• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„ლეილა“

„ლეილა“ (1917, 1920, 1924, თბილისი) - სამხატვრო-სალიტერატურო კრებული, რედაქტორი იოსებ გრიშაშვილი,  გამომცემელი მ. ციციშვილი. თავიდან იბეჭდებოდა სტამბა „ქართლში“, 1924  კი დაიბეჭდა „პოლიგრაფსკოლის“ სტამბაში. სულ გამოვიდა ჟურნალის სამი ნომერი. კრებული ძირითადად მხატვრულ ნაწარმოებებს უთმობდა ადგილს. აქ დაბეჭდილი თხზულებებიდან უნდა გამოვყოთ ი. გრიშაშვილის, პ. იაშვილის, ვ. გაფრინდაშვილის, ს. შანშიაშვილის, ს. აბაშელის, კ. მაყაშვილის, ი. მჭედლიშვილის, ს. ფაშალიშვილის, გ. გვაზავას, კ. ჭიჭინაძის, მარიჯანის ლექსები; შ. დადიანის, ლ. ქიაჩელის, გ. ქიქოძის, ა. ჭუმბაძის, ნ. შიუკაშვილის, ნ. ლორთქიფანიძის, ივ. გომართელის, კ. კაპანელის, ლ. შენგელაიას, მიხ. ბოჭორიშვილის, დ. თურდოსპირელის, ა. პაპავასა და სხვათა  პროზაული ნაწარმოებები. მეორე ნომრიდან (1920) მარუთა შუამდინარელის ავტორობით კრებულში ჩნდება რუბრიკა „ახალი წიგნები“, რომელიც მკითხველს  საგამომცემლო სიახლეების შესახებ აწვდის ინფორმაციას (მაგ.: გ. ქიქოძის წიგნი „ეროვნული ენერგია“, ვ. გაფრინდაშვილის „დაისები“ გ. ტაბიძის ლექსების მეორე ტომი და სხვ.). აღსანიშნავია, რომ ჟურნალის მეორე ნომრის გარეკანი ნომრის ავტორთა ხელმოწერებითაა გაფორმებული, მესამე ნომერს კი ერთვის სარეკლამო განცხადებები. ჟურნალის პირველ ნომერში (1917) იბეჭდება გრიგოლ რობაქიძის წინათქმა „ლეილა“, რომელშიც ავტორი რედაქტორს, იოსებ გრიშაშვილს, გამოცემისთვის შერჩეულ სახელს უწონებს („მგონი, პირველად ერქვა ჟურნალს ქალის სახელი, „ლეილა“ აღმოსავლეთის სილამაზეა“).  წერილში ჟურნალის კონცეფციაა გაცხადებული და საქართველოსთვის აღმოსავლეთის, როგორც კულტურული და მსოფლმხედველობრივი ვექტორის, ღირებულებით მნიშვნელობას წარმოაჩენს. მას ავტორი დასავლეთთან არა ოპოზიციურ, არამედ თანამშრომლობით ჭრილში განიხილავს. მისი თქმით, დასავლეთი  ძვირფასია, მაგრამ „ევროპისთვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ. უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ“. „ლეილამ“ სწორედ აღმოსავლეთის გული და გონება უნდა გადაგვიშალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ევროპას დაივიწყებს. „მრავალი სატეხნიკო შეძენა ხელოვნებაში მოგვცა ევროპამ. ჩვენც მათ გამოვიყენებთ, როგორც ინსტრუმენტებს, - ხოლო მათ აღმოსავლეთური ჰანგებით ავამეტყველებთ“... - ასეთია, გრ. რობაქიძის შეფასებით, ჟურნალ „ლეილას“ დანიშნულება. ქართული კულტურის ღირებულებითი ორიენტაციის თემას ეძღვნება  ასევე  ვახტანგ კოტეტიშვილის ცნობილი წერილი „აზიისაკენ“ (№2, 1920 წ.), რომელშიც ავტორი ქართული ხელოვნების საჭიროებებსა და მის იდეურ მიმართულებაზე საუბრობს. იგი გამოკვეთს აღმოსავლეთის როლს  ქართული კულტურის განვითარებაში და ეხმიანება ზემოაღნიშნული წერილის პათოსს ჟურნალის დანიშნულების თაობაზე. მწერლის თქმით, ქართული ხელოვნება ასცდა თავისი ბუნებრივი განვითარების გზას და საჭიროა  დაუბრუნდეს მას, ანუ კვლავ აზიისაკენ აიღოს გეზი („..აზიაში მყოფნი, ევროპიდან უმზერდით აზიას. ამიტომ ჩაგვიქრა შემოქმედება, მკვდარ მიმბაძველობამ კი დაგვასნეულა“.) „ლეილაში“ გამოთქმულ შეხედულებებს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა სხვა გამოცემების მხრიდან. მაგ., ვ. კოტეტიშვილის წერილის პასუხად, ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№26, 1920) დაიბეჭდა პ. კეკელიას სტატია „ევროპა თუ აზია“, რომელშიც ავტორი საუბრობს ჩვენში გაბატონებულ კულტურულ-ესთეტიკურ მიმდინარეობებზე  და დაასკვნის, რომ მისი თანადროული ქართული ხელოვნების „დევიზი უნდა იყოს არა აზიისაკენ, არამედ წინ – ევროპისაკენ“. მისი თქმით,  „ჩვენი ყოველმხრივი განვითარება ევროპულ ყაიდაზე სწარმოებს“. ჟურნალში იბეჭდება იოსებ გრიშაშვილის ლექსები: „სპარსეთის დედოფალი“, “ერთგვირგვინოსანს“, „ქორწილი ჩვენუბანში“ (1920, №2), „ჩემს ცოლებს“ (1924, №3) და სხვ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates