• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი

თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი - 1919 წ-ის 11 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსების შესახებ. პედ. ინსტიტუტი არსდებოდა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველებისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტებთან. ინსტიტუტის კურსი ორი საფეხურისგან შედგებოდა, ორ-ორი წლის კურსით. პირველი საფეხური ამზადებდა უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების პედაგოგებს, ორივე საფეხური ერთად კი - საშუალო სკოლის მასწავლებლებს. ინსტიტუტის მსმენელად მიიღებოდა უნ-ის სიბრძნისმეტყველებისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ის ყველა სტუდენტი. პირველ საფეხურზე მიიღებოდნენ აგრეთვე საოსტატო სემინარიების კურსდამთავრებულნი და აგრეთვე ის პირები, რომლებიც მისაღებ გამოცდებს ჩააბარებდნენ. ინსტიტუტის სტუდენტები თეორიულ საგნებს უნივერსიტეტში ისმენდნენ, პრაქტიკულ პედაგოგიურ საკითხებს კი ინსტიტუტში გაივლიდნენ. თუ უნ-ში არ მოისმენდა ზოგადთეორიულ საგნებს, ისე მსმენელი პედაგოგიურ ინსტიტუტში სპეციალურ საგნებს ვერ ჩააბარებდა. პედ. ინსტიტუტის საქმეებს განაგებდა საბჭო და დირექტორი, რომელსაც სათანადო ფაკულტეტის პროფესორთა საბჭო ირჩევდა და სახალხო განათლების მინისტრი ამტკიცებდა. საბჭოს მოვალეობას შეადგენდა ლექციების პროგრამებისა და პრაქტიკული სამუშაოს გეგმების დამტკიცება. მსმენელების მიღება და გარიცხვა, გამოცდების წესების დადგენა და ორგანიზება, დიპლომების მინიჭება. ინსტიტუტში პრაქტიკული მუშაობის შესასწავლად არსდებოდა კაბინეტები: ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის;  მათემატიკის; გეოგრაფიის, ფიზიკა-ქიმიის, ანატომია-ფიზიოლოგიის, სასკოლო ხელოვნებათა, ისტორიის და სხვ. თბილისის სახ. უნ-ის პროფესორთა საბჭოს 1919 წ-ის 5 ივნისის დადგენილებით, პედაგოგიურ ინსტიტუტს „საჭიროებისათვის“ გადაეცა საოსტატო ინსტიტუტის შენობა და მთელი ქონება. 1920 წ-ის 1 იანვრიდან  უნივერსიტეტს დაუმტკიცდა დამატებითი შტატები და ხარჯები და, მთავრობის გადაწყვეტილებით, მას ინსტიტუტისთვის გადაეცა 172 635 მანეთი - დამატებითი ჯილდოსათვის ძირითადი თანხები კი უნ-ს მიეცემოდა 4 480 076 მანეთის ოდენობით.          

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates