• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა დიდ ბრიტანეთში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა დიდ ბრიტანეთში - საქართველოს წარმომადგენლობას ლონდონში, პარიზის საელჩოს მეშვეობით, სხვადასხვა დროს უძღვებოდნენ: დავით ღამბაშიძე, მიხეილ სუმბათაშვილი და კონსტანტინე გვარჯალაძე. ისინი რთულ პირობებში მუშაობდნენ. მართალია, მათ სისტემატიური კავშირი ჰქონდათ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ (თუ არ ჩავთვლით საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულ ცნობას, რაც ფაქტობრივად ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების შემდეგ მოხდა), ღირებულ წარმატებას მაინც ვერ მიაღწიეს. დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიული ცნობის შემდეგ,  ლონდონში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი - აკაკი ჩხენკელი, 1921 წლის 17 მარტს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ლორდ კერზონმა მიიღო. ქართველმა დიპლომატმა ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნების სიგელის ასლი გადასცა, რაც შეეხება დედნის ინგლისის პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემას, ეს ვერ მოხერხდა, რადგან საქართველოს მთავრობა ბოლშევიკების წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.  ა. ჩხენკელის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა რუსეთის წითელი არმიის ვერაგულ თავდასხმას საქართველოზე, პასუხად ლორდ კერზონმა, მართალია, თავისი მხურვალე თანაგრძნობა გამოთქვა საქართველოსადმი, მაგრამ ამასთანავე, დასძინა - „რუსეთზე ვერაფერს ვიტყვი“. ლორდ კერზონმა მწუხარება გამოთქვა იმის შესახებ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება არ წავიდა ზოგიერთ დათმობაზე მისი მეზობლების მიმართ სან-რემოში გამართულ კონფერენციაზე (1920 წლის აპრილი). (იგულისხმება სომხეთისთვის რკინიგზის გაყვანა ბათუმამდე და სხვა ტერიტორიული დათმობები). ლორდ კერზონმა განაცხადა: „მაშინ კიდევ შეიძლებოდა ამიერკავკასიის მდგომარეობის განმტკიცება“. ბოლოს მან მაინც დააიმედა ქართველი ელჩი, რომ როცა ახლო აღმოსავლეთის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგებოდა ინგლისის ხელისუფლება საქართველოს დახმარებას შეძლებდა. ლოიდ-ჯორჯის მთავრობამ ყველაზე ადრე დაიწყო საბჭოთა რუსეთთან დაახლოვება, რაც 1921 წლის 16 მარტს, ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით დამთავრდა.  მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საქართველოს და შემდეგ კავკასიის განყოფილება გააუქმეს, საქმე აღმოსავლეთის განყოფილებას გადაეცა. 1924 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ იცნო სსრკ-ს მთავრობა, საქართველოს საქმე რუსეთის განყოფილებას მიაწერეს. ამრიგად, კავკასიის და კერძოდ, საქართველოს საკითხი ინგლისის ხელისუფლების მიერ თითქმის უგულვებელყოფილი იქნა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გულგრილად იყო განწყობილი საქართველოს საკითხისადმი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates