• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა პოლონეთში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა პოლონეთში1919-1920 წლებში, საქართველოს დიპლომატიური მისია ჰყავდა პოლონეთში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მისია, რომელშიც შედიოდნენ: გიორგი სიდამონ-ერისთავი (მისიის მეთაური) ვლადიმერ (მრჩეველი), სერგო ყურულიშვილი (მდივანი და კონსულის მოვალეობის შემსრულებელი), ნიკოლოზ ფერაძე (ლეგაციის ატაშე), 1919 წლის 14 ოქტომბერს ჩავიდა ქ. ვარშავაში. მისიის მიზანი იყო კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება პოლონეთსა და საქართველოს შორის, ასევე, ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება. ქართველი დიპლომატების მოღვაწეობის მთავარი შედეგი იყო ის, რომ პოლონეთის მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობა „დე იურე“-დ იცნო.  მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა იურიდიულად იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, საელჩო იქ ოფიციალურად არ გახსნილა. რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1922 წლის მეორე ნახევარში, ქ. ვარშავაში გაიგზავნა  არაოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც ქართველი ლტოლვილებისთვის,  რომელთა რიცხვი პოლონეთში განსაკუთრებით დიდი იყო, ხელმძღვანელობა და პატრონობა უნდა გაეწია.  პოლონეთის მთავრობამ მიიღო 30 იუნკერი, 40 ოფიცერი ოჯახებითურთ, მისცა მათ არა მარტო თავშესაფარი, არამედ განათლება და სამსახური. წარმომადგენელი ამავე დროს ვარშავის ქართული საზოგადოების თავმჯდომარეც იყო. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რადგან პოლონეთის მთავრობა დიდი ყურადღებითა და სიმპათიით ეპყრობოდა ქართველებს. პოლონეთის საგარეო პოლიტიკა არ იყო დამოუკიდებელი, იგი უფრო მეტად საფრანგეთზე იყო ორიენტირებული, რადგან გერმანიასა და რუსეთს შორის მოქცეულს მეტისმეტი სიფრთხილის გამოჩენა უწევდა.  საქართველოსადმი დიდი სიმპათიით განწყობილმა პოლონეთის  მარშალმა იუზუფ პილსუდსკიმ ოსმალეთში თავისი ელჩის - ბარანოვსკისა და სამხედრო ატაშეს - პოლკოვნიკ ლეონ ბობიცკის საშუალებით, ქართველ ემიგრანტებს პოლიტიკური თავშესაფარი, ჯერ კიდევ, 1921 წელს შესთავაზა. ოფიციალური მიწვევის შემდეგ, პოლონეთში სამასამდე ქართველი ჩავიდა. პოლონეთში ემიგრირებულ ქართველთა შორის რჩეული სამხედრო მოღვაწეები იყვნენ. მათ შორის: გენერლები - ალექსანდრე ზაქარიაძე, ივანე ყაზბეგი, ზაქარია ბაქრაძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ალექსანდრე კონიაშვილი და კირილე ქუთათელაძე, აგრეთვე ცხრა პოლკოვნიკი, თერთმეტი მაიორი და ცხრა კაპიტანი. მათ ერთგულად იმსახურეს ევროპის ამ მშვენიერი და დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფოს ეროვნულ არმიაში და საპატიო პოლონური საბრძოლო ჯილდოებიც დაიმსახურეს.       

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates