აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე (1877 - 1924) - გენერალი. თავისი ძმის, მემედ აბაშიძის უახლოესი თანამებრძოლი. XX საუკუნის დასაწყისში აქტიურად იბრძოდა რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში. სამხედრო რაზმს მეთაურობდა 1905-1907 წწ-ის რევოლუციის დროს. ამის გამო იძულებული გახდა, წასულიყო ემიგრაციაში. 1907-1917 წწ-ში ცხოვრობდა თურქეთში, სადაც მიიღო სამხედრო განათლება უმაღლეს სამხედრო სკოლაში.
სამშობლოში დაბრუნდა თებერვლის რევოლუციის შემდეგ. მონაწილეობდა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 მეთაურობდა ქართველ მუსლიმთა შეიარაღებულ რაზმებს. იმავე წელს დაინიშნა სამხედრო სამინისტროს დავალებათა ოფიცრად. მიენიჭა ჯერ პოლკოვნიკობის, ხოლო შემდეგ გენერლობის ჩინი (1918).
1921 წავიდა ემიგრაციაში თურქეთში, საიდანაც ცდილობდა აჭარაში ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებას. ნოემბერ-დეკემბერში მცირე ხნით დაბრუნდა საქართველოში და იმყოფებოდა აჭარაში. იყო სტამბოლის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და აქტიური წევრი. 1924 მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. მოკლეს თურქეთში, სავარაუდოდ, საბჭოთა სპეცსამსახურის (ЧК-ს) აგენტებმა.