• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„მსახიობის დღე“

„მსახიობის დღე“ (1920, 1921, 1923) - მსახიობთა ყოველწლიური ორგანო. გამომცემელი სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირი. გაზეთის  რედაქტორი იყო შალვა დადიანი. გამოიცემოდა თბილისში, მსახიობის დღის აღსანიშნავად. 2 იანვარი ქართული თეატრის დაბადების  დღეა, სწორედ ამ დღეს, 1920,  გაიმართა ქართველ  მსახიობთა ყრილობა.  გაზეთის 1920 წ-ის მეორე  ნომერი მთლიანად ეძღვნება სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირის ისტორიას. პირველივე  გვერდზე დაბეჭდილია  განცხადება მსახიობის დღის აღნიშვნის  შესახებ  და თბილისში წარმოდგენილი 14 სპექტაკლის  ჩამონათვალი. საგაზეთო პუბლიკაციები  ეხმიანება  მსახიობთა დღესასწაულს. ამ მოვლენას ეძღვნება  გ. ახალციხელის „მსახიობთა დღე – ჩვენი დღესასწაულიც არის“,  დ. ჭიაბერაშვილის „სალამი“, აგრეთვე ე.  ანდრონიკაშვილის „ოცნება... და მხოლოდ ოცნება“ და სხვ. იოსებ იმედაშვილის სტატიაში „ქურუმი ეროვნებისა“  საუბარია ქართული  სამსახიობო სკოლის  განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპებზე.  ავტორი საზოგადოებას ულოცავს  დღესასწაულს და მას ქართული კულტურისათვის   მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს.  ამავე  ნომერში იბეჭდება ანკეტა, რომელიც მსახიობთა საბჭომ დაუგზავნა თავის წევრებს. 

1923 წ-ის   ექვსგვერდიანი გამოცემა  თავს უყრის  ქართული თეატრის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ  მწერალთა და მსახიობთა სტატიებს. ქართული თეატრის მდგომარეობას,  განვითარების პერსპექტივასა და პრობლემებს ასახავს დ. კანდელაკის „განათლების სახალხო კომისარის წერილი“ და    გრ. რობაქიძის „ქართული თეატრი“. გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ  იმჟამად საქართველოში მყოფ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინთან, რომელსაც ესაუბრა მსახიობი ვ. ჯიქია. საუბარი შეეხო თეატრის აწმყოს, ამოცანებს, ქართულ დრამატურგიას, თეატრალური სკოლების დაარსების საკითხს.  ქართული თეატრის იუბილეს ეძღვნება  აკაკი ფაღავას წერილი „73“. გაზეთში იბეჭდება ივ.  გომართელის სტატია  „ქართული ხელოვნება“, ალ. ახმეტელის „ახალი სახიობა“,  კ. აბაშიძის „ქართული დრამის მოკლე მიმოხილვა“, დ. ლიხელის „ქართული თეატრი“, ალ. წუწუნავას „მისალოცი ქართული თეატრისადმი“,  ვ.  ფალიაშვილის „ოპერა“ და  სხვ. ახლაფეხადგმულ  კინოხელოვნებას  ეხება ვ. ბარსკის „წერილი კინემატოგრაფიაზე“. გაზეთი  აქვეყნებს მ. ბალანჩივაძის მუსიკალური ნაწარმოების ,,ზღაპრის“ ნოტებს, აქვე იბეჭდება ს. შანშიაშვილის, შ, მღვიმელისა და  ვ. რუხაძის ლექსები.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates