• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (საელჩო)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (საელჩო) - დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის „დე იურე“ აღიარების შემდეგ, დღის წესრიგში ევროპის ქვეყნებში საალჩოს დაარსების აუცილებლობა დადგა. საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. გეგეჭკორმა, მისი ფრანგი კოლეგა - არისტიდ ბრიანი ინახულა და საფრანგეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩად აკაკი ჩხენკელის კანდიდატურა შესთავაზა. 1921 წლის 29 იანვარს გამოცემული განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი,  ელჩის უფლებამოსილება განისაზღვრა. აკაკი ჩხენკელის მანდატების შესახებ დოკუმენტში ნათქვამია: „ბატონი აკაკი ჩხენკელი, დამფუძნებელი კრების წევრი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის მთავრობების წინაშე, მას ევალება საქართველოს ინტერესების დაცვა ყველა მოკავშირე სახელმწიფოთა მთავრობების წინაშე, ასევე ევალება დაიცვას საქართველოს ინტერესები ყველა საერთაშორისო კონფერენციაზე, სესიაზე და სხვა. ა. ჩხენკელს უფლება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, კონვენციებს, გადაწყვეტილებებს, ოქმებს, გარდა განსაკუთრებული  და მთავრობის მიერ მათი შემდგომი რატიფიკაციის შემთხვევებისა. აკაკი ჩხენკელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და ქართველი ხალხის სახელით მანდატები მიეცა, ასევე, მისი უდიდებულესობის შვედეთის, ესპანეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, ნორვეგიის, დანიის, საბერძნეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, იტალიის მთავრობების წინაშე. ამ წოდებით ის უფლებამოსილია მოლაპარაკება აწარმოოს ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და სხვა საკითხებზე და ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას და ხელშეკრულებას. რწმუნების სიგელი მას უფლებას ანიჭებს სათანადო ხელმოწერისთვის და ბეჭდის დასმისთვის. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ა. ჩხენკელს სრულ ნდობას უცხადებს, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ყველა დეკლარაციას ხელი მოაწეროს“. საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი - ა. ჩხენკელი 1921 წლის 13 თებერვალს ჩავიდა. ე. ი. მაშინ როცა საბჭოთა რუსეთის თავდასხმა საქართველოზე უკვე დაწყებული იყო. ელჩმა რწმუნებათა სიგელები საფრანგეთის პრეზიდენტ ალექსანდრ მილერანს  ელისეს სასახლეში 1921 წლის 25 თებერვალს გადასცა, ზუსტად იმ დღეს, როდესაც საბჭოთა რუსეთის ჯარებმა თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს. საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მდივნის - სოსიპატრე ასათიანის გადმოცემით: „...25 თებერვალს, იმ დროს როდესაც რუსეთის ჯარი თბილისში შედიოდა, საქართველოს საელჩოს წევრნი ელისეს სასახლეში შედიოდნენ „რწმუნების გრამოტის“ ჩასაბარებლად. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა მილერანმა ძალიან კარგად იცოდა ეს ჩვენი უბედურება და სწორედ ჩვენ მიგვიღო, რომ ამით ერთგვარი პროტესტი განეცხადებინა საქართველოს დაპყრობის გამო... მახსოვს ბატონი ფუკიერის (ელჩების წარმდგენი პროტოკოლის შეფი, რა თქმა უნდა მინისტრის ხარისხით) მოსვლა ჩვენს ბინაზე (44 ავენიუ ვიქტორ ჰიუგო). მთელი ქუჩა გაკავებული იყო. ჩავსხედით ორ საგანგებო ეტლში. პირველში საქართველოს ელჩი აკაკი ჩხენკელი და თვითონ ფუკიერი, მეორეში ბ-ნი მიხეილ სუმბათაშვილი და მე. გაგვატარეს ელისეს მინდვრების პროსპექტი. რა თქმა უნდა, ეს ვეებერთელა პროსპექტიც გაკავებული იყო. ჩვენს ეტლებს აქეთ-იქეთ მთელი ესკადრონი მოჰყვებოდა. რამდენად ტკბილი იყო ეს სურათი, იმდენად მწარე, ვინაიდან ამ თვალწარმტაც სურათში არავითარი შინაარსი აღარ იყო. ასეთი დიდი ამბით საფრანგეთის პრეზიდენტთან მიყვანილი ქვეყნის წარმომადგენლობა არაფერს და არავის არ წარმოადგენდა. ჩვენ შეგვიყვანეს დიდ დარბაზში. ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა პრეზიდენტი მილერანიც, რომელსაც წინ მოუძღოდა ფუკიერი; აღნიშნულ ადგილას ჩვენ წინ პრეზიდენტი გაჩერდა. ჩვენ ყველამ თავი მოვიხარეთ, პრეზიდენტმაც. ჩვენმა ელჩმა - აკაკი ჩხენკელმა ამოიღო დაწერილი სიტყვა. მისი წაკითხვის შემდეგ, პრეზიდენტმა უპასუხა იმავე ფორმით და პასუხის შემდეგ ყველას ხელი ჩამოგვართვა. რამოდენიმე სიტყვის გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, გამოგვემშვიდობა და ჩვენ იმავე ფორმით მიგვიყვანეს საელჩოს ბინაზე“. აკაკი ჩხენკელს, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩს და დიპლომატს, საფრანგეთში ელჩის რანგში 13 წელი მოუხდა მოღვაწეობა (1933 წლის ივლისამდე). პარიზში საქართველოს საელჩოს წევრები იყვნენ: აკაკი ჩხენკელი - ელჩი; მდივანი - სოსიპატრე ასათიანი; მიხეილ სუმბათაშვილი და ზურაბ ავალიშვილი - მრჩევლები; ანტონ ჟორჟოლიანი და ალექსანდრე ქუთათელაძე - ატაშე; ეკონომიკური ნაწილის გამგე - მათე სკობელევი, შემდეგში - ნ. ჯუღელი; ინფორმაციული ბიუროს გამგე - ვ. ვოიტინსკი. თითქმის ამ შემადგენლობით, საელჩომ 1933 წლამდე იმუშავა. აკრედიტაციის ყველა მიღებული წესების შესრულება მარტო საფრანგეთში მოხერხდა და ელჩი მხოლოდ იქ ჩაირიცხა დიპლომატიური კორპუსის ნამდვილ წევრად. ამდენად, მარტო პარიზის საელჩო სარგებლობდა სრული უფლებით, რათა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ დიპლომატიური მუშაობა ეწარმოებინა.

       საფრანგეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს დახურვას წინ უძღოდა რუსეთ-საფრანგეთის თავდაუსხმელობის პაქტი, რომლის მომზადება 2-3 წლით ადრე დაიწყო, თუმცა ხელი 1932 წლის 29 ნოემბერს მოაწერეს. აღნიშნული პაქტის მე-4 მუხლში ნათქვამი იყო: „ხელშეკრულების დამდები ორივე მხარე ვალდებულია: არ შექმნას, არ გაუწიოს მფარველობა და დახმარება შეიარაღებით, ფულით და თავის ტერიტორიაზე ყოფნის ნებაც არ მისცეს სამხედრო ორგანიზაციებს, რომელნიც ითვისებენ მეორე მხარის მთელი ტერიტორიის  ან ნაწილის მთავრობის ან წარმომადგენლობის სახელს“. აღნიშნული მუხლი უშუალოდ საქართველოს ეხებოდა, რადგან მაშინ ერთად ერთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იყო პარიზში, რომლის ლეგაცია პარიზში ოფიციალურად არსებობდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates