• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„კრონოსის სარკე“

„კრონოსის სარკე“  (№1-ოქტომბერი, №2 -  ნოემბერი,  1919,  თბილისი) - ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალი. რედ. - სარედაქციო კოლეგია. ჟურნალს გამოსცემდნენ „ცისფერყანწელთა“ მიმდევარი ახალგაზრდა სიმბოლისტი მწერლები. მათ შორის იყო გენიალური ტერენტი გრანელიც (კვირკველია). სწორედ ამ გამოცემით დაიწყო  მისი დამკვიდრება ქართულ პოეზიაში. სულ გამოვიდა „კრონოსის სარკის“  ორი ნომერი -  1919 წ-ის ოქტომბერსა და ნოემბერში. ჟურნალის სახელწოდება აღებულია ბერძნული მითოლოგიიდან (კრონოსი არის ზევსის მამა, ურანოსისა და გეას შვილი). ახალგაზრდა სიმბოლისტების მიერ დაარსებული ჟურნალის მიმართულება და მიზანდასახულობა კარგად ჩანს მის წინათქმაში, სახელწოდებით - „ახალ სამყაროში“, რომელიც სიმბოლიზმის, როგორც კულტურულ-ესთეტიკური მიმდინარეობის, მნიშვნელობის განსაზღვრას, ძველის კრიტიკასა და  ახალ ქართულ მწერლობაში მისი ადგილის გამოკვეთას ემსახურება („ჩვენ დავტოვეთ სინამდვილე, დავგმეთ შავი წარსული და ახალ ფერებთან დავიწყეთ ვრცელი საუბარი“...). ჟურნალში გამოქვეყნდა ტერენტი გრანელის სონეტები და წერილები („ტ. წალენჯიხელის“ ფსევდონიმით); აგრეთვე, კონსტანტინე გაჩეჩილაძის (იბეჭდებოდა „კონნე სპერელლის“ ფსევდონიმით) „თეთრი გვირგვინოსანი“, „ტერენტი გრანელს“, არჩილ კორინთელის „ძველ პოეზიას“, „ტრიოლეტი“, „ორდიკალიდან“, ირაკლი ყანჩელის (იყენებდა „ჰერკულეს ყანჩელის“ ფსევდონიმს) „შავი ყაბახი“, „შამილის ლოცვა“   და სხვ. ჟურნალის პირველ ნომერში იბეჭდება მხოლოდ პოეტური ნაწარმოებები,  მეორე ნომერში კი ლექსებთან ერთად გვხვდება პროზის ნიმუშები, მათ შორის: აკაკი ბერიკაშვილისა და დემნა შენგელაიას მინიატურები; ჟურნალ „ხელოვნების“ (1919) განხილვა; ტ. გრანელის რეცენზია, რომელიც ვ. გაფრინდაშვილის „დაისებს“  ეძღვნება და ავტორისა და, ზოგადად, სიმბოლისტების დამსახურებას წარმოაჩენს  თანადროული ქართული მწერლობის განვითარებაში („ეჭვი არ არის, კერძოდ გაფრინდაშვილის და, საერთოდ, სიმბოლისტების, სახელი წარუშლელი დარჩება ხელოვნების ისტორიაში“).

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates