• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა  ოსმალეთში (ანგორაში)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა  ოსმალეთში (ანგორაში) -

ოსმალეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიული ცნობის გამო (1918 წლის 3 ივნისი), საქართველოში მყოფ ანგორის მთავრობის წარმომადგენლობის ოსმალეთის საელჩოდ გადაკეთების საკითხი დაისვა. დამოუკიდებელი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი სომხეთსა და ოსმალეთში (ანგორის მთავრობასთან) სვიმონ მდივანი იყო. იგი 1876 წლის 20 ოქტომბერს, ხონში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ, ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შევიდა. პოლიტიკური მოღვაწეობა, ჯერ კიდევ, გიმნაზიაში დაიწყო და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა არალეგალური ჯგუფის წევრი გახდა.  ოდესიდან სამშობლოში დაბრუნებული ს. მდივანი 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და თავისი პარტიის პოლიტიკურ წინამძღოლთა რიგებში ჩადგა. ამასთან, იგი მონაწილეობდა ისეთ სახიფათო საქმეში, როგორიც იყო უცხოეთიდან ფარულად იარაღის მიღება და მებრძოლთა რაზმების შექმნა. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, ს. მდივანი ბათუმში დასახლდა, სადაც არჩეული იქნა „ნდობის საზოგადოების“ ქართული ბანკის დირექტორად. იგი რედაქტორობდა ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთს, იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის დეპუტატი. მონაწილეობდა სოციალ-ფედერალისტური პარტიის ლეგალურ და არალეგალურ მუშაობაში, როგორც პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე.

1917 წლის რევოლუციამ კვლავ შეცვალა ს. მდივნის ცხოვრების მიმართულება. მან ბათუმში სამსახურს თავი დაანება და თბილისში დაბრუნდა. 1917 წლის ნოემბერში, იგი „ეროვნული საბჭოს“ წევრად აირჩიეს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სოციალ-ფედერალისტური პარტიის სხვა გავლენიან წარმომადგენლებთან ერთად, იგი მხარში ამოუდგა ახლადშექმნილ კოალიციურ ეროვნულ მთავრობას. ს. მდივანი დაინიშნა პირველ ელჩად დაშნაკური სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტიური თანამშრომელი გახდა. 1919 წლის 12 მარტს პირველად შეიკრიბა ახლადარჩეული საქართველოს უზენაესი ორგანო - დამფუძნებელი კრება (პარლამენტი), სადაც ს. მდივანი სოციალ-ფედერალისტების კვოტით, დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის - ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის მოადგილედ (ვიცე-სპიკერი) აირჩიეს. ამ დროისთვის, ს. მდივანი უკვე ცნობილი პოლიტიკოსი და დიპლომატი იყო. 1921 წლის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ გადაწყვიტა ოსმალეთში ტახტიდან ჩამოგდებული სულთნის ნაცვლად ხელისუფლების სათავეში მოსული მუსტაფა ქემალ ფაშას მიერ შექმნილი ანგორის მთავრობასთან მისი ელჩად გაგზავნა. ს. მდივანს ისტორიული დავალება მისცეს: მას უნდა მიეტანა ქემალის მთავრობისთვის საქართველოსგან ცნობის ფირმანი. იგი პირველი ელჩი იყო, რომელმაც საქარიის ველებზე ახალ ოსმალეთს თავისუფლება მიულოცა და საქართველოს ხელისუფლებისგან მისი ცნობა აუწყა, რითაც შემდეგში იგი სამართლიანად ამაყობდა. ოსმალეთში საქართველოს მაშინდელი მისიის საგანგებო დავალებათა ოფიცრის - დიმიტრი შალიკაშვილის ცნობით ირკვევა, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში ყოფილან: ს.  მდივანი - ელჩი; გენერალი ალექსანდრე ერისთავი - სამხედრო მრჩეველი; არისტო ჭუმბაძე - საქმეთა მწარმოებელი; მელიტონ (ოსმან-ბეი) ქარცივაძე - ატაშე;   ზია-ბეგ აბაშიძე - ატაშე; ამათ გარდა ორი ოფიცერი დავალებათათვის - ემუხვარი და ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი, ასევე, ორი ჯარისკაცი შიკრიკად, მათ შორის ერთი გვარად მახიაშვილი. საარქივო დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს ს. მდივნის პოლიტიკურ-დიპლომატიური გამჭრიახობა და მოქნილობა ქემალისტურ ოსმალეთთან ურთიერთობისას. კერძოდ კი, მის ახალ მეთაურთან - მუსტაფა ქემალ ფაშასთან მოლაპარაკებების დროს, საქართველოს ინტერესების დაცვა. 1921 წლის თებერვალში, საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ და ქემალისტურ ოსმალეთთან ლენინის მთავრობის გარიგებამ, საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგვინა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი - ს. მდივანი იძულებული გახდა ანკარიდან ჯერ კონსტანტინოპოლში წასულიყო, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ეროვნულ მთავრობასთან და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრებთან ერთად საფრანგეთში სამუდამო ემიგრაციაში დარჩენილიყო. ალბათ, ისიც ბედის ირონია იყო, რომ ოსმალეთში ერთდროულად ორი ძმა: ერთი სოციალისტ-ფედერალისტი სიმონ მდივანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სრულუფლებიან ელჩად იყო წარგზავნილი, ხოლო მეორე ძმა - ბოლშევიკური პარტიის წევრი - ბუდუ მდივანი კი ოსმალეთში  რუსეთის ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო. საბჭოთა რუსეთისგან თავისუფლება წართმეული საქართველოს ინტერესებს, სვიმონ მდივანი  გენუის 1922 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე იცავდა, სადაც იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არაოფიციალური დელეგაციის წევრი იყო. დელეგაციაში შედიოდინენ: აკაკი ჩხენკელი (თავმჯდომარე), ირაკლი (კაკი) წერეთელი, სვიმონ მდივანი, გრიგოლ ვეშაპელი და ზურაბ ავალიშვილი. ძმები გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ორი განსხვავებული იდეოლოგიის საქართველოს წარმოადგენდნენ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates