• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ახმეტელაშვილი (ახმეტელი) ვლადიმერ

ახმეტელაშვილი (ახმეტელი) ვლადიმერ გიორგის ძე   (10.III.1875, სოფ. ანაგა - 12.VIII.1942, ბერლინი) - სოციალ-დემოკრატი, დამოუკიდებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში. დაიბადა  დეკანოზ გიორგი ახმეტელაშვილის მდიდარ და სტუმართმოყვარე ოჯახში. დაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სკოლაში მიიღო. 1892-1898 წწ-ში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. ერთხანს თბილისში კერძო მასწავლებლობას ეწეოდა. 1899   გერმანიაში ჩავიდა და ლაიფციგში ორი წელი დაჰყო უმაღლეს სავაჭრო სკოლაში. 1901-1904 წწ-ში ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში ეუფლებოდა ეკონომიკის საფუძვლებს. 1904 ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს საშინაო ვაჭრობა“, რომელიც იმავე წელს ჰალეში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა. საქართველოში დაბრუნებული ვ. ახმეტელი, გარდა თავისი სპეციალობისა, საკმაოდ ცნობილი გახდა სამწერლო და ჟურნალისტური მოღვაწეობით. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში „შვარცის" ფსევდონიმით აქვეყნებდა სტატიებს.           

1918  იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. 1919 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად.  აქტიური როლი ითამაშა საქართველოში მეორე ინტერნაციონალის ვიზიტის განხორციელების საქმეში. მჭიდრო კავშირი ჰქონდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ წრეებთან (ბერნშტეინი, კაუცკი).  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველო მრავალმა სახელმწიფომ ცნო, მაგრამ საელჩოების გახსნა მარტო გერმანიამ და იტალიამ მოასწრო. გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვ. ახმეტელი დაინიშნა.  ბერლინში „ბრუკენ ალეეზე" მდებარე საქართველოს საელჩო სულ მალე, ვ. ახმეტელის წყალობით, ქართული კულტურის ცენტრი გახდა. საელჩოში გამართულ ქართულ საღამოებს, სხდომებს, მოხსენებებს სხვადასხვა დარგში გერმანელები და უცხოელები ესწრებოდნენ. ეს დიდად უწყობდა ხელს ქართული კულტურის პროპაგანდას. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული საღამო იყო ნიკო მარის მოხსენება ქართველი ქალის კულტზე საქართველოს ისტორიასა და მწერლობაში, „ვეფხისტყაოსანში". ახმეტელი საქართველოს მთავრობას მუდმივად აწვდიდა ცნობებს გერმანიიდან, წერდა ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე გერმანია-საქართველოს შორის. ახმეტელი ხვდებოდა არა მარტო გერმანიის, არამედ შვეციის, ჩეხოსლოვაკიის, იტალიის და სხვა ქვეყნების ფინანსურ-ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებს, ყიდულობდა და იწერდა სხვადასხვა სფეროში ახალი მიღწევების ამსახველ წიგნებს და უგზავნიდა პარლამენტის საბიბლიოთეკო საქმის კომისიის თავმჯდომარეს                           ე. თაყაიშვილს.                       

            ვ. ახმეტელაშვილი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დარჩა ბერლინში და განაგრძო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა. 1922 წ-ის რაპალოს ხელშეკრულებით გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა, რის გამოც გერმანიაში საქართველოს საელჩო გაუქმდა. ამის მიუხედავად,                            ვ. ახმეტელმა საქართველოს უფლებების დასაცავად ბრძოლა მაინც განაგრძო. 1922 ბერლინში დაარსდა ქართველთა სათვისტომო, რომლის წევრის რანგში ყოფილი ელჩი თავისი კავშირებით დიდ დახმარებას უწევდა ოფიციალური წარმომადგენლობის გარეშე დარჩენილ ქართველებს და ახმაურებდა საქართველოს ოკუპაციის საკითხს. 1923 წ-ის  21-25 მაისს, სოციალ-დემოკრატთა დელეგაციასთან ერთად ვ. ახმეტელი ესწრებოდა მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალის ჰამბურგის კონგრესს. კონგრესმა მიიღო დელეგაციის რეზოლუცია და საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანა მოითხოვა. ვ. ახმეტელი ზრუნავდა როგორც ქართველ ემიგრანტებზე, ასევე გასაბჭოებულ საქართველოში დარჩენილ პატრიოტებზე. მეტეხის ციხეში დატუსაღებული 62 პოლიტიკური პატიმარი რუსეთში გადაასახლეს, სადაც მათ დახვრეტა ელოდათ. ვ. ახმეტელმა ბერლინში მყოფი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა და საბჭოთა ხელისუფლება აიძულა, ქართველი პოლიტპატიმრებისათვის, რომლებიც უკვე რუსეთში იყვნენ გადაგზავნილნი, გერმანიაში წასვლის უფლება მიეცათ. 1929-1933 წწ-ში გერმანიაში ქართველთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ამიტომ 1938 წ-ის ბოლოს გერმანიის ხელისუფლებამ მათთვის, ალექსანდრე აფხაზის ხელმძღვანელობით, „ქართული სათათბირო" დააარსა, რომელიც შემდეგ „კავკასიის სამმართველოდ" გადააკეთეს და სათავეში ვ. ახმეტელი ჩაუყენეს. ვ. ახმეტელი მონაწილეობდა ბერლინის ქართველთა სათვისტომოს კულტურულ ცხოვრებაშიც. 1937 ბერლინელი ქართველების მიერ გადახდილ ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილეზე გ. დიასამიძესთან ერთად მოგონებებით გამოვიდა. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. ემიგრაციაში ვლადიმერ ახმეტელი ოჯახს არ მოჰკიდებია, მთელი სიყვარული ლტოლვილ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე გადაჰქონდა. მეგობრობდა თამარ და აკაკი პაპავების ოჯახთან.  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates