• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

დამფუძნებელი კრების  (ეროვნული საბჭოს) რეგლამენტები

დამფუძნებელი კრების  (ეროვნული საბჭოს) რეგლამენტები - 1918 წ-ის  5 ივლისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რეგლამენტი მიიღო, მასში მხოლოდ ტექნიკური და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები 1919 წ-ის 25 აპრილს შევიდა და მას საქართველოს „დამფუძნებელი კრების რეგლამენტი“ ეწოდა. სტრუქტურა და შინაარსი უცვლელი დარჩა. თავდაპირველად, 5 ივლისამდე, საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელმძღვანელო ნორმატიული დებულება იყო ამიერკავკასიის სეიმის რეგლამენტი, რომლის საფუძველზეც შემუშავებულ იქნა ეროვნული საბჭოს რეგლამენტის ახალი რედაქცია (1918). რეგლამენტი მოიცავდა 8 თავსა და 172 მუხლს. მასში განსაზღვრული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების) გახსნა და წევრთა მანდატების დადასტურება, თანამდებობის პირთა არჩევნები, კომისიები, საქმის განხილვის წესი, კენჭისყრის წესი, დეპუტატთა პირადი მდგომარეობა, პრეზიდიუმი და რეგლამენტის გადასინჯვის წესი. პრეზიდიუმი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფდა. მასში შედიოდნენ: თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, მდივანი და მდივნის მოადგილეები, რომლებიც იმავდროულად საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირები იყვნენ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაში იქმნებოდა ორი კომისია - მუდმივი და დროებითი. რეგლამენტის მე-18 მუხლის თანახმად, გათვალისწინებული იყო 4 მუდმივმოქმედი კომისიის არსებობა, თუმცა საბჭოს და დამფუძნებელ კრებას შეეძლო სხვა მუდმივი კომისიები აერჩია. მაგალითად, ეროვნული საბჭოს რეგლამენტში არ იყო მოხსენიებული იურიდიული ან ადგილობრივი თვითმმართველობის კომისია, მაგრამ ისინი მუდმივმოქმედ კომისიებად ითვლებოდა.  საქმეთა შინაარსიდან გამომდინარე, რეგლამენტით გათვალისწინებული იყო საქმის განხილვის სამი სხვადასხვა წესი - საკანონმდებლო საქმეთა, შემოსავალ-გასავლისა და იმ საქმეთა განხილვის წესი, რომელთაც საკანონმდებლო ხასიათი არ ჰქონდა. კანონპროექტის განხილვა და მისი მიღება საზოგადო კრების (თანამედროვე გაგებით, პლენარული სხდომის) პრეროგატივა იყო. ყველა კანონპროექტს განიხილავდნენ ორჯერ - საზოგადოდ (საზოგადო განხილვა) და მუხლობრივად (მუხლობრივი განხილვა).

  რეგლამენტის დამატებად შეიძლება ჩაითვალოს 1920 მიღებული წესი „კონსტიტუციის განხილვისა“, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მიერ იყო შემუშავებული და კონსტიტუციის პროექტის განსაკუთრებული წესით, ხუთი მოსმენით განხილვას და მიღებას ითვალისწინებდა.

  საქართველოს 1921 წ-ის კონსტიტუციის მე-60 მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი თვითონ განსაზღვრავდა რეგლამენტს და თავისი მოქმედების წესს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates