ლატვიის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოში - 1920-1922 წწ-ში მდებარეობდა თბილისში, მიხეილის (შემდგომში - პლეხანოვის, ამჟამად - დავით აღმაშენებლის) პროსპექტზე, №171-ში, ლატვიელთა სათვისტომოს მახლობლად (№180). დაფუძნდა 1920 წ-ის მარტში, როგორც ლატვიის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. კონსულის თანამდებობაზე მოღვაწეობდნენ ოსკარს ბუმანისი (1899-1937) და იანის პუნინში (1889-1968). 1921 წ-დან ლატვიის ვიცე-კონსულის მოვალეობას ასრულებდა იული კარლის ოსკარ სტრაუმე (1874-1970) - საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი, მხატვარი და პედაგოგი, რომელიც საქართველოში 16 წელიწადს (1907-1923) ცხოვრობდა. ამ თანამდებობაზე იგი მოღვაწეობდა ლატვიის საკონსულოს დახურვამდე, კერძოდ, 1922 წ-ის 10 თებერვლამდე. საკონსულო ზრუნავდა საქართველოში მყოფ ლატვიელთა სამშობლოში დაბრუნებისათვის. 1922 წ-ის 12 სექტემბერს ი. სტრაუმემ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი: „თუ ამიერკავკასია ის ხიდია, რომელზედაც აღმოსავლეთთან გადებულია ეკონომიკური, სავაჭრო და საწარმო ინტერესების გზა, თუ ლიტვა და ესტონეთი საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას ცდილობენ (ლიტვამ გამოგზავნა სრულუფლებიანი სავაჭრო წარმომადგენელი, ხოლო ესტონეთმა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თბილისში დააარსა თავისი წარმომადგენლობა - სრულიად კავკასიასთან და სპარსეთთან კავშირისათვის და ახლო მომავალში ელოდება გემს - ესტონური საქონლით), მაშინ ლატვიასაც, ჩემი რწმენით, კავკასიაში თავისი წარმომადგენლობის შენარჩუნების საკმაო დაინტერესება უნდა გააჩნდეს“. ამის მიუხედავად, თბილისში ვეღარ მოხერხდა ლატვიის საკონსულოს აღდგენა, რის გამოც ი. სტრაუმე 1923 წ-ის ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა.