• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00
Previous Next

მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ქალი წევრები საქართველოში - ავტორი : ქეთევან ქუსიკაშვილი.

მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ქალი წევრები საქართველოში - ავტორი : ქეთევან ქუსიკაშვილი. მეორე ინტერნაციონალის დელეგაციაში, რომელიც 1920 წელს ესტუმრა საქართველოს, რამდენიმე ქალიც იყო. თითოეული მათგანი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა.

                                   ეთელ ანაკინ-სნოუდენი (8.09.1881-22.02.1951)

ეთელ ანაკინ-სნოუდენს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდა. როგორც ქრისტიან-სოციალისტი თავდაპირველად ტიტოტალიზმის (ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა) პრინციპებისთვის  იღვწოდა. შემდეგ, „ფაბიანელთა საზოგადოების“ წევრი, მოგვიანებით - დამოუოკიდებელ მშრომელთა პარტიის მემარცხენე ფრთის წევრი გახდა.

1903 წელს, ლიდზში გადასვლის შემდეგ, მერი გავრთორპთან და იზაბელ ფორდთან ერთად, სუფრაჟისტული მოძრაობა ჩამოაყალიბა. 1905 წელს ეთენ ანაკინი მშრომელთა პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და მომავალ სახაზინო კანცლერზე, ფილიპ სნოუდენზე დაქორწინდა. ეთელ ანაკინ-სნოუოდენი კარგი ორატორი იყო, შეხვედრებს მართავდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, უელსში, აშშ-ში. მისი მოხსენებების ძირითადი თემები იყო სოციალიზმი, მშვიდობა, ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა. ეთელ ანაკინ-სნოუდენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის პოლიტიკაში. აღნიშნულ საკითხს წიგნებიც მიუძღვნა “The Woman Socialist” (1907) და “The Feminist Movement” (1913). ნაშრომებში ავტორი საუბრობს დადებით დინამიკაზე, რომელიც სოციალიზმმა უნდა მოუტანოს ქალს, ასევე გენდერულ თანასწორობასა და საქმის გადანაწილების პრინციპებზე.

1914 წლიდან და ომის პერიოდში ეთელ ანაკინ-სნოუდენმა ორასამდე შეხვედრა მოაწყო მშვიდობის თემაზე. 1915 წლიდან „ქალთა საერთაშორისო ლიგის“ წევრია. ომის დასრულების შემდეგ ეთელ ანაკინ-სნოუდენი მშრომელთა პარტიის ქალთა სექციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა. მესამე ინტერნაციონალის შექმნისთანავე, მოსკოვი ცდილობდა, მეორე ინტერნაციონალის წევრები კომუნისტური ინტერნაციონალის წევრებად ექცია. ამასთან დაკავშირებით, 1920 წელს, ადგილზე სიტუაციის შესწავლის მისიით, ეთელ ანაკინ-სნოუდენი რუსეთში გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნა წიგნი “Through Bolshevik Russia”, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ლენინი და ბოლშევიკური მთავრობა. 

აღნიშნული ვიზიტის შემდეგ მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა. ეთელ ანაკინ-სნოუოდენი, თომას შოუსთან და რამსეი მაკდონალდთან ერთად, დელეგაციის წევრი და ინგლისის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.საქართველოში გამართულ შეხედრებზე ეთელ ანაკინ-სნოუდენი ძირითადად, ქალთა უფლებების თემაზე საუბრობდა. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ, მხარდაჭერა გამოხატა ახალგაზრდა რესპუბლიკის მიმართ, რომელზეც ვრცლად ისაუბრა ჟურნალში “Common Sense” 1920 წლის 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში.

 

ლუიზ რონსპერჟე-კაუცკი (11.08.1864-8.12.1944)

ლუიზი დაიბადა ვენაში, მეკონდიტრეთა ოჯახში. სწორედ ოჯახურ საკონდიტროში გაიცნო მინა კაუცკი, მწერალი, კარლ კაუცკის დედა. მინა კაუცკიმ აზიარა ის სოციალისტურ იდეებს.

1890 წ. ლუიზი და კარლ კაუცკი დაქორწინდნენ. თავდაპირველად შტუტგარდში დასახლდნენ, მოგვიანებით ბერლინში გადავიდნენ.ლუიზ კაუცკი ძირითადად, ლიტერატურული სამუშაოთი იყო დაკავებული. კერძოდ, მთარგმნელობითი საქმით. თარგმნიდა ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს, მათ შორის თეორიულ ნაშრომებს სოციალიზმის შესახებ. კაუცკების წყვილის ოჯახს ხშირად სტუმრობენ სოციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. მას შემდეგ, რაც კარლ კაუცკის და როზა ლუქსემბურგს შორის პოლიტიკურუი კავშირი შეწყდა, ლუიზ კაუცკი მაინც აგრძელებდა მასთან მეგობრობას. ომის პერიოდში ორ ქალბატონს აქტიური მიმოწერა ჰქონდათ. 1920 წელს, როგორც მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის წევრი, ლუიზ კაუცკი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩამოვიდა. წყვილი 1920 წლის დეკემბრამდე დარჩა საქართველოში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, სამი სტატია გამოაქვეყნა გაზეთში „Viener Arbeiter Zeitung“ (1921 წლის აპრილი).

1938 წ. კაუცკები საცხოვრებლად პრაღაში, შემდეგ კი - ჰოლანდიაში გადავიდნენ. კარლ კაუცკი ამსტერდამში გარდაიცვალა. ლუიზ კაუცკის ჰოლანდიაში დარჩენა სურდა, თუმცა ურჩიეს, ქვეყანა დაეტოვებინა და ინგლისში წასულიყო. მაგრამ გამგზავრება არ მოისურვა, რაკი მათი ვაჟი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში იყო, ლუიზს კი არ სურდა, მისგან ძალიან შორს ყოფილიყო. ლუიზ კაუცკი გესტაპომ  1940 წელს დააკავა და ოსვენციმში გადაასახლა, სადაც 1944 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

 

ელენ (ლალა) სპეიერ-ვანდერველდე (1870-1965)

ელენ სპეიერი ინგლისელი სოციალისტი. დაიბადა დიდ ბრიტანეთში. გატაცებული იყო მუსიკით. იღებდა რელიგიურ განათლებას. მოგვიანებით საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა და სოციალისტური იდეებით დაინტერესდა. ბელგიაში იქორწინა ლა მონეს თეატრის ხელმძღვანელსა და ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორ ფერდინან კაფერატზე.

ლალა ვანდერველდე აქტიურად ჩაება სოციალისტურ საქმიანობაში და ბრიუსელის ხელოვნებისა და განათლების სახალხო სახლის წევრი გახდა. გაიცნო ემილ ვანდერველდე, განქორწინდა კაფერატთან და 1901 წელს იქორწინა ემილ ვანდერველდესთან. ცერემონია ლონდონში შედგა. მათი ხელწმოწერის მოწმე გახლდათ ბელგიელ სოციალისტთა ერთ-ერთი ლიდერი, ლუი დე ბრუკერი.

ლალა ვანდერველდე დაინტერესებული იყო მუშათა ეკონომიუკური საკითხებით. სურდა, ხალხი უფრო მეტად დაეახლოებინა ხელოვნებასთან. ლალა ვანდერველდე ჩაერთო ქალთა სოციალისტურ მოძრაობაში, თანამშრომლობდა ჟურნალთან „Les cahiers féministes de 1896 à 1907”. ასევე გაწევრიანდა სოციალისტ ქალთა ლიგაში. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 1889 წლის აგვისტოში საკანონმდებლო არჩევნებისთვის ქალი კადიდატების წარდგენის მისიით. სოციალისტ ქალთა ლიგა დეკემბერში დაიშალა.

1904 წელს ლალა ამსტერდამის სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესზე  სოციალისტ ქალთა ფედერაციის წარმომადგენელი იყო. 1914 წელს, მას შემდეგ, რაც ბელგია გერმანელებმა დაიპყრეს, ლალა ვანდერველდე, ლონდონის გავლით, აშშ-სა და კანადაში გაემგზავრა. მოგზაურობა საკმაოდ რთული აღოჩნდა. თავდაპირველად, ლალა ვანდერველდე „ბელგიურ მისიასთან“ ერთად უნდა გამგზავრებულიყო, რომლის წევრთა შორის იყო ემილ ვანდერველდეც. თუმცა, შეუძლებელი აღმოჩნდა, ოფიციალურ მისიასთან ერთად ქალის გემზე ასვლა. ამიტომ ის შემდეგი გემით გაემგზავრა და ამაში ბელგიის მეფისა და ინგლისის დედოფლის წერილები დაეხმარა. ამერიკაში ლალა ვანდერველდემ შექმნა სპეციალური ფონდი, მრავალი შეხვედრა მოაწყო, სტატია დაწერა, რათა დახმარებოდა ბელგიელ ლტოლვილებს. 300 000 დოლარზე მეტი შეაგროვა, რითიც ბელგიელებს კონფლიქტის დასრულებისთანავე სამშობლოში დაბრუნებაში შეუწყო ხელი.

1916 წელს ვანდერველდეების წყვილი განქორწინდა. თუმცა ლალამ ვანდერველდეს გვარი დაიტოვა. ამგვარად, 1920 წელს, საქართველოში სტუმრობისას, ლალა ვანდერველდე პოლიტიკური მოღვაწის სტატუსით ჩამოვიდა და არა, როგორც ემილ ვანდერველდეს მეუღლე. საქართველოში გამართულ შეხვედრებზე ლალა ვანდერველდემ ქალთა უფლებებზე ისაუბრა. სამშობლოში დაბრუნებისას კი, ჟურანლში „Le Flambeau” 1920 წლის 5 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია საქართველოს შესახებ.

სარა ჰიუსმანსი (1897-1983)

სარა ბელგიელი სოციალისტის კამილ ჰიუსმანსისა და მართა ესპანის ქალიშვილი იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სწავლობდა ლონდონის სამეფო კოლეჯსა და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლაში. 1920 წლიდან მუშაობა დაიწყო შრომის სამინისტროში. მოგვიანებით, 1925 წელს გადავიდა მეცნიერებისა და ხელოვნების სამინისტროში. თავდაპირველად ხელოვნების დეპარტამენტის ატაშე იყო. აღნიშნული დეპარტამენტი მოგვიანებით ჩამოყალიბდა სახალხო განათლების, შემდეგ კი - განათლებისა და კულტურის სამინისტროდ. 1947 წლიდან სარა ჰიუსმანსი თეატრებისა და კონცერტების ინსპექტორად დაინიშნა. ამ მნიშვნელოვან პოსტზე 1954 წლამდე იმუშავა. 1954 წლიდან სახვითი ხელოვნების სამსახურის უფროსი მრჩეველი გახდა. იმ დროისთვის ეს იყო უმაღლესი პოსტი, რომელიც ქალმა დაიკავა სამინისტროს წიაღში. სარა ჰიუსმანსმა რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის: პოეზიისა და ცეკვის, მუსიკალური შუა დღეები (შუა დღის კონცერტები). პენსიაზე გასვლის შემდეგ მოღვაწეობა გააგრძელა სამ ასოციაციაში, რომლებიც თავად შექმნა.

სარა ჰიუსმანსის დღიურმა რამდენიმე ლექსი შემოგვინახა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ გამოსაცემად ამზადებდა. ასევე, გატაცებული იყო ავტობიოგრაფიული ჩანაწერებით. 1924 წლიდან სარა ჰიუსმანსი ბელგიელ ქალთა ხმის მიცემის უფლებებს იცავდა მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტებმა მხარი აღარ დაუჭირეს ამ იდეას, რადგან ეჭვობდნენ, რომ ეს კათოლიკებს არ მოეწონებოდათ. სარა ჰიუსმანსი კი, სამომავლო განვითარებას ამ უფლებაში ხედავდა. სარა ჰიუსმანსი ქალთა უფლებების დაცვისთვის ბევრს შრომდა. 1920 წელს სარა ჰიუსმანსი მეორე ინტერნაციონალის დელეგაციასთან ერთად სტუმრობს საქართველოს. მოგვიანებით მოამზადა სტატია საქართველოს შესახებ.  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates