• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თბილისის პედაგოგიური მუზეუმი

თბილისის პედაგოგიური მუზეუმი - თბილისის პედაგოგიური მუზეუმი დაარსდა კავკასიის პედაგოგიური მუზეუმის ბაზაზე. ეს იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სასწავლო-საჩვენებელი დაწესებულება. დირექტორი იყო გ. ზინჩენკო. მუზეუმი 1903 გაიხსნა. 1907 ნ. რუდოლფმა დაიწყო მისი რეორგანიზაცია და იგი გადააკეთა კავკასიის სამოსწავლო ოლქის ცენტრალურ პედაგოგიურ მუზეუმად. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მუზეუმის ფუნდამენტური ბიბლიოთეკა, სადაც 23 ათასზე მეტი წიგნი იყო დაცული. 1918 წ-ის სექტემბერში განათლების მინისტრმა გ. ლასხიშვილმა პარლამენტსა და მთავრობას წარუდგინა გეგმა-მოხსენება თბილისში ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის გახსნის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ მუზეუმს უნდა დაეჭირა დიდი ადგილი სახალხო განათლების სფეროში და მეტად დაახლოებოდა ეროვნული სკოლის ინტერესებს. ის წერდა: „მუზეუმის მოღვაწეობას რომ უფრო მტკიცე ხასიათი მიეცეს, ამიტომაც საჭიროა, რომ ეს მუზეუმი დაუახლოვდეს სკოლასა და  საზოგადოთ სახალხო განათლების საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში, რაც თავისთავად გამოიწვევს მუზეუმის რეორგანიზაციას და ამ სამეცნიერო დაწესებულების სპეციალისტების ხელში გადასვლას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამ ფრიად მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულების საქმეთა სათანადო დონეზე დაყენება, მისი მოწესრიგება“. მუზეუმის რეორგანიზაციისათვის მინისტრი ითხოვდა გარკვეულ თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სათანადო მხარდაჭერას. მთავრობამ და პარლამენტმა მოიწონეს კანონ-პროექტი. 1919 წ-ის 3 მაისის განკარგულებით, სახალხო განათლების სამინისტრომ ჩაატარა მუზეუმის რევიზია ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.  ჯავახიშვილის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ მუზეუმი წარმოადგენდა ძვირფას განძს საქართველოში სწავლა-განათლებისათვის და განსაკუთრებული ყურადღებას იმსახურებდა, მით უმეტეს „იმ დროს, როდესაც ქვეყანაში განათლების ახალ სისტემას ეყრებოდა საფუძველი და ქვეყანა თითქმის მოწყვეტილი იყო გარესამყაროს“. კომისიის სახელით, ალ. ჯავახიშვილი „ამ მუზეუმის ასაღორძინელად და სწავლა-განათლების სასარგებლო დაწესებულებად მისი გადაქცევისათვის“ საჭიროდ მიიჩნევდა მის ხელახალ ორგანიზებას, შესაფერისი ბინის გამონახვას, სადაც სამუზეუმო ნივთების შენახვისა და გამოფენის საუკეთესო პირობები იქნებოდა. ყურადღება დაეთმობოდა ნივთების დაცვისა და საგამოფენო ექსპოზიციების მოწყობას. ლექცია-საუბრებისათვის მუზეუმს სპეციალური აუდიტორია სჭირდებოდა. მუზეუმში შეიქმნებოდა ქართული და, ზოგადად, კავკასიის განყოფილება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ადგილობრივი ბუნება, მცხოვრებლები (ეთნიკური ტიპები), მოსახლეობის საქმიანობა. აღიწერა მუზეუმის მთელი ქონება, შედგა კატალოგები, ყურადღება მიექცა კოლექციების დაცვას, რომელსაც ეტყობოდა „გაზიდვა-გატაცების ბეჭედი“. შეიქნა მუზეუმის ახალი მართვა-გამგეობის ორგანო, დაიგეგმა პედაგოგიური მუზეუმის გაფართოება-შევსება, რათა იგი ქცეულიყო „რესპუბლიკის სასარგებლო დაწესებულებად“. ხელმძღვანელ კომიტეტს სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე ჯავახიშვილი.                                                         

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates