• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საზღვაოსნო სასწავლებელი

საზღვაოსნო სასწავლებელი. ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ დაარსებული ფოთის საზღვაოსნო კურსები დამოუკიდებლობის პირველივე წელს გადაკეთდა საზღვაოსნო სასწავლებლად. სასწავლებლის მიზანი იყო შორეული და ადგილობრივი რეისების შესრულებისთვის საჭირო საზღვაოსნო კადრების მომზადება, ასევე სამხედრო და სავაჭრო გემების კაპიტანთა და მათი თანაშემწეების აღზრდა. სასწავლებელი ამზადებდა აგრეთვე მექანიკოსებს, საზღვაო ნაპირზე მომუშავე მეზღვაურებს, სანაოსნო და სავაჭრო საზოგადოებათა აგენტებს, პორტის სამმართველოებში მომუშავე კადრებს და სხვ. ეს იყო საშუალო სპეცალური სასწავლებელი, რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფოსაგან, ასევე მის დამატებით შემოსავალს წარმოადგენდა მოწაფეთა მიერ შემოტანილი სწავლის გადასახადი, შემოსავალი სასწავლო გემის ექსპლოატაციისაგან, გადასახადი პანსიონით სარგებლობისათვის, შემოწირულებანი და სხვ. ფოთის საზღვაოსნო სასწავლებელი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. სასწავლებლის დირექტორი 1918-1919 წლებში იყო ივანე დიმიტრის ძე კოსტრიუკოვი. 1919-ის 1 აგვისტოდან მის ადგილზე დაინიშნა ამავე სასწავლებლის პედაგოგი, შორეული ცურვის შტურმანი კაპიტანი ალექსანდრე ივანეს ძე გოგავა. სასწავლებელი ფაქტიურად გოგავამ ჩამოაყალიბა, მას განათლება რუსეთში (მოსკოვში)  ჰქონდა მიღებული, იყო I მსოფლიო ომის მონაწილე, ჩავარდა ტყვედ და გერმანიაში აღმოჩნდა. ის გერმანიიდან ომის დასრულებამდე, 1918-ის აგვისტოში დაბრუნდა. მოსკოვში მას  დარჩა მეუღლე და ვაჟიშვილი. საქართველოდან რუსეთში ვეღარ წავიდა, რადგან ჩათვალა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში მასზე უკეთესი კადრი ცოტა იყო და საზღვაო საქმის განვითარებას უნდა ჩადგომოდა სათავეში. მან საზღვაო სკოლისთვის ბევრი გააკეთა. კარგად იცოდა ინგლისური ენა, რომელსაც ასწავლიდა, მისმა სასწვლო გემებმა და ფოთის სასწავლებლის მოწაფეებმა დიდი ზიანი მიაყენეს და უკან დაახევინეს დენიკინის მოხალისეთა გემებს, რასაც გოგავა აღწერს თავის მიმართვაში განათლების სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორისადმი. მის გარდა ასწავლიდნენ: სასწავლებლის ინსპექტორი, კაპიტანი თვარაძე, სასწავლებლის ადუტანტი, უფროსი ლეიტენანტი ონანაშვილი, სამხედრო ფლოტილიის უფროსი, უფროსი ლეიტენანტი ჩიკვაიძე, პორტების უფროსის თანაშემწე, შორეული ცურვის შტურმანი მალიევი,   ასევე შორეული ცურვის შტურმანი ტკეციშვილი და სხვ. აგრეთვე, პედაგოგები ცანავა, მარჯანიშვილი, მიქაბერიძე. პედაგოგთა ნაწილი არაქართველები იყვნენ, რადგან ასეთი ტიპის სასწავლებლებს საქართველოში დიდი ტრადიცია არ ჰქონდა. სასწავლო პროცესს პედაგოგიური საბჭო ხელმძღვანელობდა. ის ადგენდა სასწავლო გეგმებს, განიხილავდა  პროგრამებს, ანაწილებდა საგნებსა და გაკვეთილებს, უცხოეთიდან  იწერდა სასწავლო სახელმძღვანელოებს, ხელმძღვანელობდა პრაქტიკულ მეცადინეობებს და სხვ. სასწავლებლის სამეურნეო საბჭო ხელმძღვანელობდა სახელოსნოების მუშაობას, მასში შედიოდა სასწავლებლის დირექტორი, სასწავლო გემის უფროსი, სახელოსნოების გამგე, პედსაბჭოს მდივანი და თითო წევრი პედსაბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრთაგან. სასწავლებლის სასწ. საგანმანათლებლო და სამეურნეო საქმეებს განაგებდა მზრუნველთა საბჭო. საბჭოს წევრები სხვადასხვა სამინისტროებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ:  განათლების, ფინანსთა, სამხედრო  სამინისტროების წარმომადგენლები, საბაჟო სამსახურის, საქალაქო თვითმმართველობის, საბირჟო კომიტეტის, სანაოსნო საზოგადოების, იმ დაწესებულებათა წარმომადგენელნი, რომლებიც საზღვაოსნო სასწავლებელს მატერიალურ დახმარებას უწევდნენ. საზღვაო სასწ-ში ასწავლიდნენ: გემების აგებისა და შეკეთების თეორიას, გემების მექანიკას, ნავიგაციას, ოკეანოგრაფიას, ხომალდის ნაწილებსა და  ჰიგიენას, მეტეოროლოგიასა და ამინდზე დაკვირვების თეორიას, ბაგირებისა და იალქნების თეორიას, საიალქნო გემების მართვას, ორთქლის გემების მართვას, გემების მოცულობისა და ტონაჟის შესახებ, სიგნალიზაციის საკითხებს, გემზე პირველი დახმარების გაწევის წესებს,  სხვადასხვა ოკეანის თავისებურებებს, საერთაშორისო ნაოსნობის წესებს და სხვა სპეციალურ დისციპლინებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მათემატიკურ საგნებს და ინგლისური ენის სწავლას.   საზღვაოსნო საწავლებლის ყველა დეტალი შეტანილი იყო მის ვრცელ წესდებაში. მოსწავლეებს ჰქონდათ სპეციალური ფორმები. ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან იმ სპეციალობის მიხედვით, რომელსაც მოსწავლეები ეუფლებოდნენ.                        

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates