• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

პროფესიული კავშირების ცენტრი

პროფესიული კავშირების ცენტრი -  შრომის საკითხი დემოკრატიული რესპუბლიკისათვის  უმნიშვნელოვანესი იყო. 1 მაისის დღესასწაული, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იმ მცირე რაოდენობის უქმე დღეთა შორის იქნა შეტანილი რომელსაც რესპუბლიკა აცხადებდა. დემოკრატიული რესპუბლიკა გამოსცემდა კანონებს რომელიც მიმართული იყო მშრომელთა უფლებების დაცვისაკენ, თავად ქვეყნის უმაღლეს კანონში კონსტიტუციაში ცალკე თავად „სოციალ-ეკონომიკური უფლებანი“ გაცხადებული იყო შრომის თავისუფლებასთან, მშრომელთა უფლებებისა და შრომის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოში 113 პროფესიული გაერთიანება არსებობდა, რომელთაგანაც 33 თბილისში არსებობდა ხოლო 80 საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროფესიულ კავშირების წევრთა რაოდენობა 54 700 აღემატებოდა, მათგან ნახევარზე მეტი თბილისში იყო თავმოყრილი. პროფესიული კავშირის ცენტრი თბილისში მდებარეობდა, ე.წ. „შრომის სასახლეში“. პროფესიული კავშირის  მნიშვნელოვანი ცენტრები მდებარეობდა ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, ტყიბულსა და ჭიათურაში. 1919-ს 11-16 აპრილს თბილისში გაიმართა პროფესიული კავშირების პირველი ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა 87 კავშირის 198 დელეგატი დაესწრო. ყრილობის დღის წესრიგში შედიოდა: ა) შრომის სამინისტროს მუშაობა, ბ) ფასებისა და ხელფასების დამოკიდებულება, გ) შრომის ბაზარი, დ) დღევანდელი მომენტი და პროფკავშირთა ამოცანები.  ყრილობაში მონაწილეობა მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის მოადგილემ გიორგი ერაძემ. ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება შრომის სამინისტროსთან ერთად შეექმნა სატარიფო პალატა, რომელიც  დაარეგულირებდა შრომით დავებსა და ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხებს. პროფესიული კავშირების ცენტრი ხშირად მონაწილეობდა   გაფიცვებში, 1919 წელს 9 გაფიცვა გაიმართა, მათ შორის  განსაკუთრებით მასშტაბური იყო, კერძოდ ტყიბულის მეშახტეთა   და თბილისი თვითმმართველობის მოხელეთა გაფიცვები.  ცენტრმა პირველი ყრილობის შემდეგ დააარსა პერიოდული გამოცემა „მუშათა ცხოვრება“. პროფესიული კავშირის ცენტრის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული პარტიათა წარმომადგენლებიც. კავშირის წევრთა აბსულიტური უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებისგან შედგებოდა, თუმცა ცალკეულ პროფესიულ კავშირებში სხვა პარტიებიც მნიშვნელოვანი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი, მაგალითად მასწავლებელთა და ბეჭდური სიტყვის კავშირში სოციალ-ფედერალისტი დელეგატები სჭარბობდნენ.  პროფესიული კავშირი ეთნიკური სიჭრელითაც გამოირჩეოდა, გამომდინარე იქიდან რომ პროლეტარიატთა მნიშვნელოვან ნაწილს სომხები და რუსები შეადგენდნენ. მუშათა გაერთიანებები  პოლიტიკური საკითხების გადაჭრის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული. პროფესიული კავშირების ცენტრი 1920-ს გეგმავდა დელეგაციის გაგზავნა რუსეთის საბჭოთა მთავრობასთან, დელეგაციის წევრები არჩეულიც იქნა, თუმცა საბჭოთა რუსეთმა დელეგაცია არ მიიღო. პროფკავშირების ცენტრი 1921-ს თებერვალში აქტიურად იყო ჩართული დამოუკიდებლობის დაცვისათვის ბრძოლაში, უშუალოდ ბრძოლებში მონაწილეობის გარდა აქვეყნებდა მუშებისადმი მიმართვებსა და მოწოდებებს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates