• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ვანდერველდე  ემილ

ვანდერველდე  ემილ (25.I.1966, იქსელი -  27.XII.1938, იქსელი) - ბელგიის მუშათა პარტიის დამაარსებელი და ლიდერი. ბელგიის სამეფოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა  და სახალხო ჯანდაცვის მინისტრი. მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი.  დაიბადა საშუალო კლასის წარმომადგენელ ბელგიურ ოჯახში. იურიდიული განათლება ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში მიიღო. შემდგომში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობასაც. 1885 წ-დან იყო ახლად შექმნილი ბელგიის მუშათა პარტიის  ლიდერი. 1894 აირჩიეს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრად, შემდგომში ათწლეულების განმავლობაში იყო სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრი. 1900-1918 წწ-ში ხელმძღვანელობდა მეორე სოციალისტურ ინტერნაციონალს. 1914 წ-დან იყო ბელგიის სამეფოს მინისტრთა კაბინეტის წევრი. ხელმძღვანელობდა ბელგიის დელეგაციას ვერსალის მოლაპარაკებებზე და მხარს უჭერდა ერთა ლიგის შექმნას.

            1920 როგორც ევროპელი სოციალისტების დელეგაციის წევრი, იმყოფებოდა საქართველოში. მოგზაურობდა საქართველოს რეგიონებში, საზეიმო მიტინგებზე სიტყვით გამოვიდა თბილისში, გურჯაანში, ტყიბულში, ქუთაისში. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ გეზს. ევროპაში დაბრუნების შემდეგ არაერთი სტატია დაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. ჟურნალში „Le Peuple“ გამოაქვეყნა სტატია „პირველი სოციალისტური მთავრობა“, სადაც წერდა „ომის წინა წლებში რომ დასმულიყო საკითხი, თუ სად, ევროპის რომელ ქალაქში შედგებოდა პირველი სოციალისტური მთავრობა, ზოგი დაასახელებდა ლონდონს, სხვები პარიზს, ბერლინს, სტოკჰოლმს ან ბრიუსელს. მაგრამ ვინ იფიქრებდა საქართველოს სატახტო ქალაქ თბილისზე? სწორედ ამ ქალაქში აღიმართა სოციალისტური დროშა და დაიწყო ნამდვილი დემოკრატიული წყობილების მშენებლობა“. აქტიურად უჭერდა მხარს  საქართველოს დე ფაქტოდ და დე იურედ აღიარების პროცესს. მუშაობდა ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ. 1921 წინასიტყვაობა  დაწერა პარიზში გამოცემული  ვლადიმირ ვოიტინსკის წიგნისთვის „ქართული დემოკრატია“. წინასიტყვაობაში აღნიშნავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ მიღწევებსა და ნოე ჟორდანიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის,  გავლენას ქართულ საზოგადოებაზე. 

            საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ემილ ვანდერველდე ევროპელ პოლიტიკოსთა შორის ყველაზე აქტიურად აპროტესტებდა საოკუპაციო რეჟიმს, ეხმარებოდა საქართველოს დევნილ მთავრობას წინააღმდეგობის მოძრაობის წარმართვაში და ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დახმარების მოძიებაში. თანამშრომლობდა და დახმარებას უწევდა ქართულ ემიგრაციას. 1925-1927 წწ-ში იყო ბელგიის სახალხო ჯანდაცვის მინისტრი. ბელგიის სოციალისტური პარტიის   ისტორიის შემსწავლელი ცენტრი 1946 წ-დან ემილ ვანდერველდეს სახელ ატარებს. 

ლიტ.: W. WoytInsky, „La Démocratie Géorgienne”, Bibliothèque d’histoire contemporaine, Paris, Librairie Felix Alcan, 1921. Préface de E. Vandervelde; ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921 წწ), თბ., 1997;  გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №209;  გაზ. „ერთობა“, 1920, №213, №217,  №223,  №219. 

ირაკლი ირემაძე

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates