საეკლესიო მუზეუმი .საქართველოს საეკლესიო მუზეუმი, - „საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ძმობასთან არსებული საეკლესიო განძთსაცავი“ შეიქმნა 1888. მისი დამაარსებლები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ნიკო თვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვლი, ნიკოლოზ კალისტოვი. დამოუკიდებლობის წლებში, 1918-ის 3 სექტემბრიდან 1921-ის 21 მარტამდე ის მდებარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ( 1888-1916 წლებში ის სიონის ეკლესიაში იყო მოთავსებული, 1916-1918 წლებში თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში). იყო არასახელმწიფო, კერძო ორგანიზაცია. მისი ხელმძღვანელები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე( 1888-1890), თედო ჟორდანია (1889-1898), მოსე ჯანაშვილი (1898-1918). 1918 სიძველეთსაცავი გადატანილი იქნა ახლადდაფუძნებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შეიქმნა “სიძველეთა დაცვის მუზეუმი”. მუზეუმის გამგედ დაინიშნა კორნელი კეკელიძე, მოადგილედ - მოსე ჯანაშვილი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს საეკლესიო მუზეუმში საქართველოს ეკლესიებიდან შეტანილი ბევრი საეკლესიო ნივთი იქნა დაცული, რამაც ეს ნივთები ძარცვა-განადგურებას გადაარჩინა, რაც იმდროინდელ არასტაბილურ ვითარებაში ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო. საქართველოს საეკლესიო მუზეუმი - „ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების საეკლესიო სიძველეთსაცავი“ - საქართველოს გასაბჭოების გამო, 1921-ის 21 მარტს დაიხურა. თვით კოლექცია უნივერსიტეტის შენობაში დარჩა. 1930 ყოფილი საელესიო მუზეუმის ხელნაწერების კოლექცია გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, ხოლო 1956 ახლადდაფუძებულ ხელნაწერთა ინსტიტუტს, სადაც დღემდე დაცულია ცალკე „A"კოლექციის“ სახით.