921. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის დროებით მთავარი კომიტეტის  ყოველდღიური გაზეთი. გამოდიოდა თბილისში.  მისი რედაქტორი იყო  თ. ღლონტი,  გამომცემელი  – დროებითი მთავარი კომიტეტი. იბეჭდებოდა სტამბაში ,,სახალხო საქმე~. გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 2 ივლისს. სულ გამოიცა  158 ნომერი.  ზოგიერთი ნომერი ოთხგვერდიანია, ზოგიერთი  კი – ორგვერდიანი. გაზეთის წამყვანი ავტორები იყვნენ: თ.ღლონტი, პ. მირიანაშვილი, ზ. ჭიჭინაძე, ვ. კოტეტიშვილი, კ. გამსახურდია, გრ. ლორთქიფანიძე, სიმ. ხუნდაძე, პ. ჭანიშვილი, ს. ასლანიშვილი, პ. მირიანაშვილი, სერ. ამაღლობელი, მ. ღვამიჩავა, უჯავრელი (იოსებ გრიშაშვილი), მებრძოლი (გრიგოლ როგავა) და სხვ. საქართველოს  დამოუკიდებლობის  პირველივე  დღიდან ქვეყნისათვის მიწის საკითხი ერთ–ერთი აქტუალური იყო.  სოფლის მეურნეობის თემას  გაზეთის  არაერთი  პუბლიკაცია  ეძღვნება. გამოცემა  დიდ ადგილს უთმობს გლეხობისათვის აქტუალურ პრობლემებს,  იცავს  მათ  ინტერესებს, აშუქებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სოფლად მიმდინარე პროცესებს, იმდროინდელ კრიზისულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ამ თემებს შეეხება პუბლიკაციები: „სეტყვა კახეთში“, „გორის მაზრაში“, „ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა“ და სხვ.  1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ  პოლიტიკურ პარტიათა თუ დამოუკიდებელი ბეჭდვითი ორგანოები აღარ გამოიცემოდა. გამონაკლისი იყო გაზეთები: „სოციალისტ–ფედერალისტი“ და „ტრიბუნა“, რომლებიც ქვეყანაში  მიმდინარე მოვლენებს  საკმაოდ  კრიტიკული პუბლიკაციებით ეხმაურებოდა. 1921 წლის 17 მარტის ნომერში ვკითხულობთ: „ჩვენ გაზეთში უკვე აღნიშნული იყო, რომ საქართველო უნდა დარჩეს სრულიად დამოუკიდებელი და ქართველი ერი სუვერენული. ჩვენი ახალი მთავრობა საქართველოსა და რუსეთს შორის 7 მაისს დადებულ ხელშეკრულებას უნდა დაეყრდნოს და ამ ფარგლებში ახლავე შემოხაზოს საბჭოთა საქართველოს ტერიტორია“.  1921 წლის 26 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია  პ. მ.–ს (მირიანაშვილი) სტატია ,,მოსკოვის კონფერენცია და საქართველო“. ამავე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ავტორი მსჯელობს სადავო ტერიტორიების სოციალურ–ეკონომიკური პოტენციალსა და საქართველოსათვის მათ  მნიშვნელობაზე: „ართვინი მასაზრდოებელია აჭარა–ქობულეთისა, მისი ბუნებრივი სიმდიდრე საარაკოა, მისი სპილენძის მადნებს საქართველოს მშრომელი მასისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ბაქოს ნავთს აზერბაიჯანისათვის“. მსგავსი  წერილები მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას  და ნიადაგს ამზადებდა, რათა ყარსის კონფერენციაზე არ მომხდარიყო მოსკოვის 16 მარტის ხელშეკრულების რატიფიკაცია. გაზეთს აქვს რუბრიკები: „მიწის საკითხი“, „უცხოეთის ამბები“, სხვადასხვა“, „რუსეთი“, ახალი ამბავი“ და სხვ. გაზეთის ცალკეულ ნომრებში  იბეჭდება ლექსები, მცირე რაოდენობით განცხადებები და რეკლამები.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates