• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„სოციალ-დემოკრატი“ (1917 – 1919, ქუთაისი)

„სოციალ-დემოკრატი“ (1917 – 1919, ქუთაისი) - ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული გაზეთი. რედაქტორ–გამომცემელი გრ. უროტაძე. გამომცემელი - რუსეთის სოც.-დემ. მუშ. პარტიის ქუთაისის კომიტეტი. იბეჭდებოდა ფერაძისა და კარნაუხოვის სტამბაში.  ბიბლიოთეკებში გამოცემის სერიული კომპლექტები არ მოიპოვება. გაზეთი იბეჭდება 4 გვერდზე. 1917 წლიდან 1919 წლის 1 მაისამდე იგი ყოველდღიურად გამოდის, შემდეგ კი - კვირაში ერთხელ. როგორც გამოცემა იუწყება, არსებობის ბოლო წელს მას ძალიან გაუჭირდა ფინანსურად. ამ წლის მე-5 და მე-6 ნომრებში ვრცელდება მიმართვა მკითხველებისადმი, რომელშიც მათ  ყოველკვირეულ პერიოდულობაზე გადასვლის შესახებ ამცნობენ და დასახმარებლად საგაზეთო ფონდის დაარსებას სთხოვენ. გაზეთის იდეური მიმართულება სახელდებითაა გაცხადებული. იგი სოციალ-დემოკრატიული მსოფლმხედველობის ჭრილში განიხილავს მიმდინარე მოვლენებსა და  პოლიტიკურ პროცესებს, რომელთა საფუძვლიან ანალიზს გვთავაზობს.. „სოციალ-დემოკრატის“ გამოცემის დრო რუსეთში რევოლუციურ ბატალიებს ემთხვევა და შესაბამისად, გაზეთის პუბლიკაციათა დიდი ნაწილი ამ მოვლენის განხილვასა და საქართველოსთვის მისი შედეგების მნიშვნელობაზე საუბარს ეძღვნება. სარედაქციო თვალსაზრისი გაზეთის მეთაური წერილებითაა გამოხატული და რუსეთის რევოლუციის მიმართ აღფრთოვანებული დამოკიდებულებით გამოირჩევა (მაგ.: 1917 წ. #2-ის მეთაურში ვკითხულობთ: „დღეს დღესასწაულია... დღეს მუშათა კლასი რომანოვთა დინასტიის საფლავზე აშენებს ახალ რუსეთს!"). ამავე მოვლენას ეხმაურება გაზეთის მე-3 ნომერში დასტამბული გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "ნიკოლოზ II", რომელშიც პოეტი გმობს ნიკოლოზ II მმართველობას და სიხარულით ეგებება რევოლუციას: („ამხანაგებო! განახლების ზარმა დარეკა, /ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება,/- თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება!").გაზეთში იბეჭდება აგრეთვე ნ. ჩხიკვაძის ლექსები (#40, #51, 1917); „გელას“ (ბარნაბ გელაზანია), „ბზვანელი ბიკისა“ და „ირას“ (ი. ალექსიძე) ფსევდონიმებით დაბეჭდილი პოეტური ნიმუშები(#26, #27, #71, 78, 1918).  „სოციალ-დემოკრატი“ ხშირად საუბრობს პროფესიული კავშირების მნიშვნელობის შესახებ (მაგალითად, სერ. სულაქველის "პროფეს. კავშირები"(#70,1917); პროფესიონალურ კავშირების მოქმედება" და "პროფეს. კავშირები" (#72, 1917); „სპარტაკის“ ავტორობით "პროფ. კავშირები" (#355, 1918); "პროფესიონალური კავშირების გარშემო" (#71, 1918)და სხვ.),  პარტიის საქმიანობაზე, საერთაშორისო ვითარებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, კოოპერატიულ მოძრაობაზე, განათლებისა და მიწის საკითხებზე, სოფლის საჭიროებებზე, მძიმე სოციალურ პირობებსა და კრიმინოგენულ სიტუაციაზე, პრესის სიახლეებზე და სხვ. ეს თემატიკა შესაბამისი რუბრიკებითაა წარმოდგენილი, რომელთა უმეტესობა მუდმივია, მაგ.: „მუშათა მოძრაობა",„მუშათა ცხოვრება“, „უცხოეთში" და „ჩვენში", „დეპეშები", „ახალი ამბები", „უკანასკნელი ცნობები", „პრესის მიმოხილვა", „ანარქიასთან ბრძოლა", „რუსეთის ქრონიკა", „უცხოეთის ქრონიკა“ და სხვ. შედარებით მწირია  წერილები კულტურისა და ხელოვნების საკითხებზე. ამ მხრივ აღსანიშნავია 1918 წლის 414-ე ნომერში „ი. კ.“-ს ფსევდონიმით დაბეჭდილი წერილი „გიორგი ზდანოვიჩის ბიბლიოთეკა", სადაც საუბარია ცნობილი კრიტიკოსის, სოციალისტურ - ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის,გ. ზდანოვიჩის (მაიაშვილის) მიერ  ქონების წ.კ.გ. საზოგადოებისათვის ანდერძით გადაცემის თაობაზე. გაზეთში აქტიურად თანამშრომლობდნენ:  ნ. ავალიშვილი, ა. არსენიშვილი, შ. აბდუშელიშვილი, ა. ლანდია, ნ. ნიკრისელი, ლ. უგლავა და სხვები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნიკოლოზ ჭუმბურიძის ღვაწლი, რომელიც „კაჟის“ ფსევდონიმით სისტემატურად აქვეყნებდა პოლიტიკური ხასიათის წერილებს.. მაგალითად, 1918 წელსიგი  ეხმაურება ლენინის დაჭრის ფაქტს და ამბობს, რომ ბოლშევიზმმა თავად ჩაუყარა საფუძველიტერორიზმს და ისეთივე მეთოდებით იბრძვის, როგორც მეფის მთავრობაიბრძოდა. წერილი საინტერესოდ მთავრდება:„თვით ლენინის შესახებ აღსრულდა ჩვენი ბელადის, ნოე ჟორდანიას წინაწარმეტყველება: ლენინი ამ ბრძოლაში, გარდა იდეური დამარცხებისა, თავსაც წააგებსო" („ლენინის დაჭრა“, #405, 1918).„კაჟის“ წერილებიდან აღსანიშნავია ასევე "საქართველო და რუსეთი (#414, 1918),„ინგლისი და რუსეთი" (#10, 1919),  „ბაქოს პროლეტარიატი და ბოლშევიზმი" (#16, 1919) და სხვ. ბოლშევიზმის კრიტიკას გაზეთმა მიუძღვნა არაერთი საგულისხმო პუბლიკაცია. მათ შორის ხაზგასასმელია ნიკო ავალიშვილის(ფსევდონიმით „ნ“) "ბოლშევიზმი სოციალ-დემოკრატიულ ქურქში", რომელშიც ავტორიბოლშევიკების მოღალატურ, მცდარ პოლიტიკაზე, მარქსიზმსა და ბოლშევიზმზე, როგორც ორ განსხვავებულ, დაშორიშორებულ მოძღვრებაზე საუბრობს.ამავე თემას ეხება შ. აბდუშელიშვილის ვრცელი წერილი „რუსეთის ბოლშევიზმი და მისი შედეგები" და სხვ. გაზეთი ეხმაურება ქართულ ჯარში არსებულ პრობლემებსაც, გახშირებულ დეზერტირობას (მაგ., ალი არსენიშვილის „დეზერტირობის წანააღმდეგ", ალ. გიორგაძის  „კულტურული მუშაობა ჯარში"); აქვეყნებს დეზერტირი ჯარისკაცების სიას და მიუთითებს ქართული ჯარის უდიდეს პასუხისმგებლობაზე დამოუკიდებელი, მაგრამ მტრებით გარშემორტყმული საქართველოს დასაცავად. პრობლემების აღმოფხვრის ეფექტურ გზად  მას ჯარში პირობების გაუმჯობესება,  ჯარისკაცებთან მუდმივი მუშაობა, მათი განათლების დონის ასამაღლებლად გაწეული ძალისხმევა მიაჩნია.

შეიძლება ითქვას, რომ გაზეთ „სოციალ-დემოკრატს“ თვალთახედვიდან არ გამოჰპარვია  ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე არსებული პრობლემები, დამოუკიდებელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხები.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates