• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია (ესერები)

სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია (ესერები). საქართველოში ესერთა მცირერიცხოვანი წრეები 1901-დან არსებობდა. ისინი შედიოდნენ რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის შემადგენლობაში. 1905-დან ესერთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ბაქოს კომიტეტები გაერთიანდნენ რუსეთის ესერთა პარტიის კავკასიის კავშირში. ესერები არ გამოირჩეოდნენ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანი გავლენით. ესერთა ადგილობრივ მცირერიცხოვან ორგანიზაციებში ქართველებთან ერთად, სხვა ეროვნების რევოლუციონერები შედიოდნენ, განსაკუთრებით რუსები.                                        

1917-ის მანძილზე ადგილობრივი ესერები განაგრძობდნენ რუსეთი ესერთა პარტიაში ფუნქციონირებას, მაგრამ ქართველ ესერთა შორის ძლიერდებოდა ნაციონალური განწყობა.  1918-ის მაისში ესერთა პარტიის კავკასიის ორგანიზაციების მეშვიდე კონფერენციაზე მოხდა განხეთქილება, რის შედეგადაც ქართველი ესერები გამოეყვნენ რუსულ პარტიას. 1918-ის ივნისში, ქუთაისში ჩატარდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და მოხდა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანიზაციების ნაციონალიზაცია. იმავე წლის 10-15 დეკემბერს შეიკრიბა ქართველ ესერთა პარტიის მეორე ყრილობა. მასზე მოხდა პროგრამისა და წესდების გადასინჯვა და მისი ახალი ვარიანტის სახით დამოუკიდებელი საქართველოს რეალობასთან შეჯერება. პარტიის ქვაკუთხედად აგრარულ სფეროში რჩებოდა - მიწების სოციალიზაცია. ესერებს მიაჩნდათ, რომ რუსული ბოლშევიზმი იყო სოციალიზმი უდემოკრატიოდ, ხოლო ქართული მენშევიზმი გახლდათ - დემოკრატია უსოციალიზმოდ. ესერები უარყოფდნენ აგრეთვე, სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების სტრატეგიულ პოლიტიკას - ჯერ ბურჟუაზიული სისტემის განმტკიცებას და ამის შემდეგ, სოციალიზმის მშენებლობას. ისინი პირდაპირ სოციალისტური სისტემის რეალიზაციის მომხრენი იყვნენ და ხშირად მემარცხენე პოზიციებიდან აკრიტიკებდნენ მთავრობას.  მეორე ყრილობამ ესერთა პარტიის თავმჯდომარედ და ესერთა მთავარი პარტიული ორგანოს, გაზ. „შრომის“ რედაქტორად აირჩია ლეო შენგელაია. მისი მოადგილე იყო ივანე გობეჩია. საქართველოს ეროვნულ საბჭოში, შემდგომ - პარლამენტში შედიოდნენ ესერები:  კ. მესხი, გრ. ნათაძე, ვლ. გობეჩია, ი. ჩერქეზიშვილი, ი. გობეჩია, ი. აბაკელია, კ. ჯავრიშვილი, ლ. შენგელაია, ნ. პანჩუაშვილი, ი. კაკაბაძე, ი. ვარაზაშვილი. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაში ესერები წარმოდგენილი იყვნენ - გზათა მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის სახით, თუმცა, მისით კმაყოფილნი არ იყვნენ. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ესერთა პარტიის ხუთი წევრი მოხვდა: ლ. შენგელაია, ივანე და იოსებ გობეჩიები, ილია ნუცუბიძე და გრიგოლ ნათაძე.       

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ ხანეში ესერების პარტია ორად - მემარცხენე და მემარჯვენე ნაწილებად გაიყო. მემარცხენეებმა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არჩიეს. თავდაპირველად მათ ბოლშევიკურ ხელისუფლებას ბრალი დასდეს ქართველი ხალხის ეროვნული უფლებების უგულვებელყოფაში, გაილაშქრეს ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის წინააღმდეგ და ა. შ. აქტივობა მცირე ხანს გაგრძელდა. 1921-ის ბოლოს ქართველი ესერების პარტიამ არსებობა შეწყვიტა.  თვით საქართველოს საგანგებო კომისიას (ჩეკას), 1922-1923 წლებში, ესერთა აქტივობის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გააჩნდა.      

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates