• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ვაჟთა გიმნაზიები

ვაჟთა გიმნაზიები - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო 28 ვაჟთა სახელმწიფო  გიმნაზია. 1918 წ-ის დეკემბერში შედგა დებულება ვაჟთა გიმნაზიებისთვის, სადაც დაკონკრეტდა საშტატო ერთეულების, საგნებისა და გაკვეთილების რაოდენობისა და საათობრივი ანაზღაურების ნორმები. საერთო დებულება შემუშავდა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების, რეალურ და საკომერციო სასწავლებლების და საოსტატო ინსტიტუტებისა და სემინარიების მოსამსახურეთა ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. თბილისში 8 ვაჟთა გიმნაზია იყო, რომელთა რეორგანიზაცია განხორციელდა და ამ სასწავლებლებიდან ზოგი გაუქმდა. თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის დირექტორი იყო იაკობ ღულაძე. გიმნაზიაში ბევრი ცნობილი პედაგოგი ასწავლიდა. 1918-1919 სასწ. წელს თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორი იყო  ი. ტ. ლორთქიფანიძე [შემდეგ ი. ნიკოლაიშვილი]. თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორი იყო ა. დ. საფაროვი, რომელიც შემდეგ V გიმნაზიის დირექტორად გადაიყვანეს. სასწავლებელში ძირითადად არაქართველები მუშაობდნენ, იყვნენ ისეთი ცნობილი პედაგოგებიც, როგორიც იყო ს. კაკაბაძე, მელიქსეთ-ბეგი, ნ. თავდგირიძე.  თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორი იყო მიხეილ ზაალიშვილი. თბილისის ვაჟთა V გიმნაზია დაარსდა 1905, არსებობდა დამოუკიდებლობის წლებშიც. მისი დირექტორი იყო  ა. დ. საფაროვი, შემდეგ -  ი. ჯიშკარიანი. 1919 მე-5 გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად მე-8 გიმნაზიიდან გადმოიყვანეს მწერალი და საზოგადო მოღვაწე იპოლიტე ვართაგავა. VI გიმნაზიის დირექტორი იყო ლიასოცკი. ვაჟთაVII გიმნაზიის დირექტორი იყო ნიკოლოზ ჩიგოგიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნა VI, VII და VIII გიმნაზიების გაერთიანების შემდეგ. რეგიონული გიმნაზიებიდან შეიძლება დავასახელოთ თელავის ვაჟთა გიმნაზია, სადაც რუსულ ენას ასწვლიდა ალექსი ბარნოვი, ვასილ ბარნოვის შვილი, რომელიც  35 წელი ასწავლიდა თელავში. ცნობილი გიმნაზიებიდან შეიძლება დავასახელოთ:  ბათუმის, ქუთაისის, ძველი სენაკის, სოხუმის, ფოთის, ჩოხატაურის და სხვა ვაჟთა გიმნაზიები. 1918 წ-ის ოქტომბერში, ჩოხატაურის პოლიტიკური და კულტურული ორგანიზაციების სახელით, ანტონ ცინცაძე დეპეშებით მიმართავდა შინაგან საქმეთა მინისტრ ნ. რამიშვილსა და განათლების მინისტრ გ. ლასხიშვილს ჩოხატაურში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის შესახებ. ცინცაძე აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭირო ადგილობრივი პირობები მზად იყო. განათლების სამინისტრომ დართო ნება იმ პირობით, რომ მასწავლებლები უნდა ჰყოლოდათ უმაღლესი განათლებით და „ყოველგვარი ხარჯები თვითონ საზოგადოებას უნდა ეკისრებინა“. დირექტორისა და მასწავლებლების კანდიდატურები თავად სასწავლებელს უნდა წარედგინა.  ე. წ. „შერეული გიმნაზია“ არსებობდა ახალქალაქში. ოჩამჩირის ვაჟთა გიმნაზია დაარსდა 1918 წ-ის ოქტომბერში. დირექტორი იყო ქალაქის მიერ მოწვეული მათემატიკის მასწავლებელი   დ. როინიშვილი. პედაგოგებად მუშაობდნენ: თამარ ჩერქეზიშვილი  (დაამთავრა მოსკოვის ქალთა კურსები რუსული ენისა  და ისტორიის განხრით, ასევე იყო პეტერბურგის ფსიქო-ნერვული ინსტიტუტის მსმენელი გერმანულ ენაზე), ლავრენტი მჟავანაძე  (თბილისის უნ. სტუდენტი, ქართული ენა და ისტორია).  ცხინვალის ოსური შერეული გიმნაზია დაარსდა 1918 წ-ის ბოლოს, ორი მოსამზადებელი და 4 ძირითადი კლასით. გიმნაზიად გადაკეთდა ცხინვალის ოსთა უმაღლესდაწყებითი სასწავლებელი. სწავლა იყო ოსურ და რუსულ ენაზე, თუმცა ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო სტატუსის მქონეს, განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ებრაული გიმნაზია დაარსდა თბილისში 1917 წ-ის ივლისში, ჯერ კიდევ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მმართველობის დროს. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში გიმნაზიები დაარსდა ჭიათურაში, კულაშში, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა შემდეგში ცნობილი ფილოლოგი - ვარლამ ძიძიგური. ასევე, გიმნაზიები არსებობდა საქართველოს თითქმის ყველა საერობო ერთეულის ცენტრსა და მსხვილ დასახლებებში. მაგ., დიდ ჯიხაიშში, სადაც დირექტორი იყო სერგო ცაგარეიშვილი, ხოლო ერთ-ერთი პედაგოგი - ნიკო ნიკოლაძის ასული - რუსუდან ნიკოლაძე-პოლიევქტოვისა).                        

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates