• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ერობა

ერობა  (სათემო) - ყველაზე წვრილი თვითმმართველობის ერთეული საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1918 სამაზრო ერობების ფორმირების შემდეგ დაიწყო „წვრილი საერობო ერთეულის“ ჩამოყალიბების პროცესი. ამ საკითხმა ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აზრთა სხვადასხვა გამოიწვია, განსაკუთრებით საკამათოდ იყო ქცეული ორი საკითხი - 1. სათემო ერობათა საზღვრების ფორმირება და 2. ადგილობრივი ბიუროკრატიის მოცულობა. მაზრებში იმართებოდა სხდომები, რომელზეც დამოუკიდებლად მსჯელობდნენ წვრილი საერობო ერთეულების ფორმირებასა და  ფუნქციებზე. 1918 წ-ის ნოემბრის დასაწყისში ქუთაისში შედგა „წვრილი საერობო ერთეულების“ წარმომადგენლების სხდომა, რომელზეც იმსჯელეს სათემო ერობების ჩამოყალიბების საკითხზე. გათვალისწინებულ იქნა ადგილობრივი სპეციფიკა. დაადგინეს, რომ „წვრილი ერთეულების შექმნას საფუძვლად დაედება ძველი საზოგადოებების ფარგლები“ და მასში უნდა შედიოდეს არანაკლებ 3000 კომლი. იმავდროულად აღინიშნა, რომ სამაზრო ერობა არ იყო წინააღმდეგი, თუ ზოგიერთი შერდარებით პატარა მოსახლეობის სოფელი გადაწყვეტდა ცალკე ერობის შექმნას, ამ შემთხვევაში სოფელს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, შეენახა შესაბამისი ადმინისტრაცია. მსგავსი სხდომები იმართებოდა ყველა სამაზრო ერობაში, თუმცა ერთიანი პრინციპის შემუშავება ვერ მოხერხდა.

საქართველოს ერობათა წარმომადგენლების I-მა ყრილობამ (1919 წ-ის 21-27 თებერვალი) აღნიშნულ საკითხზეც საგანგებოდ იმსჯელა და საბოლოო რეზოლუციაშიც ასახა: „წვრილი საერობო ერთეულის შესახებ 1. ყრილობა აღიარებს, რომ წვრილი ერთეულების გამოჭრის დროს ერობები უმთავრესად უნდა ხელმძღვანელობდნენ ადგილობრივი პირობების მიხედვით. 2. წვრილი ერთეულის ძირითად ორგანიზაციად მიღებულ უნდა იქმნას არსებული საზოგადოებანი, მხოლოდ, თუ ზემოდ აღნიშნული ადგილობრივი პირობების მიხედვით მიზან შეწონილება მოითხოვს, ზოგიერთ საზოგადოებათა შეერთება და გადამიჯვნა დასაშვებია“. საქართველოს ერობათა წარმომადგენლების II ყრილობამაც (1919 წ-ის 11-18 სექტემბერი) განიხილა წვრილი ერობების საკითხი და დაადგინა, რომ ამიერიდან ერობის „წვრილ ერთეულებს ყველგან დაერქვას თემი. თემის ხმოსანთა ყრილობას - თემის საბჭო, გამგეობას - თემის გამგეობა.“ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებებისა თემების დონეზე თვითმმართველობის ფორმირება საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1920 წ-ის 28 იანვარს ერობათა კავშირის კომიტეტისა და სამაზრო ერობათა წარმომადგენლების თათბირზე სათემო საკითხი კვლავ დღის წესრიგში იდგა. საბოლოო რეზოლუციაში ნათქვამი იყო: „თათბირი მიზანშეწონილად სცნობს ორ საფეხურიან ადგილობრივი მმართველობის - თემისა და სამაზრო ერობის - არსებობას. სადაც თემი რამდენიმე სოფლიდან შესდგება, იმ სოფლებისთვის გამოინახოს უფლებრივი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ იქ წესიერათ მართვა-გამგეობას.“ უფლებამოსილებათა შესახებ კამათის პარალელურად მაზრებში აქტიურად წარმოებდა წვრილი ერობების ფორმირების პროცესი. ერობათა კავშირის ცნობით, 1920 წ-ის ივნისისათვის საქართველოში მოქმედებდა 19 სამაზრო ერობა, სადაც გამართულად მოქმედებდა სტრუქტურები. სამხედრო მოქმედებების გამო, ერობის ჩამოყალიბება დროულად ვერ მოხერხდა ახალქალაქისა და გაგრის რაიონში. ამის გარდა, თემების ერობები ფუნქციონირებდა: თბილისის მაზრაში - 7 სათემო ერობა, სიღნაღის მაზრაში - 26, თელავის მაზრაში - 15, თიანეთის მაზრაში - 5, დუშეთის მაზრაში - 6, გორის მაზრაში - 17, ქუთაისის მაზრაში - 42, შორაპნის მაზრაში - 27, რაჭის მაზრაში - 19, ლეჩხუმის მაზრაში - 24, ზუგდიდის მაზრაში - 45, სენაკის მაზრაში - 33, ოზურგეთის მაზრაში - 33 და გუდაუთის მაზრაში - 2.  „წვრილი საერობო ერთეული“, სამწუხაროდ, ყველა რეგიონში არ შექმნილა და საერთოდ ერობების საკანონმდებლო ბაზის შექმნა, საბოლოოდ, დამფუძნებელმა კრებამ ვერ მოახერხა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates