• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

,,თავისუფალი გზა“

,,თავისუფალი გზა“ (1918-1921) - საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის მუშა - მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის მთავარი კომიტეტის ყოველკვირეული პროფესიული და პოლიტიკური ორგანო, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების  გაზეთი. გამოდიოდა თბილისში. გამოცემას ხელს აწერს რედ. - სარედაქციო კოლეგია. იბეჭდებოდა საქ. რკ. გზ. სამმართველოს სტამბა-ლითოგრაფიაში. გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაციების  უმრავლესობა ხელმოუწერელია და შეეხება:  რკინიგზის მუშების სოციალურ  მდგომარეობას,  მათ საგაფიცვო მოძრაობას, პროფკავშირებს, ასევე, იბეჭდება რკინიგზის მუშების მიერ რედაქციაში  გაგზავნილი მათივე პრობლემების ამსახველი წერილები.  ამას გარდა, გამოცემა  აშუქებს პოლიტიკასა და ეკონომიკას.  მაგალითად, კესაშვილის სტატიაში  „ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა“ განხილულია იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა, რომელიც ავტორს, მრავალთაგან განსხვავებით, არცთუ უნუგეშოდ მიაჩნია. ა. რუხაძის სტატიაში  „ორი მკვლელობა“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთში  ფეხმოკიდებულ პოლიტიკურ ტერორზე. A.R.-ის  ფსევდომინით გამოქვეყნებულ წერილში ,,ტრაგედია“  ავტორი აანალიზებს პირველი მსოფლიო ომის შედეგებს. საგაზეთო პუბლიკაციები შეეხება  თბილისის თვითმმართველობას, საქართველოს პარლამენტის სხდომებს, დამფუძნებელი კრების მუშაობას  და სხვ.  1919 წ-ის 1 მაისის   დიდი ფორმატის ორენოვანი უნომრო  გაზეთი, ქართულ და რუსულ ენებზე, ეძღვნება მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.  ასევე სპეციალური (უნომრო), 26 მაისის გაზეთი მთლიანად ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,  საზეიმო სულისკვეთების გამომხატველია მისალმება:  „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, თავისუფალ დემოკრატიას!“,  პირველ გვერდზე  დაბეჭდილია საქართველოს გერბი და ბორის კორნეევის ლექსი ,,თეთრი გიორგი“ („Белый Георгий“), ასევე, გამოქვეყნებულია  საქართველოს მთავრობის წევრების სურათები.  აღსანიშნავია  ა. რუხაძის წერილი „ოლივერ უორდროპი“, რომელშიც   ასახულია  ბრიტანელი დიპლომატის  სტუმრობა საქართველოში და ამით გამოწვეული სიხარული.  გამოცემას აქვს  რუბრიკები: ,,რკინის გზის ამბები“, ,,წერილები რედაქციის  მიმართ“, ,,კვირიდან კვირამდე“, ,,მოწერილი ამბები“ და სხვ. გაზეთის ფურცლები ეთმობა პოეტურ ნაწარმოებებს. მაგ.,  იბეჭდება აკაკი წერეთლის ლექსი „მუშებს“, აგრეთვე,  ობოლი მუშის,  ვ. რუხაძის, გ.  ხეჩუაშვილის  ლექსები,  26 მაისისადმი მიძღვნილი ივ. გომართელის, კ. კახელის, ივ. ჭავჭავაძის, ანანიას წერილები.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates