• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

დამფუძნებელი კრების იურიდიული კომისია

დამფუძნებელი კრების იურიდიული კომისია - საქართველოს ეროვნული საბჭოს (1918-1919) და საქართველოს დამფუძნებელი კრების (1919-1921) იურიდიულ კომისიებს წინ უსწრებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოში 1917 წ-ის ნოემბრის თვეში დარგობრივი სექციების, ანუ კომისიების ჩამოყალიბება და ფუნქციონირება, რომელთა მიზანი გარდამავალ პერიოდში არსებულ პრობლემათა გადაჭრა იყო. ამ სექციებიდან იურიდიული სექციის მთავარ ამოცანად განისაზღვრა შემდეგი: სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია. სექციას დაევალა სამართლებრივი რეფორმის შესახებ კონცეფციის წარმოდგენა, რომელიც გაითვალისწინებდა სასოფლო სასამართლოს გაუქმებას და მათ ნაცვლად მომრიგებელი მოსამართლის, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს - სენატის და საადვოკატო სისტემის ჩამოყალიბებას. 1917 წ-ის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნა „განსაკუთრებული კომისიები“. ესენი იყო: ქონების, სამხედრო, საფინანსო, სასამართლო და ადმინისტრაციის, სასკოლო და ხელოვნების, სახალხო მეურნეობისა და სურსათის, საერობო და გამიჯვნის, სამაჰმადიანო და ჯანმრთელობის კომისიები. მართალია, ცალკე იურიდიული კომისია არ შექმნილა, მაგრამ მისი ძირითადი ფუნქცია აღნიშნული კომისიებიდან სასამართლო კომისიას უნდა შეესრულებინა. კომისია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა. მისი სამართლებრივი სტატუსი (დანიშნულება, რაოდენობა, შექმნის წესი და უფლებამოსილება) ხსენებული ორგანოების რეგლამენტებით განისაზღვრებოდა. კომისიის ფუნქციას შეადგენდა „წინასწარი განხილვა საქმეებისა“, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში შედიოდა. საპარლამენტო კომისიები ორი სახისა იყო: მუდმივი და დროებითი. მუდმივ კომისიებს ყოველწლიურად, სესიის დასაწყისში ირჩევდნენ. დროებითი კომისია საჭიროების შემთხვევაში იქმნებოდა. საკანონმდებლო ორგანოში, მისი რეგლამენტის შესაბამისად (1918, რეგლამენტის მე-18 მუხლი), იქმნებოდა საფინანსო-საბიუჯეტო, სარედაქციო, საბიბლიოთეკო და სამეურნეო-საგამგეო (საგეგმო) კომისიები. დამფუძნებელ კრებაზე დამატებით შეიქმნა ახალი რეგლამენტით (1919, რეგლამენტის მე-17 მუხლი) გათვალისწინებული საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტის შემუშავება ევალებოდა. საკანონმდებლო ორგანოს, თუ „საჭიროდ დაინახავდა“, შეეძლო, სხვა მუდმივი კომისიებიც აერჩია. მაგალითად, ასეთი კომისია იყო იურიდიული კომისია. იურიდიული კომისიის უმთავრესი ფუნქცია იყო კანონპროექტების შემუშავება, კანონ-პროექტების შესახებ დასკვნების გაკეთება. საქართველოს ეროვნული საბჭოს იურიდიული კომისიის წევრები იყვნენ: გრიგოლ ანჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე (თავმჯდომარის ამხანაგი), კირილე ნინიძე, მელიტონ რუსია, ივანე გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე (კომისიის თავმჯდომარე), იესე ბარათაშვილი, ივანე მაჭავარიანი, რ. ივანიცკი (კომისიის მდივანი). 1918 წ-ის 15 ოქტომბრის ეროვნული საბჭოს სხდომაზე იურიდიული კომისიის წევრად (ანჯაფარიძის ნაცვლად) აირჩიეს ს. ელიაძე. 1918 წ-ის 15 ნოემბერს ელიაძე შეცვალა ილია ფირცხალაიშვილმა, რომელიც დამფუძნებელი კრების იურიდიულ კომისიაშიც აგრძელებდა მუშაობას. იურიდიული კომისიის სხდომები დაინიშნა სამშაბათობით. ხშირი იყო კომისიების ერთობლივი სხდომები. მაგალითად, იურიდიული და თვითმმართველობის კომისიები მომიჯნავე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივად მართავდნენ შეხვედრებს. იურიდიული კომისიის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში: გრიგოლ გიორგაძე (კომისიის თავმჯდომარე), რაჟდენ არსენიძე (თავმჯდომარის ამხანაგი), ივანე გობეჩია (კომისიის მდივანი), კირილე ნინიძე, მელიტონ რუსია, სერგი ჯაფარიძე, ილია ფირცხალაიშვილი, შალვა მესხიშვილი, ივანე მაჭავარიანი. ახალ დემოკრატიულ საქართველოს არ ჰქონდა მდიდარი საკანონმდებლო საქმიანობის გამოცდილება. ეს ჩანს საკანონმდებლო ორგანოს არაერთი სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან. მაგალითად, საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1919 წ-ის 26 მაისის სხდომაზე უმსჯელიათ „დამფუძნებელი კრების კომისიების განაყოფიერების შესახებ“. სხდომაზე მიღებულ იქნა შემდეგი შინაარსის რეზოლუცია: „ეთხოვოს მთავრობას და კომისიებს კანონ-პროექტის ენერგიულად დამუშავება. დღემდის საკანონმდებლო მუშაობას არ ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, არც გარკვეული გეგმა. ყოველმა კომისიამ უნდა მოიწვიოს სათანადო უწყების უმაღლესი წარმომადგენელი და შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები, შეუთანხმდეს უწყებას საკანონმდებლო მოქმედებისთვის მთავარი გეზის აღების გამო“. 1919 წ-ის 12 აპრილს იურიდიული კომისიის შემადგენლობაში შეიქმნა მცირე კომისია რაჟდენ არსენიძის (მცირე კომისიის თავმჯდომარე), დავით ონიაშვილისა და ვ. ნოდიას შემადგენლობით. კომისიამ შეიმუშავა და ინსტრუქცია მიიღო, რომელიც სრულ წარმოდგენას გვიქმნის კომისიის უფლებამოსილების შესახებ: 1. მცირე კომისია გამოარკვევს რამდენად ეთანხმება უწყების მოქმედება და განკარგულებანი არსებულ კანონებს: ა) მოწყობა მომრიგებელი მოსამართლეების. ბ) ნაფიც მსაჯულების. გ) სახელმწიფო ენაზე წარმოების გატარება. 2. გამორკვევა სამინისტროს შტატის და მისი საქმიანობის. 3. გამორკვევა საოლქო სასამართლოს და პალატის სისხლის განყოფილების მუშაობისა და შტატებისა. 4. გამორკვევა სამოქალაქო სასამართლოსი: ოლქისა და პალატის მუშაობისა და შტატებისა. 5. გამორკვევა საგანგებო სასამართლოს მუშაობისა და საქმის წარმოება. 6. საგამომძიებლო ნაწილის მუშაობის გამორკვევა. 7. უმთავრესი ყურადღება კომისიის მხრივ მიექცეს: რამდენი საქმე აღძრულა 1918 წ-ის 26 მაისიდან. რამდენი დამთავრებულა. რამდენი მოსპობილა. სად იმყოფებიან ბრალდებულნი. 8. შეკრება ცნობების ძველი წლების მუშაობიდან (თუ შეიძლება) სტატისტიკური შედარებით. 9. მიზეზი სუსტი საქმიანობისა, ღონისძიებანი მის გამოსასწორებლად მიღებულია თუ არა, და რა ხასიათის?

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates