• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„პრომეთე“ (## 1,2, 3,  1918, თბილისი)

„პრომეთე“ (## 1,2, 3,  1918, თბილისი) -  ყოველთვიური სალიტერატურო, სამეცნიერო და საპოლიტიკო ჟურნალი. რედაქტორები:  პავლე ინგოროყვა,  იოსებ ყიფშიძე, კონსტანტინე გამსახურდია. გამომცემელი ისიდორე სტურუა.  ჟურნალის სულ სამი ნომერი დაიბეჭდა. „პრომეთეს“ ეხმარებოდა და პროპაგანდას უწევდა სოციალისტ–ფედერალისტთა მთავარი ორგანო „სახალხო საქმე“, რომელსაც სამსონ ფირცხალავა რედაქტორობდა. გამოცემის თანამშრომელთა უმრავლესობა და გამავრცელებლებიც ამ პარტიის წევრები იყვნენ. ცნობილია, რომ ბერლინიდან დაბრუნებული ახალგაზრდა კ. გამსახურდია სწორედ „სახალხო საქმის“ რედაქციაში  მუშაობდა იმ დროს, როცა „პრომეთეს“ გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. თანამოაზრეებთან ერთად, მან ჟურნალის  ირგვლივ თვალსაჩინო ქართველი მწერლები და მეცნიერები შემოიკრიბა.  „პრომეთეს“ ავტორებად გვევლინებიან: კონსტანტინე გამსახურდია, ვაჟა–ფშაველა, იოსებ გრიშაშვილი, დავით კლდიაშვილი, პავლე ინგოროყვა, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ვასილ ბარნოვი, აკაკი პაპავა, კოტე მაყაშვილი, არისტო ჭუმბაძე, კონსტანტინე ჭიჭინაძე, სერგო გორგაძე, სიმონ გაჩეჩილაძე („წეველი“), გიორგი ახვლედიანი,  ვარლამ ჩერქეზიშვილი და სხვები. ჟურნალის ძირითადი თემა იყო კულტურის პრობლემები. მისი შინაარსი რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა: ბელეტრისტიკა (ვ. ბარნოვი, ვაჟა-ფშაველა, ი. გრიშაშვილი, ა. ჭუმბაძე და სხვ.); საქართველოს ისტორია (ივ. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძისა და სხვ. გამოკვლები); სხვადასხვა დარგის სამეცნიერო სტატიები (დ. უზნაძის, გ. ახვლედიანის, ვ. ჩერქეზიშვილისა და სხვათა ავტორობით). წარმოდგენილი იყო ასევე პოლიტიკური მიმოხილვები  და უცხოეთის მწერლობის განყოფილება. სარედაქციო წინათქმაში „რედაქციის მიერ“ ნათლადაა ჩამოყალიბებული ის ამოცანები, რომელთაც ჟურნალის მესვეურები თავიანთ გამოცემას აკისრებდნენ. მთავარ მისიად ისახავდნენ ქართული კულტურის, მათ შორის ბეჭდური სიტყვის განვითარების ხელშეწყობას („დღეს უნდა დაადგეს განახლებისა და აღორძინების გზას ჩვენი კულტურა, კულტურა, რომელსაც თავისებური ქართული სახე აქვს და რომელსაც მრავალი საუკუნე უმაგრებს ზურგს“..). გამოცემის შინაარსსა და სტრუქტურაზე საუბრის გარდა,  განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა სარედაქციო პოლიტიკაზე, რომელსაც მაღალეთიკური პრინციპებით საზღვრავდნენ. ასე მაგალითად,  ჟურნალი პოლიტიკური თემატიკის განხილვისას მიუმხრობლობისა და სამართლიანობის დაცვის პირობას იძლეოდა („პოლიტიკურ მიმოხილვაში დაცული იქნება სრული მიუკერძოებლობა და ობიქტურობა“). ჟურნალში დასტამბულ მრავალრიცხოვან პუბლიკაციათა შორის ცალკე აღნიშვნის ღირსია: ვაჟა–ფშაველას ლექსი „ბუნების გლოვა“ (#2), დ. კლდიაშვილის „მშობლის ნუგეში“ (#1), ვ. ბარნოვის მოთხრობა „ამქრის მშვენება“ (#3), კ. გამსახურდიას ლექსები: „ბერლინი“ (#1), „მიზანტროპი“ (#2), „ქორწილი“ (#2), სონეტები (#3), პოლიტიკური ესსე „Anno, 1917“; აკ. პაპავას „ნახშირის ხაზები“ (#1), ა. შანიძის „ქართული ეროვნული ჰიმნი“ (#1), ივ. ჯავახიშვილის „ქალაქები, საქალაქო წესწყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს.“(#1), კ. კეკელიძის „იოანე პეტრიწის სამწერლო მოღვაწეობიდან“ (#1), ს. გიორგაძის „ნ. ბარათაშვილის ლექსის ფორმა (#2), პ. ინგოროყვას „კავკასიის“ ქვეყნების ტერიტორიული გამიჯვნის გამო“ (#2), ვ. ჩერქეზიშვილის „საქართველოს პეტიცია საერთაშორისო კონფერენციისადმი ჰააგაში 1907 წ.“ (#3), ო. ტერ–გრიგორიანის „მშაკი“ და სომეხ–ქართველთა ურთიერთობა“(#2) და სხვ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates