• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რევოლუციური კომიტეტი

რევოლუციური კომიტეტი. 1921-ის 26 იანვარს რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ფაქტობრივად გადაწყდა საქართველოს გასაბჭოება სამხედრო ინტერვენციის გზით. მოგვიანებით, მხედველობაში მიიღეს, სტალინის მიერ ადრე წამოყენებული წინადადება, საქართველოს რომელიმე რაიონში შეიარაღებული აჯანყების მომზადების შესახებ. რკპ(ბ) კავკასიის ბიურომ წინასწარ შეარჩია აჯანყების ადგილი - ლორეს რაიონი, სადაც უნდა მომხდარიყო ადგილობრივი სომხურ-რუსული სოფლების მოსახლეობის გამოსვლა. 1920-ის დეკემბრის მეორე ნახევარში შეიქმნა „მეამბოხეთა შტაბი“ , რომლის ხელმძღვანელად, ს. ორჯონიკიძის მითითებით დაინიშნა ი. ლაზიანი. საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის ნაწილები 11-12 თებერვლის ღამეს დაესხნენ თავს ქართული არმიის ნაწილებს, ხოლო წითელი არმიის ძირითადი ძალები 16 თებერვალს შემოიჭრნენ საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან. სწორედ ამ დროს, 1921-ის 16 თებერვალს კავბიუროს მითითებით საქრთველოს კპ(ბ) ცკ-მა სოფ. შულავერში შექმნა ე. წ.  საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც თითქოს უნდა ეხელმძღვანელა მშრომელთა აჯანყებისათვის. გარდა ამისა, რევოლუციურმა კომიტეტმა 16 თებერვალს გაუგზავნა საბჭოთა მთავრობას თხოვნა, დახმარება აღმოეჩინა საქართველოს, თითქოს აჯანყებული მშრომელებისათვის. სინამდვილეში ეს აქტი ცუდად შენიღბული ფარსი იყო, რადგან ამ დროს უკვე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს სამხედრო ძალებს შორის და საბჭოთა არმია უკვე შემოჭრილი იყო სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე. კრემლს თავი არ შეუწუხებია აჯანყების ინსცენირების სრულყოფილად შენიღბვისათვის. თვით, რევოლუციური კომიტეტის ვითომდა ხელმძღვანელი ფ. მახარაძე, „შულავერის კომიტეტის“ შექმნის დროს მოსკოვში იმყოფებოდა, ხოლო მეორე ყველაზე თვალსაჩინო ბოლშევიკი წევრი ბ. მდივანი ოსმალეთში გახლდათ, როგორც საბჭოთა რუსეთი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში. ფაქტიურად, რევკომი კოსმეტიკური სტრუქტურა იყო, რომელიც ფორმალურად გამოდიოდა არარსებულ საქართველოს აჯანყებულ მშრომელთა სახელით.  მიუხედავად ამისა, რევკომმა წარმატებით შეასრულა მეხუთე კოლონის ხელმძღვანელის ფუნქცია - უცხო სახელმწიფოს დამპყრობელ არმიას შემოუძღვა საკუთარ  სუვერენულ სახელმწიფოში, საოკუპაციო არმიის ხელით დაამხო მისი ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება და მასთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობაც. საქართველოს ხელისუფლებამ ერთადერთი და ადეკვატური შეფასება მისცა „შულავერის კომიტეტის“ მოქმედებას. 1921-ის 21 თებერვალს შედგა საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, რომლის მიერ მიღებული დადგენილებით, რევკომის წევრები: „ფილიპქ მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ომარ ფაიკი, ამაიაკ ნაზარეტიანი, ალექსანდრე გეგეჭკორი, და ბესო კვირკველია აღიარებულ იქნენ საქართველოს ხალხის მოღალატეებად, ჩამოერთვათ მათ მთელი ქონება და გამოცხადდნენ საქართველოს კანონთა მფლობელობის გარეშე“.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ რევკომი ფორმალურად ასრულებდა ქვეყანაში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას. რეალურად იგი ემორჩილებოდა კავკასიის ბიუროს მითითებებს, რომელიც თავის მხრივ მოსკოვის ნების აღმსრულებელი იყო. 1922 თებერვალში რევკომმა დაასრულა თავისი ერთწლიანი მარიონეტული ფუნქციონირება და ასევე ფორმალურად ხელისუფლება გადასცა ახალარჩეულ საბჭოებს, რომელიც უკვე სამმაგი დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდა - რკპ (ბ) ცკ-ისა, კავკასიის ბიუროსი და საქართველოს კპ(ბ) ცკ-ისა. ქართველი ბოლშევიკ-კომუნისტების ნაწილს იქნებ მართლაც სჯეროდა, რომ გასაბჭოებული საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი მათგანი, აღიარებდა რომ საქართველოში საბჭოთა რუსეთის ინტერვენცია და ოკუპაცია განხორციელდა. 1921-ის 6 დეკემბერს ფ. მახარაძე რკპ(ბ) ცკ-დმი დაწერილ მოხსენებით ბარათში წერდა, რომ 1921-ის დასაწყისში საქართველოში არავინ აჯანყებულა და კომუნისტური ორგანიზაციებიდან არავის უფიქრია არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ გამოსვლაზე, ხოლო „საქართველოს საზღვრებში წითელი ჯარებს შესვლამ და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებამ გარედან დაპყრობის ხასიათი მიიღო“. თავდაპირველად და არაოფიციალურად, იგივეს აღიარებდნენ სხვა კომუნისტი ლიდერები (სტალინი, ტროცკი,ორჯონიკიძე...).           

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates