• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო

თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო - მუშათა დეპუტატების საბჭოები რუსეთში პირველად 1905 წარმოიქმნა, პირველი დემოკრატიული რევოლუციის პერიოდში.  საქართველოში ანალოგიური ორგანიზაციების როლს ასრულებდნენ საგაფიცვო კომიტეტები ან ბიუროები, რომლებიც შეიქმნა 1905  ხაშურში, ჭიათურაში, ქუთაისში, სამტრედიაში, ბათუმში, თბილისში და სხვ. ამავე წლის დეკემბერში შეიქმნა ამიერკავკასიის საგაფიცვო ბიურო.

რუსეთის მონარქიის დამხობის შემდეგ, 1917 წ-ის 4 მარტს შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო, რომელმაც აირჩია დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი. მასში უმთავრესად სოციალ-დემოკრატები შედიოდნენ, თავმჯდომარეც კავკასიელი და ქართველი სოციალ-დემოკრატების აღიარებული ლიდერი ნოე ჟორდანია გახდა. საბჭო წარმოადგენდა საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების ორგანოს. ქალაქისა და ქვეყნის ნორმალური წარმართვისათვის საბჭოსთან ჩამოყალიბდა კომისიები: სასურსათო, საფინანსო, საგამომძიებლო, სასოფლო, სამხედრო, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და სხვ. თბილისის მუშათა  საბჭო ხელმძღვანელობდა საქართველოს სხვა ქალაქებში შექმნილ საბჭოების მუშაობას. იმავე წლის 6 მარტს შეიქმნა თბილისის ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოც, რომლის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ესერი ჯარისკაცი ვერეშჩაკი. მალე ორივე საბჭო გაერთიანდა და მათ საქმიანობას ხელმძღვანელობდა პრეზიდიუმი, რომლის თავმჯდომარეც იყო ნ. ჟორდანია. ფუნქციონირებდა აგრეთვე ორი საბჭო: ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სამხარეო ცენტრი, რომლის თავმჯდომარე ერთხანს იყო                              ნ. ჟორდანია და კავკასიის რუსული არმიის ჯარისკაცთა დეპუტატების სამხარეო საბჭო (თავმჯდომარე დიმიტრი დონსკოი). კავკასიიდან და საქართველოდან რუსული ჯარების გასვლის შემდეგ ჯარისკაცთა საბჭოებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. 1918 წ-ის 24 მაისს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ნ. ჟორდანიამ და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი დასვა. ნ. ჟორდანიას მოგონებით, თბილისისა და რაიონების მუშათა წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭომ ფუნქციონირება შეწყვიტა და ადგილი დაუთმო სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates