• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

იმედაშვილი იოსებ

იმედაშვილი იოსებ ზაქარიას ძე (23.III.1876, სოფ. ხაშმი, თბილისის მაზრ. - 5.V.1952, თბილისი) -საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ჟურ. ,,თეატრი და ცხოვრება“ გამომცემელ-რედაქტორი. ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. ადრე დაობლდა. 12 წლის თბილისის სახელოსნო-საზეინკლო სკოლაში სწავლობდა. მეორე კლასიდან გამორიცხეს რევოლიციურ მოძრაობაში ჩაბმის გამო. ამ დროს დააარსა ხელნაწერი ჟურნალი ,,თარი“. ჰქონდა ორატორობის ნიჭი, რომლის წყალობითაც ყურადღების ცენტრში მალე მოექცა. 1892-1893 წწ-ში ქაშვეთის უკან, ჯორჯაძის ქუჩაზე ფიქტიური წიგნსაბეჭდი გახსნა, რომელიც არალეგალურ შეკრების ადგილად იქცა. აქ ხვდებოდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ზ. ჭიჭინაძე, ლ. კეცხოველი                                   ა. ფურცელაძე, მ. ჯავახიშვილი და სხვ. 1893  ი.ი.-მა დააარსა პირველი მუშათა თეატრი - ავჭალის აუდიტორია, რომლის პირველი რეჟისორი და წესდების ავტორი თავად იყო. 1895 წ-დან ხელმისაწვდომ ფასად წიგნების გამოცემა დაიყწო. 1899 ვაჟა-ფშაველას ,,ბახტრიონი“, პუშკინის ლექსები გამოსცა. 1902 კი - გორკის თხზულებათა ქართული თარგმანი, აგრეთვე, ევდოშვილის ლექსები.  1902-1903 წწ-ში დააარსა ისნის სახალხო თეატრი (მურაშკოს სახლში), სადაც მეუღლესთან, ანა ჟურულთან ერთად თამაშობდა. 1903-1904 წწ-ში გაზ. ,,ივერიას“ საკვირაო ფელეტონებში დაიბეჭდა მისი რომანი ,,აახ-ვააახ!“ ეს იყო პირველი ქართული სატირული რომანი. მანამდე თანამშრომლობდა გაზ. ,,ცნობის ფურცელისა“ და ,,კვალის“. 1904 ქართულად გამოსცა ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (მეორედ 1918, მესამედ კი - 1928-ში). 1904 წ-ის იანვარში არალეგალური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოკეტეს. 1910 დააარსა ყოველკვირეული ჟურ. ,,თეატრი და ცხოვრება“. გამოდიოდა 1914-1920 და 1923-1926 წწ-ში. ჟურნალი ეხმიანებოდა ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ ცხოვრებას. იბეჭდებოდა: კულტურული ცხოვრების ქრონიკა, წერილები, რეცენზიები, პიესები, ლექსები, ბიოგრაფიები, ნეკროლოგები, რეკლამები, მოწოდებები ქვეყნის კულტურული დაწესებულებებიდან და სხვ. უხვად იყო შემკული ფოტოებითა და ჩანახატებით, ხშირად იბეჭდებოდა კარიკატურები.

1917 გამოსცემდა გაზ. ,,ხალხის ერთობა“, მოგვიანებით კი - ,,ხალხის თავისუფლება“. 1918 იყო უნივერსიტეტის დაარსების კრების მონაწილე. 1918 უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის თავისუფალ მსმენელად შევიდა. თეატრისა და უნივერსიტეტის დასახმარებლად ჟურნალში ლატარიას ბეჭდავდა. პოლიტიკურად თავისუფალი გარემო ჟურ. ,,თეატრი და ცხოვრება“ შეეხო. მის ფურცლებზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მიმდინარე კულტურული ცხოვრების პარალელურად, რესპუბლიკაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებიც შუქდებოდა, იბეჭდებოდა მთავრობის წევრების ფოტოები და ბიოგრაფიები. ჟურნალი ეხმიანებოდა ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს და ბრძოლაში დაღუპულ მეომრებზე ნეკროლოგებს აქვეყნებდა. სპეციალური ნომრები მიეძღვნა 26 მაისის დღესასწაულს - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადებას. ყოველივე ი.ი-ის აქტიურობითა და უშუალო მონაწილეობით ხდებოდა. ი.ი წერდა ფსევდონიმებით  ,,უსავანი“, ,,ი. წინამძღვარი“, ,,ი-ელი“, ,,წინ-არი“. 1920  ჟურნალის 10 წლის იუბილეს სპეციალური ნომერი მიეძღვნა, სადაც ი.ი.-ის არაერთი ფოტო დაიბეჭდა, წერილები მიუძღვნეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს ივ. გომართელმა, ი. მოსაშვილმა, დ. ნახუცრიშვილმა, დ. ახვლედიანმა, ალ. მირიანაშვილმა, ეკ. გაბაშვილმა, გ. ჯაბაურმა, კ. გერგესელმა, სვ. წერეთელმა. ამავე ნომერში დაიბეჭდა ლადო გუდიაშვილის ჩანახატი - იოსებ იმედაშვილი მუშაობის დროს. გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: გ. იმედაშვილი, ი. იმედაშვილის ცხოვრების გზაზე, თბ.,  1984; ი. იმედაშვილი, ჩემი ცხოვრების წიგნი, თბ., 1978; ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1918-1920.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates