ლატარია - პირველი ქართული ლატარია. საქველმოქმედო ეროვნული ლატარია, რომლის მთელი შემოსავალი მოხმარდა თბილისის უნივერსიტეტსა და ქართულ თეატრს. ამ ლატარიის საბჭოს თავმჯდომარე იყო ივანე ჯავახიშვილი, ხოლო მმართველობის თავმჯდომარე - გიორგი ლასხიშვილი. ლატარიის მოწყობის იდეა გაჩნდა 1917 წ-ის ზაფხულში. მისი მიზანი იყო პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებისათვის საჭირო სახსრების შეგროვება. 1917 წ-ის 29 ნოემბერს ამიერკავკასიის კომისარიატმა თანხმობა განაცხადა ამ ლატარიის მოწყობაზე. გადაწყდა, გამოეშვათ 25 მანეთის ნომინალური ღირებულების მქონე ლატარიის ბილეთები (5 მლნ მანეთის საერთო ოდენობით). აქედან ნახევარი მლნ უნდა დახარჯულიყო მოგებაზე, შემოსავლის ნახევარი უნდა გადასცემოდა ქართულ უნივერსიტეტს (ნაღდი თანხის სახით), მოგების 5 პროცენტი უნდა მიეღო მსახიობთა კავშირს, ხოლო დანარჩენი თანხით უნდა აეშენებინათ შენობა ქართული თეატრისათვის. ლატარიის ბილეთების გავრცელება გაჭიანურდა. ქართულ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა მოწოდებები ლატარიის ბილეთების შესაძენად. ბილეთები იყიდებოდა საქართველოს ქალაქებსა და დაბებში, სადაც ცნობილი ქართველი მწერლები, მსახიობები და საზოგადო მოღვაწეები აგიტაციას უწევდნენ მის გავრცელებას. მაგალითად, ამ მიზნით, შ. დადიანი და ვ. აბაშიძე ჩავიდნენ ქუთაისში, ფოთში, სენაკსა და ზუგდიდში, ვ. ბარნოვი და დ. ჭიაბრიშვილი - დუშეთსა და თიანეთში და სხვ. ლატარიის გათამაშება განზრახული იყო 1918 წ-ის 25 დეკემბერს, მაგრამ მას ხელი შეუშალა იმხანად მიმდინარე საქართველო-სომხეთის ომმა და მკაცრმა ზამთარმა. ამის გამო, ლატარიის გათამაშება 1919 წ-ის 1 ნოემბერს შედგა თბილისის სახელმწიფო თეატრში (ამჟამინდელი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი). ლატარიიდან მიღებული შემოსავლიდან თბილისის უნივერსიტეტს გადაეცა 1 077 677 მანეთი.